საქართველოში ოდითგანვე აღნიშნავენ ახალ წელს – შლიან სუფრას, ამზადებენ სარიტუალო კერძებს, რთავენ მცენარეებს, ხელგაშლილი ეგებებიან მეკვლეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა გასულ წელზე უკეთესი ახალი წელი დაიბედონ.
ლამის ყველა კუთხეს თავის საახალწლო ტრადიციებია აქვს.
ვახუშტი ბატონიშვილი, XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი, თავის ცნობილ ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ საქართველოს სამეფო კარის საახალწლო წესს ასე აღწერს: „რამეთუ ახალ წელს ერთს იანვარს უწინარეს ცისკრის ლოცვისა, უკულევდა მეფეს ჭყონდიდელი ჯვარსა და ხატსა და სამკაულსა მეფესა და დედოფალსა, და სანუკვარსა შაქრისასა“.
თავში „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“ მეფის გარემოცვას (ბაზიერთუხუცესს, მეჯინიბეთუხუცესს, მწიგნობართუხუცესს…) და დიდებულებს შესაფერი საჩუქრები უნდა მიერთმიათ მეფისათვის, ხოლო ერისთავებს უნდა მიეყვანათ ასევე ჯაგლაგა ცხენები, რომლებსაც განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდათ. ვახუშტის მიხედვით, იცოდნენ ისრის მილოცვა, რომლითაც შეაჩვენებდნენ მეფის ორგულებს:
„მრავალჟამიერ ყოს ღმერთმანა მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა თქვენისა ორგულსა“.
მილოცვის შემდეგ იწყებოდა ნადიმობა დიდი „განცხრომითა და სახიობითა“. რაოდენ უცნაური და სამწუხარო უნდა იყოს, ერისთავების მიერ მოყვანილ ჯაგლაგა ცხენებს ხოცავდნენ და ტოვებდნენ შემოღობილ ადგილზე, რათა ღამის განმავლობაში მიეზიდათ მხეცები (მელიები, ტურები, მგლები), რომლებზეც გათენების შემდეგ ნადირობდა მეფე.
კუთხეები
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებოდნენ და ხვდებიან ახალ წელიწადს. როგორც ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, სულიკო ნუცუბიძე წერს 35 წლის წინ გამოქვეყნებულ წერილში, საქართველოში სწამდათ კეთილი და ბოროტი სულებისა და ცდილობდნენ სხვადასხვაგვარი საშუალებებით ემოქმედათ ამ სულებზე: „ახალი წლის ზეიმთან დაკავშირებული იყო მრავალი რწმენა და რიტუალები. დიდ როლს თამაშობდა მეკვლე, მეფეხური, დიდი ყურადღება ეთმობოდა სუფრას. რაც უფრო მდიდარი იყო საახალწლო სუფრა, მით უფრო მდიდარი იქნებოდა შემდგომი ცხოვრება“.
სამეგრელო
სამეგრელოში მიღებული იყო ჩიჩილაკების დამზადება. ოჯახის უხუცესი მამაკაცი ჩიჩილაკითა და ღომის მარცვლებით მიადგებოდა სახლს, მარცვლებს მოაყრიდა ეზოში, სახლში, საქათმეში. მეორე დღეს იყო ფეხობა (კუჩხა). ასევე მზადდებოდა სუროს და თხილის „ხვიხვილის“ თაიგული. დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.
გურია
ჩიჩილაკი მიღებული იყო გურიაშიც. მეკვლე გათენებისას ჩიჩილაკით ხელში სამჯზე. მასპინძლის კითხვაზე, რა მოგაქვსო, ჩამოთვლიდა სანატრელ საგნებს. ეს ცერემონია სამჯერ მეორდებოდა. საახალწლოდ ასევე იმარაგებდნენ ცხმელის (რცხილის) შეშას. მრგვლად ხარშავდნენ ქათმებს, იკვლებოდა ღორი. ამ დღეს ცხვებოდა „საკვაკვავი“ – საწესო პური გოჭის ფეხით.
იმერეთი
ახალი წლის ღამეს იმერეთში თავქვეშ ამოიდებდნენ შაქრის ნატეხს. ტაბლაზე დააწყობდნენ: ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ტკბილეულს. დადგამდნენ ჯამს წყლით, ღვინით, თაფლით და შიგ პურის ნატეხებს ჩაყრიდნენ.
