თორნიკე გოგუაძე-ოზურგეთის მერიის დამოკიდებულება ქალაქში პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებით კრიტიკას ვერ უძლებს

‘წლებია ქალაქ ოზურგეთში მოუგვარებელი და ქაოტურია ავტომობილების პარკირება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ აგვისტოს, საკრებულოში მივიღეთ გადაწყვეტილება – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის“ შესახებ – დღემდე ოზურგეთის მერიის მხრიდან ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

ამის შესახებ „გურიის მოამბესთან“ საუბარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თორნიკე გოგუაძემ, განაცხადა.

„დარღვევები იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს,

ამჯერად, მაგალითისათვის ავიღოთ საფასურის გადახდის წესი. ამ დადგენილების შესაბამისად, პარკირების ადგილზე პარკირების სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, ან მესაკუთრემ საფასური უნდა გადაიხადოს და საჭიროების შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს მის მიერ საფასურის გადახდა.

პარკირების საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) პარკირების ტალონის შეძენით;

ბ) სწრაფი გადახდის აპარატისგამოყენებით;

გ) პარკომატის საშუალებით;

დ) საბანკო ტრანზაქციით;

ე) ელექტრონული გადახდის სხვა საშუალებებით;

მიუხედავად დადგენილი წესისა, არცერთი ეს წესი დღეს არ მუშაობს და შესაბამისი სამსახურები მოსახლეობისაგან მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით იღებენ თანხას.

არ მინდა შორს წავიდე და ვარაუდის დონეზე გავაკეთო განცხადებები, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეს „ნაღდი ანგარიშსწორება“ ბევრ კითხვას აჩენს და გარდა იმისა, რომ აზარალებს ერთის მხრივ მძღოლებს თუ მეპატრონეებს, რომლებსაც ყველა გაჩერებაზე უწევთ საფასურის გაღება, მეორეს მხრივ ქმნის პარკირების პრობლემას ქალაქში, ასევე ქმნის დიდ კორუფციულ რისკებს, რადგან შეუძლებელია აღრიცხვა, დადგენა შემოსული თანხების, ანუ პარკირების მსურველთა ოდენობის, რაც შესაბამისად გამოორიცხაბს ანალ;იზის შესაძლებლობას, მდგომარეობის შემდგომი გამოსწორების მიზნით, ასევე აჩენს კითხვებს-თუ სად მიდის ეს აკუმულირებული თანხები და რამდენად სწორად და კანონიერად ხდება მისი ამოღება“ – ამბობს გოგუაძე.

მისივე თქმით, როცა სახეზეა საკრებულოს დადგენილება, როცა ასევე გვაქვს სხვა ქალაქების გამოცდილება იგივე პრობლემასთან ბრძოლაში-გაუგებარია ოზურგეთის მერიის ინერტყლობა თუ გულგრილობა ამ მიმართულებით:

„ის ფაქტი რომ იგნორირებულია საკრებულოს დადგენილება გადახდის ფორმებთან დაკავშირებით, მძღოლებს არ შეუძლიათ აიღონ ერთ დღიანი, ერთ თვიანი, ნახევარ წლიანი და ასე შემდეგ აბონემენტები, ამიტომ თითოეული მძღოლი პარკირებაში, ოზურგეთში, მინიმუმ ორჯერ და სამჯერ მეტს იხდის ვიდრე მაგალითად თბილისში, სადაც ერთწლიანი პარკირების ტალონის შეძენა  50 ლარი ღირს და ახლა ვკითხოთ ოზურგეთელ მძღოლებს რას იხდიან წელიწადში პარკირებაში, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ოზურგეთის მერიამ პასუხი უნდა გაგვცეს ამ კითხვაზე-რა ხდება და ვის ინტერესებშია ეს ე.წ. „მართვადი ქაოსი“ ამ მიმართულებით.“ – გვეუბნება დეპუტატი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share