ხარიტონ ჩხარტარაშვილი
1. სად დაიბადე და როდის?
• ვაჟის დაბადების აღსანიშნავად, ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით, ჩემს ოჯახშიც გავარდნილა თოფი და ეს მომხდარა ქალაქ საჩხერეში 1947 წლის 18 იანვარს.
2. რომელი წლიდან დაიწყე ფეხბურთში ვარჯიში და ვინ იყო პირველი მწვრთნელი?
• 1962 წლიდან, შესანიშნავი პიროვნების, მოქალაქის, ყოფილი სპორტსმენისა და მწვრთნელის ისაკ მღებროვის ხელმძღვანელობით.
3. რომელ წელს მიგიწვიეს „მერცხალში“ და ვისი მწვრთნელობის დროს?
• ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ დუბლ შემადგენლობაში ვირიცხებოდი, როცა „მერცხალი“ ჩემით დაინტერესდა. დიდად არც მიყოყმანია, რადგან მეტი პერსპექტივა დავინახე, აქ მეორეობას იქ პირველობა ვარჩიე და 1966 წელს ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გავხდი. მწვრთნელი აწ განსვენებული მიშა გორდელაძე იყო (ნათელი – მის ხსოვნას) – წესიერი, პატიოსანი, განათლებული, ჭეშმარიტი პედაგოგ-აღმზრდელი და ფეხბურთზე უზომოდ, უსაზღვროდ შეყვარებული კაცი.
4. რამდენი წელი ითამაშე „მერცხალში“?
• 8 სტაბილური და დიდად ნაყოფიერი სეზონი. ეს წლები ჩემი სიცოცხლისა და ცხოვრების საუკეთესო ნაწილია, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
5. საფეხბურთო კარიერაში რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
• გიგა ნორაკიძემ და გივი ჩოხელმა. ისინი არა მარტო დიდი აღმზრდელები, არამედ დიდი პიროვნებებიც იყვნენ. ამასთან, გივი ჩოხელი, როგორც სპორტსმენი და საფეხბურთო ამპლუით მცველი, დღემდე კუმირად რჩება ჩემთვის.
6. 1967 წელს გახდი საქართველოს ჩემპიონი, რამაც განაპირობა „მერცხალის“ საკავშირო პირველობის „ბ“ კლასში გადასვლა. გვიამბეთ იმ წლების შესახებ.
• ის წლები „მერცხალის“ დიდების გვირგვინი იყო. სამი წელი „ბ“ კლასში და სამიც – საბჭოთა კავშირის რიგით მეორე ჩემპიონატში!
„ბ“ კლასში ამიერკავკასიის რესპუბლიკების 7-7 გუნდი მონაწილეობდა. ორი წელი პრიზიორები ვიყავით, ერთხელაც გავჩემპიონდით და საკავშიროს მეორე ეშელონში გადავედით. არც იქ შეგვირცხვენია თავი – ღირსეულად წარვადგინეთ საქართველო.
7. 1967 წელს გქონდათ ბომბარდირისთვისაც კი შესაბამისი სეზონი. გაიტანეთ 11 ბურთი და ყველა თავურით. როგორც თქვენი თანაგუნდელი ნოდარ ჩხარტიშვილი იგონებს, თითქმის ყველა კუთხური თქვნი გოლით მთავრდებოდა.
• ის საჩემპიონო სეზონი მართლაც შთამბეჭდავი იყო. რაც შეეხება გოლებს, თავდასხმაში ჩასვლისთვის მხოლოდ მაშინ ვხდებოდი იძულებული, როცა ან ვაგებდით, ან ანგარიში საყაიმო იყო. ამ მდგომარეობას კი „მერცხალი“ ვერასოდეს ეგუებოდა. სხვათაშორის იმდროინდელ წარმატებებში ბატონი ნოდარის წონადი წვლილიც მინდა ავღნიშნო.
• 8. ვის გამოარჩევდით თქვნს დროინდელ „მერცხალში“?
