”როგორც ჩანს, პოლონეთი თვალში ეპატარავება ხელისუფლებას და არა მხოლოდ.
40-მილიონიანი პოლონეთი ევროკავშირის გავლენიანი ქვეყნების ტოპ-ხუთეულშია. უკრაინის ომის კონტექსტში, შესაძლოა, მესამეც იყოს გერმანიისა და საფრანგეთის შემდგომ. ამას გარდა, ჩვენი მთავარი ყინულმჭრელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
ჰოდა, ამ ქვეყნის უკლებლივ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი რომ ჩამოდის ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთადერთი თხოვნით – სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი გადმოგვეცით სამკურნალოდო – ამაზე რომ უარს იღებენ, თან სრულიად დამამცირებელი ფორმით, ეს როგორაა? ხელისუფლება გასაგებია რასაც შვრება. აი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ევროპისთვის იბრძვის, მაგრამ ამას მიშათი დაკომპლექსებულობის გამო, მიღმა ატარებს, ეგ როგორაა? ან ის პოლიტიკოსები, “ევროპას შემოვივლით და დავარწმუნებთ, რომ ხალხი იმსახურებს და სტატუსი უნდა მოგვცეთო”, ვინც ამბობს, პოლონეთში რა სასაუბროთი ჩადიხართ? მომაკვდავი სააკაშვილით შეგვიშვით ევროკავშირში, ხალხი ამას იმსახურებსო, ამას ეუბნებით? თუ მამუკა მდინარაძესავით “სააკაშვილის კუჭზე არ გადის ევროპაო”, ეტყვით?
არ დაგავიწყდეთ, რომ პოლონეთის ერთი ხმაც საკმარისია, რომ მილიმეტრით წინ ვერ წავიწიოთ ევროპისკენ. და თუ უარს გვეტყვის პოლონეთი, ამის მორალური უფლებაც ექნება ჩვენი ქვეყნისგან ამდენი დამცირების ფონზე. მთლად მარტო დღევანდელია საკმარისი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიფინგზე სინქრონული თარგმანი არ მისცეს. ცხადია, სრულიად შეგნებულად.
არ დაგვავიწყდეს, რომ მთხოვნელები ჩვენ ვართ და თან არარეალისტურ რამეს ვითხოვთ – მთავრობა რუსული გვყავს, მაგრამ სტატუსი მაინც მოგვეცითო.
ჰოდა, როცა მთხოვნელი ხარ, საპასუხო თხოვნებს (თან სამართლიანს და ჰუმანიტარული შინაარსის) გაგებით უნდა შეხვდე. თუ არა და, მეორე მხარეს შენი გაგება ნამდვილად არ მოეთხოვება.
ჰოდა, ვისაც გინდათ სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური კრიტერიუმებით არ ვიმსახურებთ, აბსტრაქტული კატეგორიებით ჟონგლიორობას შეეშვით და პირდაპირ საქმეზე გადადით: დაეხმარეთ ქვეყანას პოლონეთის 1 ხმის მიღებაში კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტისას – მოითხოვეთ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერი!
P.S – სააკაშვილზე და სტრასბურგზე ვიტყვი 2 სიტყვას: სტრასბურგის სასამართლოს პროგნოზირება უმადური საქმეა. ვიტყვი იმას, რომ ალბათობაც ყველაზე მაღალი მგონია. ვფიქრობ, ვივა-მედიდან მიშას გაყვანის აუცილებლობას სასამართლო დაადგენს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გამიხარდება, თუ ვცდები,”
ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან წერს.