ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთს მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია 133.4 მილიონ ევროს შეადგენს.
“სახელმწიფოთაშორის საქმეში Georgia v. Russia (II), რომელიც დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის აპრილში დაადგინა, რომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სამი თვის განმავლობაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია, ხოლო დავალიანების ჯამური თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, შეადგენს დაახლოებით 133.4 მილიონ ევროს”. – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2022 წლის მარტში ევროსაბჭოდან გარიცხეს, იგი გაეროს წევრად კვლავ ირიცხება და შესაბამისად, ექვემდებარება მისი მონიტორინგის პროცედურებს.
“ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს გაეროს ორგანოებთან, რათა შეახსენოს რუსეთს მისი უპირობო სამართლებრივი ვალდებულება, აღასრულოს ECHR-ის [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო] გადაწყვეტილებები. მომავალ კვირას გაეროს სპეციალური მომხსენებელი ამ თემაზე აზრთა მიმოცვლის მიზნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან ერთად სტრასბურგში ჩავა”. – აღნიშნულია ევროპის საბჭოს პრესრელიზში.