20 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში მოხდა მოვლენა, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომითა და ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.
ამ სტატაიაში დეტალურად ვიხსენებთ 20 წლის წინანდელ მოვლენებს, რომლებმაც თვისებრივად შეცვლა საქართველო.
არჩევნები
2003 წლის 2 ნოემბრის V მოწვევის პარლამენტის არჩევნების წინ ოპოზიციური ფლანგი შეივსო მაშინდელი მმართველი პარტიის, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რიგებიდან გასული პოლიტიკური ლიდერების (მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ჟვანიას, ლევან გაჩეჩილაძის) მიერ დაფუძნებული პარტიებითა და ბლოკებით.
არჩევნებზე, რომელშიც 18 სუბიექტი მონაწილეობდა, ოპოზიციას დაუპირისპირდა ორი მმართველი პარტია – ასლან აბაშიძის „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ და ედუარდ შევარდნაძის მიერ დაფუძნებული „მოქალაქეთა კავშირი“(ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“), რომლებმაც, ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემებით, პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს.
ორი მმართველი პარტია მმართველი პარტიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ
„საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ ვერ შეასრულა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული მთავარი დაპირება: „სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ”. საქართველოს ხელისუფლებამ ვერც სიღარიბე დაძლია და ვერც სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. მეტიც, საქართველოს რუკაზე გაჩნდა დესტაბილიზაციის ახალი კერა, პანკისის ხეობა, რომელსაც თავს აფარებდნენ ადამიანთა გამტაცებლები, ძებნილები, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეები.
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული კორუფციის, შს მინისტრთან დაპირისპირებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო, 2001 წლის ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ზურაბ ჟვანია. მან მალევე, 2002 წლის ივლისში, დააფუძნა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში პარტიამ მონაწილეობა მიიღო „ბურჯანაძე-დემოკრატების“ სახელით.
2001 წელს „მოქალაქეთა კავშირს“ ასევე გამოეყვნენ დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, რომლებმაც დააფუძნეს მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“.
2001 წელსვე „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კორუფციაში დასდო ბრალი და დაუპირისპირდა მთავრობის რამდენიმე წევრსა და თბილისის პოლიციის მაშინდელ უფროსს, სოსო ალავიძეს. იმის გამო, რომ ვერ მიიღო პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერა ამ დაპირისპირებაში, მიხეილ სააკაშვილმა დატოვა თანამდებობა და დააფუძნა პარტია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს პარტია შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავე სახელწოდების ბლოკით, რომელშიც ასევე შედიოდნენ რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიები, გავიდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
საარჩევნო ბლოკი შექმნა მმართველმა პარტიამ, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმაც“. „ახალი საქართველოსათვის“ – ასეთი სახელწოდებით დარეგისტრირდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ბლოკი, რომელიც, მმართველი პარტიის გარდა, ასევე აერთიანებდა „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, „სოციალისტურ პარტიას“ და სხვა წვრილ პარტიებს.
ასლან აბაშიძის „საქართველოს აღორძინების კავშირმა” არჩევნებისთვის შექმნილ ბლოკში მიიწვია “ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი” და “21-ე საუკუნე”.
ცალკე საარჩევნო ბლოკი შექმნა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელმაც ბლოკი “ერთობა” პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად დააფუძნა.
ბუშის წერილი, ამერიკის სტრატეგიული ინტერესი და წინასწარ გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა
არჩევნების წინ საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, წერილი მიიღო აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისგან. ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ის ვალდებულებები შეახსენა, რომელიც მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან 5 ივლისს გამართული შეხვედრის დროს იკისრეს. ჯორჯ ბუშმა პარტიების ლიდერებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ძალადობისგან.
„მართალია, ერთი არჩევნების შედეგად საქართველოს ყველა პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ მშვიდობიან, სამართლიან არჩევნებს შეუძლია ქვეყანა დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრებისკენ მიმავალ სწორ გზაზე დააყენოს“, – წერდა
ჯორჯ ბუში ქართველ კოლეგას.
