გავრცელებული ინფორმაციით არჩილ თალაკვაძის “მარჯვენა ხელი” შსს რიგებიდან გამოაძევეს

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ოზურგეთის არაფორმალური მმართველის, არჩილ თალაკვაძის “მარჯვენა ხელი”, შსს მაღალჩინოსანი, დათუნა გოლიაძე, შსს რიგებიდან გამოაძევეს.

შსს ოფიციალურად – თუ რატომ დაითხოვეს სისტემიდან გოლიაძე, ან დაითხოვეს თუ არა-კომენტარს არ აკეთებს.

ინფორმაციას არაოფიციალურად ადგილობრივ პოლიციაში ადასტურებენ.

გოლიაძის უწყებიდან გამოძევება დაადასტურა, ასევე არაოფიციალურად, მისმა გარემოცვამ, თუმცა მიზეზებზე, არავინ არ საუბრობს.

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი, გოლიაძის სისტემიდან გაგდება, შსს მაღალჩინოსანზე, გურიის სამაშველო დეპარტამენტის უფროსზე, მერაბ ჭანიყვაძეზე განხორციელებული თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა.

გასული წლის ნოემბერში, დათუნა გოლიაძე, მის სიძესთან, კოტე შევარდნაძესთან და რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან ერთად, თავს დაესხა სამაშველო დეპარტამენტის უფროსს და უმოწყალოდ სცემა.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, რომელიც შსს მაღალჩინოსნის სახლის წინ – ქალაქ ოზურგეთი, ნინოშვილის ქუჩა-მოხდა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, უშუალოდ თვალს, ოზურგეთის მოქმედი მერი, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე ადევნებდა.

წყაროს ინფორმაციით, გოლიაძემ და შევარდნაძემ, ჭანუყვაძე სპეციალურად მიიყვანეს იმ სახლის წინ სადაც მერი იმყოფებოდა, რომ ამ უკანასკნელს უშუალოდ ედევნებინა თვალი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის.

ინცინდენტს წინ უძღოდა, ერთი დღით ადრე, ერთ ერთი ცნობილი ოზურგეთელის დაბადების დღეზე მომხდარი ინცინდენტი, რომლის დროსაც შემოქმედელი ეპისკოპოსის გვერდში მჯდომ ოზურგეთის მერს, ნასვამი სამაშველო სამსახურის უფროსი მიუახლოვდა და მუცლის არეში ხელი “მოუჭირა”.

თვითმხილველთა თქმით, ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა თალაკვაძისათვის, რომ ამ უკანასკნელმა “გოჭის ჭამა” შეწყვიტა.

მანამდე კი, ამ დაპირისპირებას, წინ, გურიის მაჟორიტარის, ვასილ ჩიგოგიძის, რომელთანაცაა დაახლოებული მერაბ ჭანუყვაძე, და პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის დაპირისპირება უძღოდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიგოგიძე და თალაკვაძე ერთმანეთს ოზურგეთის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი 100 მილიონის გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამ ორ, ადგილობრივ “გიგანტს” შორის დაპირისპირება დღემდე გრძელდება.

იმავე თემაზე

არჩილ თალაკვაძის გარემოცვამ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი სასტიკად სცემა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად საპარლამენტო უმრავლეოსობის ერთ ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის გარემოცვამ, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე სასტიკად სცემა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ ერთმა თვითმხილველმა აცნობა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე. ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის (რომელიც არჩილ თალაკვაძის ძმაა) მოადგილის, ნათია გოლიაძის საცხოვრებელი სახლის ახლოს, გუშინ, დღისით მოხდა.

როგორც წყარო გვიყვება, მერაბ ჭანუყვაძე ე.წ. “სტრელკაზე” გოლიაძეების სახლთან, კოტე შევარდნაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილის, ნათია გოლიაძის ქმარმა  დაიბარა.

