უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ NATO-ს ამჟამად არ აქვს პოლიტიკური ნება უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როცა პოლიტიკური ნება არსებობს და რომ ერთი წლის წინ ფინეთის გაწევრიანების წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.
“ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის შესვლა [ნატოში] შეუძლებელია, გირჩევთ, ფინეთის მაგალითს გადახედოთ. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა. მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკური ნება იყო, ფინეთი მიიღეს ნატოში. ამიტომაც, ყველაფერი შესაძლებელია, როცა არის პოლიტიკური ნება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ ახლა, როგორც ფაქტი, მინდა ვთქვა, რომ ალიანსში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება”, – თქვა კულებამ.
კულება აღნიშნავს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება ომს არ შეაჩერებს, თუმცა მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. მან გაიხსენა 2008 წსლ ბუქარესტის სამიტი და თქვა, რომ ამის შემდეგ ნატო იმეორებს სიტყვებს, რომ უკრაინა წევრი გახდება.
“ბევრი არგუმენტი მოვისმინეთ, ბევრი გამართლება რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ნატოში. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველა ეს არგუმენტი უაზრო იყო. ამიტომ, დროა ვაღიაროთ რეალობა და გავაკეთოთ ეს”, – თქვა კულებამ.