რაჭა-ლეჩხუმი
რაჭაში უცხო კაცს, სახლში არ შეიყვანდნენ. უცხო სტუმარს არ უნდა დაეძახა, არამედ კარზე უნდა დაეკაკუნებინა. ცხვებოდა საოჯახო ტაბლა – საწესო პური. ტაბლაზე იდებოდა ფული და ტკბილეული. ტაბლა თავსდებოდა გვერგვზე – ხის ან წნელის რგოლზე.
ქართლ-კახეთი
აცხობდნენ ბედის კვერებს, ორ-ორს ოჯახის წევრებისათვის, თითოს კი საქონლისათვის. ქართლში საახალწლო ხონჩას ეძახდნენ. „აბრამიანს“, რომელზედაც აწყობდნენ ღორის თავს, ბედის კვერებს, თაფლიან პურის ნაჭრებს. ვენახში მიჰქონდათ ღვინო, კლავდნენ ქათმებს.
სვანეთი
ახალ წელიწადს (ზომხა) ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან მოჰქონდათ წყალი. სრულდებოდა საიდუმლო ლოცვა. ოჯახში ასევე მოჰქონდათ მწვანე ტოტები, ხავსი და თეთრი ქვა. ცხვებოდა საახალწლო პური, იკვლებოდა ღორი. შემდეგ „გარეთ მეკვლე“ ესტუმრებოდა ოჯახს, სამჯერ იტყოდა, საქონლისა და კაცის სიცოცხლე და სიკეთე მომაქვსო. მონადირეები მეორე დღეს ნიშანში ისროდნენ, რის მიხედვითაც მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.
ხევსურეთი
აცხობდნენ იმდენ პურის კვერს, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. გამოცხობისას, ვისი კვერიც ამოიწევდა, ასე სწამდათ – ბედნიერი იქნებაო. ოჯახში წყლის დაღვრა არ შეიძლებოდა, რათა რძის დაღვრა არ დაჰბედებოდათ.
ფშავი
ახალ წელიწადს ახალი ტანისამოსით ეგებებოდნენ. აქაც აცხობდნენ ბედის კვერებს. ოჯახის უფროსს სახლში ძაღლი შეჰყავდა და ამბობდა: „ფეხი შენი, კვალი ანგელოზისაო“.
თუშეთი
ერთი გვარი ერთად იკრიბებოდა, თან მიჰქონდათ პური, ლუდი, არაყი და მართავდნენ ლხინს.
სამცხე-ჯავახეთი
ახალ წელს ოჯახიდან განათხოვრებულ ნივთებს იბრუნებდნენ, რათა ბარაქა მეზობლის ოჯახში არ დარჩენილიყო. ოჯახის უფროსი ღმერთს შესთხოვდა საქონლის გამრავლებას.
აჭარა
საახალწლოდ აჭარელი თავქვეშ მჭადის ნატეხს ამოიდებდა, რომელიც დილით ადრე, მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამა. ოჯახი ფუძე-სახლში იკრიბებოდა. ამზადებდნენ სირსველს – ნივრით და ნიგვზით შეკმაზულ სიმინდის კერძს, რომელსაც უცხოს არ აჭმევდნენ, რათა „ოჯახიდან ბარაქა არ წასულიყო“.
აფხაზეთი
ახალი წლის წინა დღეს ამზადებდნენ საჭმელსა და სასმელს, დაკლავდნენ ძროხას ან თხას და იმდენ მამალს, რამდენიც ოჯახში მამრობითი სქესის სული იყო. ახალ წელიწადს ერთმანეთს ესტუმრებოდნენ.
