ოზურგეთში ბათუმისაკენ მოძრავი საგარეუბნო მატარებლის გასვლის დროს აპროტესტებენ და მის შეცვლას მოითხოვენ.
გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში თვლიან, რომ ასეთი გრაფიკის გამო ეს მარშრუტი სრულიად უსარგებლოა და არანაირი დატვირთვა მას არა აქვს.
როგორც “გურიის მოამბეს” ამ საკითხით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნა მატარებლის გრაფიკის შეცვლა და მისი ოზურგეთიდან გასვლის დროის – დილის 6 საათიდან, მინიმუმ დილის რვა საათამდე (როგორც პანდემიამდე იყო) გადმოტანაა.
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თორნიკე გოგუაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება, ბათუმი ოზურგეთის საგარეუბნო მატარებლის მარშრუტის აღდგენაზე – თუ გავითვალისწინებთ მისი მოძრაობის დაწყების გრაფიკს – ხალხის დაცინვაა:
“როგორც ვიცით კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა ოზურგეთიდან ბათუმის (და პირიქით) მიმართულებით შეწყდა, პანდემიის დასრულებისთანავე, მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, რომ ეს მარშრუტი აღდგენილიყო, თითქოს ხელისუფლებამ შეისმინა ხალხის მოთხოვნა და მოძრაობა ამ მიმართულებაზე აღადგინა, მაგრამ რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, კიდეც აღადგინა და კიდეც არ აღადგინა-ვინაიდან ოზურგეთიდან მატარებელი ბათუმის მიმართულებით დილის 6 საათზე გადის და ამიხსენით ახლა, დილის 6 საათზე ოზურგეთის რკინიგზის სადგურში რომელი გლეხი (ამ მატარებლით, როგორც იაფფასიანი სამგაზვრო საშუალებით ძირითადად გლეხები სარგებლობდნენ) შეძლებს მისვლას? ამიტომაა რომ ეს მატარებელი ყოველთვის ცარიელი, მგზავრების გარეშე დადის. ანუ მივიღეთ სიტუაცია, რომ ხელისუფლებამ თითქოს მოსახლეობის ნება გაითვალისწინა, მაგრამ ტრადიციას არ უღალატა და კიდევ ერთ დიდ ტყუილში აღმოვჩნდით. არ მიყვარს “ჟარგონის” ენაზე საუბარი, მაგრამ ამ სიტუაციას აკვდება გამოთქმა – “მთავრობა გვეკაიფება” – გვითხრა გოგუაძემ ამ საკითხის კომენტირებისას.
გოგუაძე თითქმის ერთადერთია ოზურგეთის საკრებულოს დეპუტაციიდან, რომელიც ამ თემაზე წლებია მუშაობს და მოსახლეობის ინტერესებს ლობირებს რკინიგზის დეპარტამენტში, თუმცა – მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ – მივიღეთ სიტუაცია, როცა ოზურგეთი-ბათუმის საგარეუბნო მატარებელი “არსებობს, მაგრამ არ არსებობს”.
მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს რკინიგზამ, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით განაახლა.
ყოველდღიურად, მატარებელი ოზურგეთიდან დილის 6 საათზე გადის, ბათუმიდან კი 21 საათზე გამოდის და ოზურგეთში გვიან ღამით 23 საათზე შემოდის.
როგორც ოზურგეთის რკინიგზის სადგურიდან გვატყობინებენ, თითოეულ რეისზე საშუალოდ 1,5 – 2 ბილეთი იყიდება.
ბათუმი-ოზურგეთი
ოზურგეთიდან მატარებელი გავა დილის 06:10 საათზე, ბათუმში ჩასვლის დროა 08:16 საათი.
ბათუმიდან მატარებელი გამოვა საღამოს 20:55 წუთზე, ოზურგეთში ჩამო სვლის დროა 23:00 საათი.
ბათუმი-ოზურგეთის მიმართულებით საგარეუბნო მატარებლით მგზავრობის ფასი 80 თეთრი იქნება. ხოლო თუ კი მგზავრი მატარებელში ავა შუალედური სადგურიდან – 50 თეთრი.
ბათუმიდან საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას, 2020 წელს შეჩერდა და მხოლოდ მიმდინარე, 2022 წელს, განახლდა.