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე თბილისში საარჩევნო ვითარების გასაცნობად იმყოფებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სტროუბ ტელბოტი და სენატორი ჯონ მაკკეინი.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების არასამართლიანად ჩატარებისა და გაყალბების რისკებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ეჭვის საფუძველს იძლეოდა დიდი უზუსტობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
„შსს–ს დათვლით, 2002 წლიდან დღემდე ამომრჩევლის რაოდენობა 500 ათასით გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1985 წელს (18 წლის წინ) საქართველოში 800 ათასი ადამიანი დაბადებულა ანუ ისეთი დემოგრაფიული აფეთქება ყოფილა, რომ ლამის ყველა ოჯახში ტყუპი იბადებოდა. ხელისუფლება ჩიხშია მოქცეული, გამოსავალს ვერ პოულობს. არადა, არსებობს გამოსავალი: ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოს ასეთი ხელისუფლება არ სჭირდება”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
2 ნოემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა უცხოელი მეთვალყურეების რეკორდული რაოდენობა. გაყალბების გამოსარიცხად ასევე პირველად გამოიყენეს როგორც მარკირება, ასევე ეგზიტ-პოლისა და პარალელური დათვლის მეთოდები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა დევდარიანის თქმით, ისეთი ზომები იქნა მიღებულია, რომ გაყალბება, სურვილის შემთხვევაშიც კი, ძალიან რთული იქნებოდა:
“მარკირების სითხის შემადგენლობა არჩევნებამდე არ გამჟღავნდება… მეც და ყველა პარტიამაც რომ მოვინდომოთ, იმდენი საწინააღმდეგო მექანიზმია ჩადებული, გაყალბება ძალიან გაგვიჭირდება… მარკირება გამორიცხავს კარუსელის გამოყენებას, ხმის მიცემის წესი კი – ბიულეტენების ბღუჯა-ბღუჯა ჩაყრას, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ“.
სახელისუფლებო ბლოკში შემავალი „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა კი პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო გამოსვლების საფრთხე და, რომ ოპოზიცია ქუჩაში იმ მოტივით გამოვა, თითქოს ხელისუფლება მას გამარჯვებას ართმევს.
„თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“ – არჩევნები დაძაბულობის ფონზე
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის გამო, თვეობით არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები. ენერგოსისტემაში არსებული დეფიციტის გამო, რეგიონებსა და თბილისს გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. თითქმის ყოველდღე ხდებოდა მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა და ქურდობა, რაც კარგად ჩანს იმ დროის საგაზეთო ქრონიკებში:
- 3 ოქტომბერს ქალაქ ფოთში დამოუკიდებელი გაზეთის ფოთის რედაქციის ოფისი გაძარცვეს. წაიღეს ტექნიკა;
- 9 ოქტომბერს, 13.00 საათზე, შსს საფელდეგერო სამმართველოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი კალისტრატე მექვაბიძე აიყვანეს ლისის ტბაზე, დააყაჩაღეს და წაართვეს ავტომანქანა
- 12 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ცესკოს მდივანს, გიორგი მიქანაძეს, საკუთარ სახლთან სამი უცნობი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა
- 30 ოქტომბერს ეუთოს ლონდონელი დამკვირვებელი ემილი ერვინი გაძარცვეს. თავდამსხმელებმა წაიღეს ხელჩანთა, ფული და ფოტოაპარატი
- ბათუმში მოკლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პროკურორი ჯემალ ვერულიძე – მას ქალაქის ცენტრში ესროლეს
ჯვრის მონასტრის გზაზე, რუსული საჯარისო ნაწილის ბუნკერში, უშიშროების სამინისტრომ მიაგნო იარაღის (ავტომატები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, ნაღმები, ტროტილი, ნაღმტყორცნები) სამალავს. სამინისტრომ განაცხადა, რომ აღკვეთეს სერიოზული დესტაბილიზაცია. მინისტრ ვალერი ხაბურძანიას თქმით, იგეგმებოდა თავდასხმა პრეზიდენტ შევარდნაძეზე.
