როგორ უდგებიან ადგილობრივი ჩინოვნიკები მეზობლურ დავას რომელიც შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს

რა სიკეთეები უნდა მისცეს საზოგადოებას ადგილობრივმა ხელისუფლებამ – რომელსაც ერთი მეზობლური დავაც კი ვერ მოუგვარებია, მეტიც, ოზურგეთის მერიას, სურვილიც კი არ გასჩენია დაინტერესებულიყო, რეალურად რა ხდება ქალაქ ოზურგეთში, ბარათაშვილის ქუჩაზე.

არადა, ამ ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, ნინო პატარავა წლებია, ოზურგეთის მერიაში, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად დადის, იმის ნაცვლად რომ ვინმე დაინტერესდეს და მას მოუსმინოს, ქალბატონს უწყებიდან უწყებაში ამისამართებენ, მერიის იურიდიული სამსახური მუნიციპალურ ინსპექციაში აგზავნის, მუნიციპალური ინსპექცია გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში, ეს უკანასკნელი ისევ მერიაში, ოზურგეთის მერი კი მოქალაქეს თვეებია პირდება, რომ მას აუცილებლად შეხვდება – ოღონდ „თბილისიდან რომ ჩამოვა მერე“.. თუმცა უკვე წელიწადზე მეტია ავთანდილ თალაკვაძე „თბილისიდან არ ჩამოსულა“

„მოქალაქე შ. გ-ძე მუდმივად აგრძელებს სიცოცხლისათვის საშიშ ქმედებებს.

ჩემი სახლის და ეზოს სიგრძეში ყრის ფუნა-ფეკალიების ნარევს. არის გაუსაძლისი სუნი, მისი სათბური არის ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს. წვიმის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისია, საკანალიზაციო ლუქი მუდმივად ღიაა, მომრავლებულია მწერები და ქვეწარმავლები, გვაქვს უამრავიო ფოტო და ვიდეომტკიცებულება რომ გამოყენებული და უკვე უსარგებლო მასალა ჩემს ღობესთანაა.

მძიმე და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო გთხოვთ მოახდინოთ სათანადო რეაგირება“ – წერს თავის პირველ განცხადებას ნინო პატარავა, ოზურგეთის მერის სახელზე.

„თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოქალაქე შ. გ-ძეს, მიეცა გონივრული ვადა, წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოქმედი სათბურის საპროექტო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობით“

ასე პასუხობს ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე, პატარავას განცხადებას. თითქოსდა, პატარავა დოკუმენტაციის მოწესრიგებას ითხოვდა.

“თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, თქვენს განცხადებაში მოყვანილი საკითხი, გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონალური სამმართველოს მესამე განყოფილებას შემდგომი რეაგირებისათვის“ – პასუხობს მოქალაქეს გენადი კიშინსკი, ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორი.

რატომ ჩართო მერიამ კიშინსკის უწყება, ან კიშინსკი რა უფლებამოსილებით ამისამართებს ხვა უწყებაში, ანუ იგერიებს მოქალაქეს, ესეც გაუგებარია.

„გაცნობებთ, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, ეზოს დათვალიერებით დადგინდა, რომ მოქალაქეს საკუთარი ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილი აქვს სათბური, სადაც პირადი მოხმარების მიზნით აწარმოებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის მოშენებას, სათბურში პერიოდულად ახორციელებს მცენარეების დამუშავებას, და ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელის შეტანას, მოქმედი კანონმდებლობით ტერიტორიის ნარჩენებით დანაგვიანება არ დაფიქსირებულა“

ეს უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხია, რომელმაც განცხადებაში მოყვანილ პრობლემებზე პასუხი, მოქალაქეს, ვიზუალური დათვალიერებით გასცა, არანაირი კვლევა, არანაირი ქმედითი ღონისძიებები, უბრალოდ „კარგად იყავით, სად გვცალია თქვენთვის, აგერ ქვიშა ხრეშში მილიონებს ვაკეთებთო“-არ დაუწერიათ პასუხში, მაგრამ „ეს რომ ასეა“ პასუხის ერთი თვალის გადავლებითაც, ნათლად სჩანს.

მოკლედ არ დანებდა შეწუხებული მოქალაქე და თვეების ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ოზურგეთში მყოფ, მოქმედ მერს, ამ უკანასკნელის მისაღებში მაშინ შეხვდა, როცა ფუნქციონერი კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯებით სადღაც გარბოდა:

„ქალბატონო! აუცილებლად გნახავთ თბილისიდან რომ დავბრუნდები მერე“ მომაძახა მერმა და მას მერე თვეებია მასთან შეხვედრას ამაოდ ვცდილობ“ – იხსენებს ჩვენთან საუბარში, ავთანდილ თალაკვაძესთან პირველ და უკანასკნელ შეხვედრას – ნინო პატარავა.

ხშირად ისმევა კითხვა, რა იწვევს მეზობლური დაპირისპირების ესკალაციას, რატომ სრულდება ის ხშირ შემთხვევაში დრამატულად?

ერთი შეხედვით სახეზეა კონფლიქტი, რომელიც სავსებით შესაძლებელია მარტივად გადაიჭრას-ურთიერთ მოლაპარაკების ნიადაგზე, „გაერო“ და „ნატო“ ხომ არ უნდა ჩაერთოს, რომ მხარეები რაღაც ეტაპზე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და სიტუაციის განმუხტვის გზები დასახონ?

რატომ ვერ ასრულებს თვითმმართველოიბა თავის ფუნქციას?

მაინცადამაინც „ვიღაცამ“ თბილისიდან უნდა დარეკოს, რომ რომელიღაცა ჩინოვნიკმა „ერთი ადგილი“ აწიოს და მეზობლებს დაელაპარაკოს?

თუ უნდა დაველოდოთ როდის „დახოცავენ ერთმანეთს“ მოქალაქეები? შემდეგ რომ „შეწუხებული სახით“ გამოვთქვათ „მწუხარება“ „მომხდარის გამო“.

ბოლოს და ბოლოს დაბრუნდება მერი თბილისიდან? პრობლემის მოგვარებას თავი დავანებოთ, რომ მოუსმინოს მაინც შეწუხებულ ადამიანებს.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share