• ყველა გამორჩეული იყო, რადგან „გუნდური თამაშის“ პრინციპის ერთგულება განაპირობებდა ჩვენს ძლიერებას. განსაკუთრებულთა შორის განსაკუთრებულად კი თამამად შემიძლია გალორდ ზუბაშვილის, თამაზ სალუქვაძისა და ანტონ დუმბაძის დასახელება.
• 9. გთხოვთ გაიხსენოთ „მერცხლის“ გულშემატკივრებიც.
• გულშემატკივრები კი არა, ისინი გუნდის მეთორმეტე წევრები იყვნენ. წარმატების დაფასებაც იცოდნენ და წარუმატებლობის შემთხვევაში – შენდობაც.
• არ მახსოვს, გულგრილად მოკიდებოდნენ რომელიმე თამაშს. სტადიონი მუდამ სავსე იყო.უღრმესი მადლობა – მე მათგან დიდად დავალებული ვარ.
10. რა დამოკიდებულება ჰქონდა გუნდთან მაშინდელი რაიონის ხელმძღვანელობას?
– უაღრესად საქმიანი. არ მახსენდება რაიკომის პირველ მდივან ალექსანდრე თოიძესთან და აღმასკომის თავმჯდომარე აკაკი გობრონიძესთან დაყენებული საკითხი, ოპერატიულად რომ არ გადაწყვეტილიყო. ისინი არა მარტო მაღალი რანგის ხელმძღვანელები, არამედ სპორტის ჭეშმარიტი ქომაგები და სპორტსმენთა დამფასებლებიც იყვნენ. ასე, რომ „მერცხლის“ ზეობაში მათი დიდი წვლილიც არის.
11. საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებთან თუ გქონიათ შეხვედრები?
– ოთხჯერ გავეჯიბრეთ ამხანაგურად თბილისის „დინამოს“. აქედან ერთხელ მივაღწიეთ ფრეს), თანასწორად ვეთამაშეთ მოსკოვის სპარტაკს (ფრე), ასევე – „არარატს“, მინიმალური ანგარიშით წავაგეთ ივანოვის, ვორონინის, სტრელტოვის მოსკოვის „ტორპედოსთან“.
12. ქალაქები, სადაც გიწევდათ თამაშები საკავშირო მასშტაბის შეჯიბრებებზე.
– ნოვოროსისკი, პოდოლსკი, ბრიანსკი, კიროვი, ტამბოვი, რიაზანი, კურსკი, არიოლი, ბელგოროდი, სარანსკი, გორკი, რიბინსკი, კოსტრომა, კიშინიოვი, ბელაია კალიტვა, კრასნოდორი, ვორონეჟი, ლიპეტკი…
განსაკუთრებით მაგონდება შეხვედრა ვორონეჟის „ფაკელთან“. ვაგებდით 1:0, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებში დავაქამბექეთ ჩემი ორი თავურით.სწორედ ამ პრინციპული შეხვედრის მოგებაში წვლილის გამო დამაჯილდოვა ნატანების საბჭოთა მეურნეობის დირექტორმა გივი წითლიძემ 1000 მანეთით. მაშინ ეს თანხა დიდი ფული იყო.
13. ვინ წვრთნიდა „მერცხალს“ მეორე ლიგაში?
– საქართველოსა და მის გარეთ მაღალი ავტორიტეტის სპეციალისტი გიგა ნორაკიძე. მისი სურვილი იყო , მე მეკაპიტნა გუნდისათვის მთელი სამი წლის განმავლობაში. ფასდაუდებელია ბატონი გიგას წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში.
14. რამდენი გოლი გაქვთ სულ გატანილი „მერცხალში“?
– ალბათ სამოცდაათამდე. ამპლუით მცველისათვის, მგონი, ეს ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.
15. თანაგუნდელთან გაქვთ თუ არა ვინმესთან ურთიერთობა?
– სამწუხაროდ, მხოლოდ ნოდარ ჩხარტიშვილთან, დანარჩენთაგან ზოგი ცოცხალი აღარ არის, ზოგი საქართველოში აღარ ცხოვრობს, ზოგისიც მისამართი არ ვიცი.