26 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის წევრებს რაიონის შესასვლელთან ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ და ქვები დაუშინეს. ორმხრივი შეტაკების დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა. ქვებისა და ხელკეტების გარდა, დაპირისპირებისას გამოყენენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.
შს სამინისტროს რაზმები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ წევრებს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის ფოთში სტუმრობისას, სპეცრაზმმა დაარბია „კმარას“ აქივისტების საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“
„კმარა”, რომელიც იყენებდა სერბული ორგანიზაცია “ოტპორის” გამოცდილებას და სიმბოლიკას, ხმაურიანი საპროტესტო აქციებითა და პიკეტირებით დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
არჩევნების დღე – „დღეს დამთავრდა შევარდნაძის ეპოქა”
არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანმა არაერთი პრობლემის, საარჩევნო უბნების დარბევის, ურნების დამტვრევისა და ცემის ფაქტების მიუხედავად, მაინც კმაყოფილება გამოხატა.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვის ვადები გადაწია თბილისში 21 საათამდე, ქუთაისში – 24 საათამდე, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი გამოიწვია. ზოგიერთი უბანი, რომელიც 20.00 საათზე დახურეს, მოგვიანებით გახსნეს. ქუთაისში უბნების ნაწილი 17.00 საათისთვისაც კი არ იყო გახსნილი, ბევრგან ჩაიშალა ხმის მიცემის პროცესი, ბევრმა ამომრჩეველმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა, სიაში ვერ იპოვა თავი.
„აღორძინებამ“ აჭარის ტერიტორიაზე ხმების 90 % მიიღო, რამაც რადიკალურად შეცვალა არჩევნების შედეგები. აბაშიძის ბლოკი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ასლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და „აღორძინების“ ლიდერი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.
ქვემო ქართლის მხარეში სახელისუფლებო ბლოკმა „ახალი საქართველოსათვის“ 133 ათასი ხმა მიიღო, საშუალოდ ამომრჩეველთა ხმების 80 % მხარის თითოეულ რაიონში.
„ასეთ არჩევნებში გამარჯვებას პატიოსან არჩევნებში დამარცხება მირჩევნია“, – განაცხადა ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
კიდევ უფრო რადიკალური შეფასებები გააკეთეს ოპოზიციის სხვა ლიდერებმა.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორსიტული პარტია: „დღეს დამთავრდა შევარდნაძის ეპოქა, ეს არის ეროვნული დღე. დღეს პირველად მოხდა, რომ შევარდნაძემ პარლამენტში თავისი უმრავლესობა ვერ გაიყვანა“.
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია: „ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ იმდენი ხმა აიღოს, რამდენიც ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ის ბარიერს გადალახავს, მაგრამ ნუ ეგონება ხელისუფლებას, რომ 25 %-ს დაიწერს და ეს შერჩება. მილოშევიჩის ბედი გაუხდება სანატრელი, იმიტომ რომ ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებს“.
ოპოზიციის პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნდა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მმართველი პარტიის მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკის “ახალი საქართველოსათვის” ლიდერებს. მათ შორის იყო ირაკლი ბათიაშვილიც:
„ოპოზიციაში აბსურდამდეა მისული სიტუაცია. სააკაშვილი ყოველდღე აცხადებს, თუ პირველ ადგილზე არ გავედი, რევოლუციას დავიწყებო. იმავეს იძახიან ბურჯანაძე-დემოკრატები, პირველები ვართო. ლეიბორისტებსაც პირველობა უნდათ. კარგი იქნება, თუ ეს პარტიები დასხდებიან და ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ არის მათ შორის პირველი“.
განსხვავებული რეაქციები – ”ეს აღარ უნდა განმეორდეს. შოკირებული ვიყავით”
საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, არჩევნების კომენტირებისას განაცხადა, რომ 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და ის პირველია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა მისი ეს მოზარდება არ გაიზიარეს საქართველოში საგანგებოდ მოწვეულმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა.