ნაძვის ხე
ახალი წლის რიტუალის ნაწილია ფერადი სათამაშოებით მორთული ხე. „ჩვენი წინაპრების რწმენით, ხე იყო სულების სადგომი, – წერს სულიკო ნუცუბიძე, – ხეებს სხვადასხვაგვარ საგნებს მიართმევდნენ, ხის ქვეშ ტოვებდნენ საკვების ნარჩენებს. ასევე, ჩამოკიდებდნენ ტოტებზეც. ხის თაყვანისცემა ჩვენშიც იყო გავრცელებული, მაგალითად, მუხის, ცაცხვის და სხვა. ყოველი დღესასწაულის, აუცილებელი ატრიბუტი იყო ეგრეთ წოდებული „სანადიმო ხე“. წმინდა ხის აღმართვა სოფლის მფარველ ანგელოზს ეძღვნებოდა. ჩვენი საახალწლო ნაძვის ხე სწორედ ამ სანადიმო ხის მსგავსია. საახალწლო ნაძვის ხის აღმართვა კარგა ხანს ხდებოდა საყოველთაო თავშეყრის ადგილებში. შემდეგ მან ნელ-ნელა ბინებში გადაინაცვლა. რაც უფრო მდიდრულად მოირთვებოდა ნაძვის ხეები, მით უფრო კმაყოფილი იქნებოდნენ „სულები”. ისინი კი ხალხის რწმენით, ბინადრობდნენ ხეებში“.
საახალწლოდ ნაძვის ხეების მორთვის ტრადიცია, როგორც ჩანს, გერმანიიდან გავრცელდა, რადგან სწორედ ძველი გერმანელები სცემდნენ თაყვანს მარადმწვანე წიწვიან მცენარეებს. ასი და მეტი წლის წინ საშობაო (საახალწლო) ნაძვის ხე იშვიათობა იყო საქართველოში, მხოლოდ მდიდარ ოჯახებსა და გიმნაზიებში დგამდნენ (რთავდნენ) მას. იმის გამო, რომ საახალწლო ნაძვის ხე თავისი მორთულობით ძველ რელიგიურ ხეს ჰგავდა, საბჭოთა კავშირში მისი დადგმა აიკრძალა (1927 წ.), თუმცა 1937 წელს, როცა ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ იჭერდნენ და ხვრეტდნენ, ნაძვის ხეს ბრალდება მოეხსნა.
ნაძვის ხეებზე მოდის დამკვიდრებას ეწინააღმდეგებოდა გაზეთი „ივერია“, რომლის ავტორი შიშობდა, რომ ხეების მასობრივი მოჭრა საფრთხეს შეუქმნიდა ტყეებს.
„ნაძვის მოჭრის და შობის ხედ დადგმას აღმზრდელი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ადათს ტყის განადგურება მოსდევს. ვინ მოთვლის, ან კი შეიძლება მისი წარმოდგენა, რაც საშობაო დღესასწაულებისათვის ნაძვი მოიჭრება მთლად საქრისტიანოში? იმავე ყმაწვილებს კი, რომელთა სიამოვნებისთვისაც ნაძვის ხეს ვანადგურებთ, ვასწავლით, ვაყვარებთ ტყის გაშენებას… აი აქ, ამ საშობაო დღესასწაულისთვის გვესაჭიროება ყალბი ნაძვის შემოღება…“, – წუხდა გაზეთი „ივერია“ ჯერ კიდევ 1904 წელს.
სროლა და ხმაური
ახალი წლის დადგომას ხშირად თოფების სროლით ეგებებოდნენ. ეთნოგრაფების თქმით, ეს ჩვევა, რომელიც გავრცელებულია მთელ რიგ ხალხებში, უძველესი დროიდან მომდინარეობს: ხმაურითა და ყიჟინით სურდათ დაეფრთხოთ მავნე, ავი სულები, რომლებსაც შეეძლოთ დაესადგურებინათ საცხოვრებელ ადგილებში, სამუშაო იარაღებში, ეზოებში და სხვ. ბევრი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი გარდასულ დროთა გადმონაშთია, განსაკუთრებით „სროლა და ხმაური“.
სროლა, და ხმაურმა, გაქრობის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერად მოიკიდა ფეხი ახალი წლის აღნიშვნაში და გარემოს, ცხოველთა სიცოცხლისა და ადამიანების ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.
საახალწლო დღეები ისე არ ჩაივლის, რომ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა სხვეულის დაზიანება არ მიიღოს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად. არადა, ყველა საახალწლო რიტუალს ერთი ძირითადი აზრი აქვს: მხიარულად შეხვდნენ ახალი წლის დადგომას, მიანიჭონ სიხარული ახლობლებს, უსურვონ ერთმანეთს წარმატება და ბედნიერება, რასთანაც პიროტექნიკას არანაირი კავშირი არ აქვს.
რადიო თავისუფლება