ადგილზე მისულ ჭანუყვაძეს შევარდნაძესთან ერთად, არჩილ თალაკვაძის მეგობარი, კოტე შევარდნაძის ცოლის ძმა, დათუნა გოლიაძე, ძმები კვერღელიძეები და რამდენიმე, არჩილ თალაკვაძის კონტროლირებადი ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტი” დახვდა.

აღსანიშნავია, რომ გოლიაძეების სახლში მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე ცხოვრობს, თავად არჩილ თალაკვაძე კი, ოზურგეთში ყოფნისას, თვითონაც მისი მეგობრის სახლში ჩერდება ხოლმე.

ჩვენთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა “საქმის გარჩევაზე” თავად ოზურგეთის მერი.

მერაბ ჭანუყვაძეს დამხვდურები პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

შევარდნაძის მხარე ამტკიცებდა, რომ ჭანუყვაძემ მას, წინა დღით, ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის დაბადების დღეზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუცელზე უხერხულად შეეხო.

საბოლოო ჯამში “საქმის გარჩევა” ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მსუბუქად.

როგორც გვეუბნებიან, თავად ჭანუყვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა,  პოლიციელებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადგილი კრიმინალური ავტორიტეტების მოთხოვნით, ოზურგეთის პოლიციის უფროსმა, გიორგი შარაშენიძემ დაატოვებინა.

ექსკლუზივი-რატომ სცემეს ერთმანეთი ოზურგეთის მერმა და გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა

გურია სერიოზული დაპირისპირებების ზღვართან – ვინ დაეუფლება „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოყოფილ 50 მილიონ (50,000,000) ლარს.

რამდენიმე დღის წინ „გურიის მოამბე“ იმ ინცინდენტის შესახებ წერდა, როცა ერთმანეთს, ფიზიკურად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე, თავის გარემოცვასთან ერთად, და ოზურგეთის მერის მოადგილის ძმა, დათუნა გოლიაძე (არჩილ თალაკვაძის გარემოცვა) და ქმარი, კოტე შევარდნაძე, დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღეს, მერაბ ჭანუყვაძემ, კოტე შევარდნაძემ, მსუბუქად დაშავდნენ დათუნა გოლიაძე და რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც ამ საქმის გარჩევას ესწრებოდნენ.

ინცინდენტი წინადღით, ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის, გია ზაქარიაძის დაბადების დღეზე მოხდა.

კონკრეტულად, ქეიფის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მერაბ ჭანუყვაძე მიეჭრა სუფრაზე მჯდომ ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს და ამ უკანასკნელს, მუცლის არეში ხელი მტკივნეულად მოუჭირა.

თვითმხილველთა მონათხრობით, ეს „ქმედება“ იმდენად მტკივნეული იყო, რომ ავთანდილ თალაკვაძემ სასოწარკვეთილებისაგან ყვირილი დაიწყო.

მომხდარმა პირველი კოტე შევარდნაძე აღაშფოთა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რაც მეორე დღეს, უკვე ყველასათვის ცნობილი ამბით გაგრძელდა.

სინამდვილეში ჭანუყვაძეებსა და თალაკვაძეებს შორის დაპირისპირება ამ დაბადების დღეზე არ დაწყებულა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ორ კლანს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 25 ნოემბერს დაიწყო-როცა ცნობილი გახდა, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 50 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერით გათვალისწინებულია „პროგრამა „მშენებლობის განვადებით“ – ის ფარგლებში „ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის, ასევე დაბა ურეკისათვის ორი ჭაბურღილის მოწყობის პროექტირება – მშენებლობის“ სახელმწიფო შესყიდვა.

როგორც ზემოთ ვწერდით „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ საქმეზე 50,000,000 ტენდერი 25 ნოემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 24 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება.

