”ნიკა გვარამიას 10 წელია ვიცნობ, მაგრამ ეს ისტორია, რომელსაც ახლა დავწერ, არასოდეს მომიყოლია და მათ შორის ნიკასაც წარმოდგენა არ აქვს.
ჩემი პირველი გადაკვეთა ნიკასთან 2009 წელს შედგა. მაშინ 17 წლის ვიყავი. ნიკა განათლების მინისტრი, დედაჩემი ირინა ინარიძე კი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ნიკა 2009 წელს ოზურგეთში ჩამოვიდა და სკოლას ესტუმრა. დედაჩემს ძალიან უყვარს განათლებული, მიზანდასახული ადამიანები. მართალია სხვა სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ აბიტურიენტი ვიყავი და რა თქმა უნდა ირინამაც შანსი არ გაუშვა ხელიდან და ნიკასთან ჩემი შეხვედრა დააორგანიზა. მაშინ ნიკამ მირჩია, ამერჩია ისეთი პროფესია, რომელიც მთელი ცხოვრება აღმოჩენების გაკეთებაში დამეხმარებოდა და მეც რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ, დავუჯერე.
თსუ-ში საზოგადოებრივი გეოგრაფია ავირჩიე, რომელიც იმ დროისთვის დიდად გავრცელებული არ იყო. მაგრამ მე მაინტერესებდა, იმდენი რამ ვისწავლე, იმდენი რამ ვიცი, იმდენ რამეს ვიყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ყოველდღიურ საქმიანობაში – შედეგად გაგიკვირდებათ და კარგად ვიცი მათემატიკა, თავად გეოგრაფია, კარტოგრაფია, ეკონომიკა, გეოპოლიტიკა, საზოგადოების ქცევა, კვლევის ანალიზი და ა.შ. ნამდვილად არ წავაგე…
შემდეგ ბედის ირონიით, ჩემი ცხოვრება ისევ ნიკას დაუკავშირდა. 2013 წელს რუსთავი 2-ში სტაჟიორად მივედი. ნიკას რა თქმა უნდა წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემი არსებობის შესახებ და არც დედაჩემთან ერთად გადაღებული ეს ფოტო იყო წარმატების წინაპირობა. როდესაც იშვიათად, დერეფანში მხვდებოდა უხერხულად ვწითლდებოდი და გამარჯობის თქმაც კი მერიდებოდა, თუმცა მისალმებას ნიკას ვერავინ დაასწრებდა, მიუხედავად იმისა, გიცნობდა თუ არა. იყო რუსთავი 2-ის ვებგვერდი და სოციალური ქსელი. ბევრი შრომა და თავდადება. ვშრომობდი დღე და ღამე. მუდმივად ახლის ძიებაში ვიყავი, მუდამ განვითარებისკენ მივისწრაფოდი. არასოდეს ვკმაყოფილდებოდი მიღწეულით. ერთ დღესაც, როგორც სჩვევია შუაღამეს, 2014 წელს, ფრენდ რექუესთი მომივიდა. ნიკა მეგობრებში მამატებდა. წარმოუდგენელი ამბავი იყო. დავეთანხე. (!)
– კოტე, ხომ არ გძინავს?
დავიბენი, გავნადგურდი. არც ვიცოდი რა მეპასუხა. მიწა გამისკდა!
– არა, ჯერ არა, ბატონო ნიკა.
მივწერე ეს სისულელე.
– პირველ რიგში ბატონოს ნუ მეძახი, მე ნიკა ვარ და ხვალ ჩემთან გელოდები.
რა თქმა უნდა ღამე თეთრად გავათენე. უამრავი ვერსია მქონდა, რა უნდოდა ნიკა გვარამიას, რომელიც ღამის 3 საათზე მწერდა.
მივედი. სტუმრები ჰყავდა. ველოდე. ნერვიულობისგან უხერხულად ვიშმუშნებოდი და ყველაზე მოულოდნელ მომენტში კარი გააღო და ღიმილით მითხრა: “შენ ხარ ჩვენი ვების კოტე?”
ნიკამ ჩემი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა. ზოგადად არამარტო ჩემი, ყველა თანამშრომლის შესახებ იცოდა. დაფასება და გულისხმიერება მთავარი ღირსებაა, რაც მას გააჩნია. იცნობდა ყველა თანამაშრომელს პირადად, მილიონი ისტორია ვიცი, რამდენს სრულიად უანგაროდ დაეხმარა და რამდენს მორალურად ყველაზე რთულ დროს დაუდგა გვერდით. ასევე, უამრავ ისტორიას გავიხსენებ, როგორ ცუდად გამოიყენეს ადამიანებმა მისი გულისხმიერება.
