საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
ამის შესახებ მღებრიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.
მღებრიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ან 112-ს და გადაამოწმონ ინფორმაცია ახლობლების ადგილმდებარეობის შესახებ.
“150-მდე ადამიანია უსაფრთხო ადგილას ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ადამიანები ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება ოჯახის წევრების მიერ, შესაძლოა, მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და შესაბამისად, მოვუწოდებთ, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობლებს, დაგვიკავშირდეს შტაბში ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს ზარი” – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, დღეს სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 70-მდე ადამიანი. ვერტმფრენით ადამიანების გამოყვანა ამ დროისთვის შეწყვეტილია და დილით განახლდება, ხოლო სტიქიის ზონაში მყოფი 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან და მათი ვერტმფრენით გადმოყვანა ხვალ იგეგმება.
“ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება და მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ამ ინფორმაციის გაფილტვრას, გადამოწმებას” – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
თემურ მღებრიშვილის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება საჭირო არ არის.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.