„ეს აღარ უნდა განმეორდეს. შოკირებული ვიყავით იმით, რაც 2 ნოემბერს თბილისის საარჩევნო უბნებში ვნახეთ: ხალხს, რომელიც შაბათამდე დარწმუნებული იყო, რომ სიაში ირიცხებოდა, კვირას ხმის მიცემის უფლება წაერთვა, სიაში არარსებობის გამო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ქართველ ხალხს აქვს უფლება, გაცილებით უფრო კარგი არჩევნები ჰქონდეს”, – განაცხადა ტომას კოქსმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
„სამწუხაროდ, ეს არჩევნები დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობის გასაძლიერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა”, – დაწერა ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორმა ბრიუს ჯორჯმა,
რევოლუცია იწყება
2 ნოემბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები ყველაზე მწვავედ გააპროტესტეს „ნაცონალურმა მოძრაობამ“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“. 4 ნოემბერს ამ საარჩევნო სუბიექტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ეწერა:
„შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა. ჩვენ დავიცავთ ხმებს, ჩვენ არაფრის გვეშინია… თუ შევარდნაძე არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს, თუ შევარდნაძე ახლა მაინც არ განიმსჭვალა პასუხისმგებლობით, ის მოიმკის იმას, რასაც იმსახურებს ხალხისგან“.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ფილარმონიიდან მერიამდე, შემდეგ მივიდნენ ცესკოს შენობასთან, სადაც არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადეს. პარლამენტის შენობის წინ დაიწყო მრავალდღიანი საპროტესტო აქცია.
ოპოზიციის განცხადებებისა და ძალისხმევის პასუხად, მმართველი პარტიისა და მის მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკის ლიდერებმა სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდეს, უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ დესტაბილიზაციის მცდელობები.
„თუ საქართველოს ხელისუფლებამ და სახელმწიფო სტრუქტურებმა პრინციპულობა არ გამოიჩინეს, ქვეყანაში უმართავი ქაოსი შეიქმნება. სამართალდამცავებმა სასწრაფოდ უნდა აღკვეთონ ეს აქცია”, – განაცხადა ირინა სარიშვილმა, რომელიც მაშინ ბლოკ „ახალი საქართველოსათვის” წარმოადგენდა.
7 ნოემბერს ზუგდიდში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიარაღებული ხალხი დაახვედრა. ნიღბიანები სტიქიურად ისროდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა მიმართულებით. დაიჭრა ორი ადამიანი.
„დღეს უკე ნათლად იკვეთება, რომ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პროცესები სცილდება პოლიტიკის ფარგლებს და თანდათან იძენს სამოქალაქო დაპირისპირების საშიშ სახეს. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხალხის ურთიერთდაპირისპირება“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ.
სამართლიანი არჩევნები VS ცესკო
„არჩევნებში 1,5 მლნ-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს რიცხვი ხელისუფლების გულმოდგინე მცდელობის შემდეგ 2 მლნ-მდე გაიზარდა. აჭარიდან ყალბი ხმები ჩამოვიდა. არ გვინდა ამომრჩეველი გავაწბილოთ და პარლამენტის დანიშვნის სამარცხვინო პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა „ბურჯანაძე-დემოკრატიების” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა პარალელური დათვლის შედეგები.
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა გამოყენებული პარალელური დათვლის მეთოდი, რომელიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის ინიციატივთ დაინერგა.
ხმების პარალელური დათვლის შედეგები „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა, თამარ ჟვანიამ შეაჯამა. მისი თქმით, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლას ყველა საარჩევნო ოლქში უბნების 20 %-ზე აწარმოებდდა.
“ჩვენი მონაცემებით, მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე განაწილდა:
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,26 %,
- ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ – 18.92%,
- „ლეიბორისტული პარტია“ – 17,36%,
- „ბურჯანაძე დემოკრატები“ – 10,15%,
- “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”- 8,13%
- „ახალი მემარჯვენეები“ – 7,98%”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
აღმოჩნდა, რომ ხმების პარალელური დათვლით მიღებული შედეგები, მკვეთრად განსხვავდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებისგან. ცესკოსთან შევარდნაძისა და აბაშიძის ბლოკები ლიდერობდნენ:
- ბლოკი „ახალი საქართველოსათვის’’ – 21.32%
- დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 18.84%
- ბლოკი „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ – 18.08%
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 12.04%
- ბლოკი „ბურჯანაძე–დემოკრატები’’ – 8.79%
- ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)’’ – 7.35%
გაყალბების მასშტაბი ერთიორად გაიზარდა აჭარის ხმების შეჯამების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირმა“ აჭარაში ხმათა 95 %, ანუ 284 ათასი ხმიდან 270 ათასი მიიღო.