16. თქვენი დროის „მერცხლის“ უმაღლესი მიღწევა.
– საკავშირო პირველობაში მე-2 ადგილი 1972 წელს. სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასვლამდე.
17 დაასახელეთ თქვენი დროის „მერცხლის“ საუკეთესო შემადგენლობა.
• შამილ გორგოშიძე, ზურაბ მარგველაშვილი, ვალოდია ზურაბიშვილი, ანტონ დუმბაძე, იური ურუშაძე, ბადრი თალაკვაძე, ნოდარ ჩხარტიშვილი, ავთანდილ ნინუა, თამაზ სალუქვაძე, ბონდო დუმბაძე. დიდად მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე მეც მომიაზრებს ამ ჩამონათვალში.
18. ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულის შენი ვერსია ქართულ ფეხბურთში…
-. ეს ჩემთვის ძალიან ძნელი შეკითხვაა, რადგან რამდენიმე, ასე ვთქვათ, „თანაბარი წონის“ ვერსია მაქვს. აქედან ერთ-ერთია: გაბელია, ჩოხელი, ხურცილავა, ჩივაძე, ძოძუაშვილი, ყიფიანი, მაჩაიძე სიჭინავა (გიორგი), გუცაევი, მეტრეველი, მესხი.
19. საკავშირო?
• ეს შედარებით იოლია: დასაევი, ძოძუაშვილი, ხურცილავა, შესტურნიოვი, ხინჩაგაშვილი, ვორონინი, ივანოვი, ყიფიანი, მეტრეველი, პონედელნიკი, მესხი.
20. ყველა დროის მსოფლიოს №1?
• უყოყმანოდ მესი, მცირეოდენი ყოყმანით – მესხი (ორივე – როგორც უმაღლესი სასწაულებრივი სპორტული მოვლენა).
21. ორიოდე სიტყვა ოჯახზეც…
• ოზურგეთელია ჩემი მეუღლე ლამარა ხინთიბიძე. სხვა მიზეზებთან ერთად მის გამოც ვთქვი უარი ბევრი გუნდის შემოთავაზებაზე.
მყავს ორი დაოჯახებული ვაჟი – გიორგი და დავითი, მათგან კი – სამი შვილიშვილი.
22. საინტერესოა თქვენი აზრი თანამედროვე ფეხბურთზე.
• მე ჩემდროინდელი, რომანტიკული ფეხბურთის მომხრედ ვრჩები და არა დღევანდელი პრაგმატულის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შედეგებზეა გათვლილი, რისთვისაც ყველაფერი მისაღებია: დამტვრევა, სხეულის დაზიანება, სიმულაცია, გადატვირთვის გამო ფეხბურთელის სიცოცხლის საშიშროებაც კი. გამეხარდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა. მან ეს სავსებით დაიმსახურა.
მაქვს ნოსტალგია მესხის ფინტების გამო. კიდევ კარგი, რომ საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა მისი უმშვენიერესობა დრიბლინგი და ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული, პირველივე სეზონში უკვე იტალიის ჩემპიონი ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაა.
23. და ბოლოს, რას უსურვებდით იუბილარ მერცხალს?
„მერცხალი“ ჩემი არსებობისა და ყოფის სიამაყეა და ამავდროულად – ჩემი გულისტკივილიც.
პირველი იმიტომ, რომ იგი „ჩემი სახლია“, აქ გავატარე ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები.
მეორე – გუნდის ამდროინდელ სავალალო მდგომარეობაში ყოფნის გამო.
ვულოცავ გუნდს, გულშემატკივრებს, მთელს ოზურგეთს საიუბილეო თარიღს. ვუსურვებ და ვისურვებ ძველი დიდების დაბრუნებას. ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ ამას შეძლებთ.
სიცოცხლეში გვიყვარდეს , სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი ლეგენდა ფეხბურთელები