საერთოდ არ მიცნობდა, მაგრამ მას სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების ჩემზე მეტად, ჩემზე მეტად ხედავდა ჩემში პოტენციალს, ალბათ ცოტა ნიჭსაც და კიდევ ბევრი ალბათ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მე შევძლებდი.
რ2-ის სოციალური ქსელები, იმ დროისთვის სრულიად პირატულად გაბნეული მასალები იუთუბზე, ვებგვერდის განახლების ახალი ესკიზის მოფიქრება და კიდე ათასი ჯანდაბა დამატყდა ერთროულად თავს. დიდად არაფრის ცოდნა არ მქონდა, მაგრამ მქონდა მოტივაცია. ბევრი ვგუგლე თუ ცოტა, რაღაც მაინც გამომივიდა…
შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევა ისევ ნიკას უკავშირდება. 2019 წელს. საერთოდ არ ვიცოდი მთავარი არხის შექმნის იდეა, მაგრამ ნიკას წასვლის მერე რ2-ში მორალურად არ შეიძლებოდა ჩემი გაჩერება. უბრალოდ მეორე დღეს მივედი და მისი კაბინეტიდან სხვა გამოვიდა. ჩემთვის ტრაგედია იყო. დავწერე განცხადება და წამოვედი. არც ვიცოდი სად, როგორ, რანაირად, რას ვიზამდი, დავიკარგებოდი თუ გავაგრძელებდი განვითარებას… არაფერიც არ ვიცოდი.
რამდენიმე დღის შემდეგ კი მივიღე ნიკას მესიჯი.
– კოტე, არაფერს არ გეკითხები. მჭირდები. ჩემთან სახლში გელოდები.
სწორედ მაშინ გავიგე მთავარი არხის იდეა. მაშინ გავაანალიზე, რომ სრულიად არაფრისგან უნდა შემექმნა რაღაც განსაკუთრებული. არც სკამი მქონდა, არც კომპიუტერი. მახსოვს Nodo Chadashvili-მა როგორ მოიპოვა სადღაციდან, რაღაც კომპიუტერის მსგავსი და როგორ გავაკეთეთ მთავარი არხის ფეიჯი, რომელსაც 1 დღეში უკვე 100 ათასი გამომწერი ჰყავდა. ყველაფერი გუშინდელივით მახსოვს, როგორ ვუმატებდით 100 000 გამომწერს ყოველწამს +1-ს და როგორ ვიზრდებოდით, როგორ ვუშვებდით პირველ ვიდეოს იუთუბზე, როგორ განვიხილავდით შორეულ პერსპექტივაში ვებგვერდის შექმნას და კიდევ რამდენი როგორ… ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა. ჩვენ ყველაფერი შევძელით.
ზემოთ კი დაფასება ვახსენე… ჩემს ერთ-ერთ ძველ წერილში დავწერე ამის შესახებ და კვლავ განვმეორდები. ერთ დღესაც ნიკამ მთავარის ჩატში დაწერა: “ბავშვებო, მე ახალი მოადგილე მყავს”. ბუნებრივია ყველა და მათ შორის, მეც დავინტერესდით, ვინ იყო ეს ახალი მოადგილე და ბევრი ინტერესის შემდეგ ნიკა წერს: “კოტე ურუშაძე!”
ემოციების შემდეგ საღამოს დავწერე:
შრომის დაფასება ყველაზე მეტად Nika Gvaramia-მ იცის. დღეს მე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე გავხდი. დიდად არაფრით გამორჩეული, არც ნიჭით, არც ჭკუით, არც გავლენიანი “პატრონით”. ბიჭი, სოფელ ჭანიეთიდან, რომელსაც გაუმართლა და მისი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცეს.
დიახ, ბიჭი ჭანიეთიდან, უდიდესს მადლობას გიხდის ნიკა ყველაფრისთვის. ის ბიჭი, რომელსაც 2009 წელს შეხვდი და ის ბიჭი, რომელიც 2023 წელს მოუთმენლად ელოდება შენს გამოსვლას 212-ე საკნიდან და იცოდე: ეს ბიჭი ჭანიეთიდან, ასევე, მოუთმენლად ელის შენს ტრადიციულ ზარს დილის 5 საათზე მაგიური სიტყვებით: “კოტე, ხომ არ გეძინა?!”
P.S. ეს ფოტო 2009 წელსაა გადაღებული. დედაჩემი და ნიკა.” – წერს სოციალურ ქსელში კოტე ურუშაძე.