„რეალურად ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩეველთა 26-მა პროცენტმა , მთავრობას – 18-მა პროცენტმა. ეს არჩევნები ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა, მაგრამ შევარდნაძეს არ უნდა დამარცხება აღიაროს. დღეს პრეზიდენტმა უტიფრად იცრუა, როცა განაცხადა, რომ ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ იმარჯვებს. არ შეიძლება პრეზიდენტი იქცეოდეს როგორც იაფფასიანი შულერი“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ხდებოდა ოქმების მასობრივი გადაკეთება და, შესაბამისად, ცესკოშიც გაყალბებული ოქმები იგზავნებოდა.
აქცია პარლამენტის წინ – “ხელისუფლებამ უნდა აღიაროს”
ოპოზიციის ნაწილმა არ მიიღო არჩევნების შედეგები და მხარდამჭერები პარლამენტის წინ შეკრიბა.
„ხელისუფლების პროვოკაციული მოქმედების გამო ჩაიშალა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები, მაგრამ მოვითხოვთ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, ვითარება ძალიან გამწვავდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძე საპროტესტო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების აღიარებისკენ მოუწოდა პოეტმა დავით მაღრაძემ:
„ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ კი არ გააყალბა, არამედ არ ჩაატარა არჩევნები. ბოდიში მოუხადოს ხალხს. არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ჩვენი ნება სამართლიანად აირეკლოს მის შედეგებზე. ასე არ შეიძლება, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდეთ და ის არავის აინტერესებდეს.”
თბილისისკენ დაიძრა არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ათასობით ადამიანი საქართველოს რეგიონებიდან. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრმა შეძლო თბილისში ჩასვლა. აქციის მონაწილეთა საპროტესტო მუხტი ვერც წვიმიანმა დღეებმა გაანელა.
9 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და მათგან შეიტყო საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა:
„არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს, დაისაჯონ გამყალბებლები და თავიდან დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები“.
შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერები კანცელარიაში მიიწვია. მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ შევარდნაძეს.
„პრეზიდენტმა დროის გასაყვანად მიგვიყვანა. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ქართველი ხალხი აბუჩად აიგდოს. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოში ასლან აბაშიძის, მამალაძის, რჩეულიშვილის პრორუსული რეჟიმი დააკანონოს. ამიტომ მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, რომ გააგრძელოს საპროტესტო აქციები ამ რეჟიმის წინააღმდეგ“, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის მოწოდების პასუხად „ახალმა მემარჯვენეებმა“ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გავლენ და არ შეუერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ საპროტესტო მანიფესტაციებს.
ქუჩაში გასვლაზე უარი თქვეს „მრეწველებმა“ და „ლეიბორისტებმაც“. შალვა ნათელაშვილმა „ქუჩის აქციონერებს“ ეროვნულობისგან დაცლილი და სისხლმოწყურებული ძალები უწოდა და გამოთქვა ეჭვი, რომ აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებასთან იყვნენ შეკრულნი.
„ვერ ეღირსებით იმას, რომ ცოცხალი ნათელაშვილი თქვენ გვერდით დადგეს. თქვენ მხოლოდ ჩემს გვამს მიიღებთ!“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
14 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტსა და კანცელარიას სიმბოლური „ცოცხალი ჯაჭვი“ შემოავლეს და მოითხოვეს შევარდნაძის გადადგომა.
