გურული ქალები ამერიკის იპოდრომებზე

„1908 წელს ლუკა ჩხატიშვილის მეთაურობით ამერიკისაკენ გამეგზავრა ქართველ ცხენოსანთა გუნდი, რომელშიც შედიოდნენ: ქრისტინე ცინცაძე, ცოლ-ქმარი მარო და ველიკო კვიტაიშვილები, თეიმურაზ და კონსტანტინე ჩხარტიშვილები, იოსებ და ყარამან იმნაძეები, ბათლომე ჯორბენაძე, ხალამპრე პატარაია, ილარიონ ებრალიძე და ბათლომე მშვიდობაძე.
.
რამდენიმე ხნის შემდეგ ნიუ-იორკის საბაჟოს მოხელენი, ნავსადგურის მუშები და სხვა დამხვდურნი განცვიფრებულები შეჰყურებდნენ გაწკეპილ თოფიარაღიან გურულებს, როგორც უცხო სანახაობას. განსაკუთრებულ ინტერესს ორიგინალურად ჩაცმული ქრისტინე და მარო იწვევდნენ, მათი გრძელი კაბები ისე იყო შეკერილი, რომ ამხედრებისას შუაზე იხსნებოდა და ცხენზე ჯდომას ხელს არ უშლიდა, ქვეითად სიარულისას კი ერთდებოდა და მთლიანი ჩანდა. მოვარაყებულ და მოჩუქურთმებულ იარაღში ჩამჯდარ ქალებზე განსაკუთრებული იერიში ფოტორეპორტიორებს მიჰქონდათ. მოზღვავებულ ცნობისმოყვარე ხალხში ქართველები ძვლივს მიიკვლევდნენ გზას.
.
დაბინავებისა და დასვენების შემდეგ ქართველი ცხენოსნები ორა გუნდად გაიყვნენ. პირველი ბუფალო-ბილთან და ფონი-ბილთან დარჩა ნიუ-იორკში საასპარეზოდ, მეორე კი მარო და ველიკო კვიტაიშვილების, ქრისტინე ცინცაძის, თეიმურაზ ჩხარტიშვილის, ხალამპრე პატარაიას შემადგენლობით და კონსტანტინე ჩხარტიშვილის მეთაურობით ცინცინატიში გაემგზავრა ჯან რა-ბუსუნის მიერ მოწყობილ ასპარეზობებში მონაწილეობის მისაღებად.
.
ამერიკის გადაუხურავ ცირკ-იპოდრომებზე ჯირითის დროს მაყურებელს აოცებდა მარო კვიტაიშვილის მიერ სამი გვერდებჩაკრული ცხენის ჭენება და მათზე ჯირითი. დიდ ინტერესს იწვევდა „ცალი ფეხის ყაბარდული“, მაკრატელა, მხარყირა და დგომი. მარო კვიტაიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გამოსვლებსა და პანტომიმებში. ვინ მოსთვლის რამდენჯერ დაღუპვია გაჭენებული ცხენი, თვით რამდენჯერ გადარჩენია სიკვდილს. საუკეთესო ოსტატობისათვის მარო კვიტაიშვილი ასპარეზობის ერთერთმა ორგანიზატორმა ალი რიგნელ-ბროდამ ბრილიანტის თვლიანი ბეჭედით დააჯილდოვა.“
.
„უცხოეთში მორიგი გამგზავრებისას ველიკო კვიტაიშვილმა მეუღლესთან ერთად თან წაიყვანა მისი ცოლისდა ბარბარე, რომელიც თავის უფროს დას მაროს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ცხენოსნობაში. ბარბარე წარმატებით გამოდიოდა ამერიკის მთელ რიგ ქალაქებში. მოხდა ისე, რომ მან თავისი ბედი დაუკავშირა თანაგუნდელ იმნაძეს და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად.
.
მარო ზაქარეიშვილი-კვიტაიშვილისა დღესაც მხნედ გამოიყურება, ლანჩხუთში ცხოვრობს, საკოლმეურნეო შრომაშია ჩაბმული და შვილებსა და შვილიშვილებში ხარობს. მიუხედავად ხანდაზმულობისა იგი მზადაა კვალვ იჯირითოს სამ ცხენზე ერთად.“
.
ამირან ცამციშვილის „უცხოეთის იპოდრომებზე“ 1959 წელი (ფრაგმენტები)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share