ესეიგი მიმდინარე წლის ბოლოს, საახალწლოდ გვეცოდინება ვინ დაეუფლება 50 მილიონ ლარს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მერის არჩევნების წინ, მერაბ ჭანუყვაძის დაჯგუფებამ ავთანდილ თალაკვაძეს არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, რამდენიმე პირობა წაუყენა, პირველი, სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობა, მეორე ოზურგეთის წყალკანალის დირექტორის თანამდებობა, და მესამე ა(ა)იპ „სატისის“ – სოფლების წყალგაყვანილობის სამსახური – ხელმძღვანელობა.

ვინაიდან ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებაში ლომის წილი თუ არა გადამწყვეტი – მერაბ ჭანუყვაძის ფაქტორი იყო, მას ყველა პირობა შეუსრულეს – პირველის დირექტორი თვითონ გახდა, მეორეს შალვა კონჯარია და მესამეს ბუკა ჩხარტიშვილი. მეტიც, მთელი რიგი სოფლის გამგებლებისა, ჭანუყვაძის კვოტთ დაინიშნენ-მათ შორის მერიისა და ნატანების გამგებლები.

„დაახლოებით გასული თვის მიწურულს, მერაბ ჭანუყვაძე შეხვდა ავთანდილ თალაკვაძეს და უთხრა, რომ ვინაიდან შეთანხმებისამებრ, ეს სისტემა მას აქვს ჩაბარებული, ქალაქისა და სოფლის წყლის სისტემები, ეს ტენდერიც მას ეკუთვნის – თუმცა თალაკვაძემ მას აუხსნა რომ ტენდერში კოტე შევარდნაძის კომპანია გაიმარჯვებს და ეს „ზემოთ“ უკვე გადაწყვეტილია. ამას ჭანუყვაძის მხრიდან აღშფოთება მოყვა და მოხდა დაპირისპირება, საქმის გარჩევა დაახლოებით სამჯერ იყო, დაბადების დღეზე მომხდარი ინცინდენტი ეს უკვე ამის შემდეგაა, რადგან თალაკვაძეებმა დაიწყეს ჭანუყვაძის მკვეთრად შევიწროება, დააკავეს მერიის გამგებელი, აპირებენ დააკავონ ნატანების გამგებელი, იგეგმება შალვა კონჯარიასა და ბუკა ჩხარტიშვილის განთავისუფლება და შესაძლო დაკავება, ასევე ზეწოლებია საკრებულოში გელა აროშიძეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თალაკვაძეები უკან არ დაიხევენ და 50 მილინი ის თანხაა, რომლის გამოც თვითონ ჭანუყვაძესაც დაიჭერენ და მის ძმასაც, საინტერესოა, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, მომავალ წელს კიდევ აპირებს დამატებით 50 მილიონიანი ტენდერის გამოცხადებას, 100 მილიონი კი ამ დაპირისპირების სისხლიან გარჩევებში გადაზრდის პერსპექტივას რეალურს ხდის“ – გვეუბნება წყარო.

ეს წერილი მზად იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, შალვა კონჯარიას, ოზურგეთის წყალკანალის დირექტორობიდან გადაყენების შესახებ, ასევე რამდენიმე კვირაა გამქრალია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძე, ნატანებში, არჩილ თალაკვაძის მომხრეებმა დაიწყეს მოძრაობა ადგილობრივი გამგებლის გადაყენების მოთხოვნით – ყველა ესენი ჭანუყვაძის დაჯგუფებიდან არიან.

თუ ამ მოვლენებს გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ არჩილ თალაკვაძე წინასაახალწლოდ 50 მილიონიანი ტენდერის ფაქტიური გამარჯვებული გახდება და ეს კოტე შევარდნაძესთან აფილირებული კომპანიის საშუალებით მოხდება.

ჩვენ შევეცადეთ კოტე შევარდნაძესთან დაკავშირებას, თუმცა გვითხრეს, რომ ის მეზობელ თურქეთში-იხვებზე სანადიროდ გაემგზავრა.

ჩვენს ზარებს ძმებმა თალაკვაძეებმა, ისევე როგორც ძმებმა ჭანუყვაძეებმა არ უპასუხეს.

(გაგრძელება იქნება)

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share