მიხეილ სააკაშვილი: „დღეს წყდება თითოეული ჩვენგანის ბედი… თუ გინდათ გადავრჩეთ წყვდიადს და შვილებს მომავალი მივცეთ, ყველა უნდა დავდგეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ შევარდნაძეს ჩვენი ძალა… მხოლოდ ჩვენი გამარჯვების გამოცხადება არ კმარა. უნდა აღიარონ, რომ მოხდა გაყალბება. გამყალბებლები უნდა დაისაჯონ. დანარჩენს თავად ხალხი გადაწყვეტს. პირადად მე შევარდნაძის წინააღმდეგ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას. ჩემთვის პირველი ადგილი კი არა, მთავარი ისაა, რომ კრიმინალიზებული რეჟიმი აღარ იყოს საქართველოში”.
თუმცა შეუვალი დარჩა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნანა დევდარიანი.
„არც მუქარისა და არც ციხეში ჩასმის არ მეშინია, – განაცხადა მაგნ, – გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის დამტკიცება კანონიერი გზით შეიძლება და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ”.
ცესკომ არჩევნების შედეგები 20 ნოემბერს გამოაცხადა, რასაც ზეიმით შეხვდნენ პარლამენტის შენობასთან ე.წ. კონტრაქციაზე შეკრებილი „აღორძინებისა“ და სახელისუფლებო ბლოკის, „ახალი საქართველოსათვის“, წარმომადგენლები.
„ჩვენ სკამები კი არ გვამოძრავებს, არამედ ის, რომ საქართველო არავინ დაშალოს და დააქუცმაცოს”, – განაცხადა ლევან მამალაძემ, ბლოკ „ახალი საქართველოსთვის“ ერთ-ერთიმა ლიდერმა.
ვარდების რევოლუცია
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, V მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს, 16.00 საათზე დაინიშნა. სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“. 22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.
შეიქმნა კვორუმის პრობლემა. 16.50 საათზე სხდომა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, თუმცა სულ მალე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ 6-კაციანი დელეგაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ახალი მემარჯვენეების ლიდერს, დავით გამყრელიძეს, და განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო.
ედუარდ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და ვრცელი სიტყვის კითხვას შეუდგა, მაგრამ, როგორც 23 ნოემბერს გამოსული გაზეთი „24 საათი“ წერდა, ამ დროს „სხდომათა დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა… „ვარდების რევოლუცია“
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად, შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა… შევარდნაძე, თითქოს მის ირგვლივ არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ხელი სტაცეს და პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18.00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.
რამდენიმე საათით ადრე…
საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი 15.00 საათისათვის, მიხეილ საკაშვილის მოწოდებით, სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრა, გაარღვია პოლიციისა და შინაგანი ჯარის კორდონი და პრეზიდენტის კანცელარიასთან მივიდა. მოვლენების შემდგომ განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ პოლიციამ ჯეროვანი წინააღმდეგობა არ გასწია. ოპოზიციის ლიდერებმა იჩქარეს და „სახალხო ლაშქარი“, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე, დაძრეს კანცელარიიდან პარლამენტისკენ, რომლის დაკავებას არასრული ერთი საათი დასჭირდა.
ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა მოითხოვა.
23 ნოემბერი, 20:45
პარლამენტის წინ შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი კრწანისის რეზიდენციისკენ წასვლას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა.
„მივცეთ დრო, ღირსეული გადაწვეტილება მიიღოს“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს.
19.35 საათზე ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა დატოვეს პარლამენტის შენობა და კრწანისის რეზიდენციისკენ გაემართნენ.
2003 წლის 23 ნოემბერს, 20 საათსა და 45 წუთზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.
„ახლა მე ვხედავ, რომ ის, რაც ხდება, უსისხლოდ არ ჩაივლის. იძულებული გავხდები გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს ამ პირობებში. ეს სისხლისღვრამდე მიმიყვანს. ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, რათა ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს”, – განაცხადა
ედუარდ შევარდნაძემ.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.
არჩევნები დასრულდა, გაუმარჯოს არჩევნებს!
23 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები – საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი და ბათილად ცნო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის პროპორციული ნაწილი, ხოლო მაჟორიტარული ძალაში დატოვა.
