კინოში მომუშავე ადამიანები შიშობენ, რომ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია სისტემას ჩაკეტილს გახდის. რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილითაც მიმართა: “დაუშვებელია წარმატებული სისტემური ინსტიტუციის რეორგანიზაცია! ეს მხოლოდ მის ნგრევას გამოიწვევს! პროფესიულად მომუშავე ინსტიტუციას გაფრთხილება და ხელშეწყობა სჭირდება. ასეთი ინსტიტუციები ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საყრდენია. დიდი საშიშროებაა, რომ კინოცენტრის საქმიანობაში არაპროფესიონალების უხეში ჩარევის გამო დაზიანდეს და კინოცენტრი, როგორც ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს ქართული კინოს სახელმწიფო პოლიტიკას და ქვეყანაში ერთადერთი კინოფონდია, დაინგრეს. ისტორია ამას არავის აპატიებს”.
“კინო თავისუფალი უნდა იყოს!”
დიტო ცინცაძე, რეჟისორი: – კინო თავისუფალი უნდა იყოს! კინოს ბედი კინოსექტორმა, რეჟისორებმა, სცენარისტებმა და იმ პირებმა, უნდა გადაწყვიტონ, ვინც ამ საქმეს ემსახურება. სამინისტროს უნდა ეყოს მოთმინება და გამჭრიახობა, რომ დაჯდეს კინორეჟისორებთან. იმაზე საუბარი, რომ ქართულ კინოს პრობლემები აქვს, სისულელეა. დღევანდელი ახალგაზრდული კინო აღმავლობაშია და ხელს ნუ შეუშლიან!
“როგორ შეიძლება ასე ჩუმად მიიღონ გადაწყვეტილება”
ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი, სცენარისტი: – დიდი ხანია, ვხედავ კულტურის დამონებისა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის მოსპობის საფრთხეს. ვინც კი პროფესიონალია, ნიჭიერი და განათლებულია, ყველა გარბის ქვეყნიდან, რადგან საკუთარ ქვეყანაში ვერ ხედავს თავისი ნიჭისა და პოტენციალის გამოყენების საშუალებას. ნიჭსა და პროფესიონალიზმს დაფასება არა აქვს. როგორ შეიძლება, არც ჩვენი აზრი გაიგონ და არც თავიანთი მოსაზრება გვითხრან. როგორ შეიძლება ასე ჩუმად, დახურულ კარს მიღმა მიიღონ გადაწყვეტილება და მერე მისი აღსრულება მოითხოვონ. არაფრად ჩააგდონ ის ხალხი, რომელიც ქმნის ქართულ კინოს და რომლითაც ასე ვამაყობთ.
“ეს ასე არ დამთავრდება!”
ქეთი დოლიძე, რეჟისორი: – რეფორმები რომ საჭიროა, არავინ უარყოფს. მაგრამ ამას სჭირდება შეკრება, საუბარი. არ შეიძლება გაიგონ ჩვენი აზრიც? ეს ასე არ დამთავრდება! აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცამ თითი მიქნიოს, როცა ამ საქმის არაფერი გაეგება. თუ ასეთი ამბავი ხდებოდა, დავილაპარაკოთ. დაგვილაგე ის შეცდომები, რაც აქვთ ჩემს კოლეგებს. მთელმა კინემატოგრაფმა რა დააშავა? მოდიხარ და ასე პირდაპირ ნაჯახს გვირტყამ, ეს როგორ შეიძლება? ჯერ კიდევ ცოცხალი ვართ ის ხალხი, ვისაც ორიოდე სიტყვა გვეთქმის ქართულ კინოში.
“აშკარაა კინოს დამორჩილების სურვილი”
გიორგი შველიძე, კინოოპერატორი: – კინოცენტრის “რეორგანიზაციის”“ შემდეგ, ჩვენ შეიძლება დაგვრჩეს მოთვინიერებული, შეკვეთილი და პროპაგანდისტული კინო. უკვე აშკარაა კინოს დამორჩილების სურვილიც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – თანამიმდევრულს, უკომპრომისოსა და სოლიდურს.
“ეს პროცესი პოლიტიკური მიზნებით არის ნასაზრდოები”
გიორგი სავანელი, რეჟისორი: – კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები სამწუხარო გაგრძელებაა იმ პროცესისა, რაც ქალბატონმა მინისტრმა დანიშვნისთანავე დაიწყო ეროვნული მუზეუმის ქსელში, რაც მოინდომა მწერალთა სახლში და ახლა მისი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლას ელოდება, რომ ბოლომდე მიიყვანოს “ჩანაფიქრი”. ეს მისი ერთიანი ანტიკულტურული ანტიპოლიტიკის ნაწილია – ერთპიროვნულად მართოს სფერო. ამისათვის მორჩილი კადრები სჭირდება, რომლებიც მის სურვილებს შეასრულებენ. მან ხომ დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ “დაინტერესდებოდა მის სფეროში მოქმედი ყველა პიროვნებით, ვის რა პიროვნული პოზიციების აქვს და რატომ”. მთელი ეს პროცესი პოლიტიკური მიზნებით არის ნასაზრდოები. ქართული კინო დღეს ზუსტად რეფლექსირებს დღევანდელობაზე, ხშირად ძალიან თამამადაც. სწორედ ეს არ მოსწონს ხელისუფლებას, რომლისთვისაც თავისუფლება არ წარმოადგენს ღირებულებას, მათ შორის არც შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც დღითი დღე მეტად ემსგავსება რეჟიმს. მთავარი ის არის, რომ ეს სისტემის პრობლემაა და არა ერთი კონკრეტული მინისტრის, რომლის შეცვლით არც არაფერი გაუმჯობესდება, სანამ მთლიანად სისტემა არ გაჯანსაღდება.
“საბჭოთა კავშირის დროს დასრულდა. ძველს ვეღარ დააბრუნებ”
ნუცა კუხიანიძე, მსახიობი: – უკვე გაჩნდა მოსაზრებები, ასეთი კინო უნდა გადავიღოთ თუ ისეთი. თამაშობენ მოსახლეობის ნოსტალგიურ შეგრძნებებზე. აღარასოდეს იქნება იმ ფორმის კინო, რომელიც თუნდაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ის დრო დამთავრდა, ძველს ვეღარ დააბრუნებ, ხელოვნებას ვერ დააკონსერვებ. ნუ ჰგონია ხელისუფლებას, რომ შეძლებს თავისუფალი ნების გამოხატვის დახშობას იმ მტკიცებულებების განადგურებით, რომლებიც ადასტურებს, რომ ის არსებობდა. იდეები არ გაქრება, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოლებენ.
კვირის პალიტრა