“ის, რაც ქვეყანაში ხდება, უკანონო და არალეგიტიმურია, თუმცა დღევანდელი სამეული, რომელიც ხელისუფლებაშია, ცდილობს მომხდარი და შემდგომი მოვლენები კანონიერ ჩარჩოში მოაქციოს. ეს გადატრიალება ღალატის გამო მოხდა… შევარდნაძეს რომ გუნდი ჰქონოდა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. შექმნა რაღაც ეკლექტიკური გაერთიანება, სადაც მინისტრები ერთმანეთს ვერ იტანდნენ”, – განაცხადა ლევან მამალაძემ.
შეიცვალა ცესკოს ხელმძღვანელობაც. ნანა დევდარიანი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვლა. ცესკომ განიხილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი. კანონის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემთხვევაში ცესკო ახალ არჩევნებს ორი თვის ვადაში ატარებს. ცესკომ საპარლამენტო არჩევნების ვადად 25 იანვარი განსაზღვრა, თუმცა იმავე დღეს კომისიამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არჩევნების გადადების თხოვნით მიმართა. ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ვარაუდით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა დანიშნულიყო.
ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განცხადა, რომ 25 იანვარს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. საბოლოოდ გადაწყდა, VI მოწვევის პარლამენტის (ხელახალი) არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გამართულიყო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ ერთიანობა კიდევ უფრო განამტკიცეს და 28 მარტის არჩევნებზე ერთი ბლოკით („ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“) წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე.
არჩევნებამდე დაიშალა ორივე სახელისუფლებო ბლოკი: „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ და „ახალი საქართველოსთვის“.
საარჩევნო ბლოკში („მემარჯვენე ოპოზიცია“) გაერთიანდნენ „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქარველოს“.
გაერთიანდნენ ასევე „ეროვნულ-დემოკრატები“ და „ტრადიციონალისტთა კავშირი“.
არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა ლეიბორისტულმა პარტიამ.
2003 წლის 2 ნოემბრისგან განსხვავებით, 2004 წლის 28 მარტის არჩევნებმა ძალადობის გარეშე ჩაიარა. 7 %-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა სუბიექტმა გადალახა:
- „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ – 66.24%
- „მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები“ – 7.56%
ცესკოს ახალი თავმჯდომარის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 28 მარტის არჩევნებში აჭარაში 145 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მაშინ როცა 2 ნოემბერს მათი რიცხვი 269 ათასი იყო.
„ეს განსხვავება ნათლად აჩვენებს, როგორი გაყალბებით იმართებოდა აქამდე აჭარაში არჩევნები”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის საძმო სასაფლოა“, – დაწერეს გაზეთებმა არჩევნების დასრულების შემდეგ.
28 მარტის არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ასლან აბაშიძის ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩა.
„ჩვენ ვიქნებით ის პარტია, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს მმართველი პარტია”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა.
“საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ”, რომელმაც ვერ გადალახა 7 %-იანი ბარიერი, გამოაცხადა, რომ იწყებს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რის მიზეზადაც შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების მხრიდან ლეიბორისტების პარლამენტის მიღმა დატოვება დაასახელა.
გადაწყვეტილებები
- VI მოწვევის პარლამენტმა პირველივე წელს საქართველოს კონსტიტუციის 30-მდე მუხლში შეიტანა ცვლილებები. კონსტიტუციის ტექსტს დაემატა ახალი, მეოთხე, თავი -„საქართველოს მთავრობა“, რომლის მიხედვითაც შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
- საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს ორგანულ კანონში სახელმწიფო დროშის შესახებ. დროშასთან ერთად შეიცვალა საქართველოს ეროვნული გერბი და ჰიმნი. ცვლილებები ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.
- კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.
- 2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა. გადაწვეტილების მიღებისას საქართველოს პარლამენტი დაეყრდნო 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც კითხვაზე – „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“, 84 %-მა დადებითად უპასუხა.
- 2006 წლის 27 დეკემბერს მიღებულმა კონსტიტუციურმა კანონებმა კიდევ უფრო გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ცვლილებები შეეხო პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის, უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას და პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში.
- 2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი. ამავე კანონით საარჩევნო ბარიერი შემცირდა 7 %-დან 5 %-მდე.
რადიო თავისუფლება