“თუ ვინმე მკითხავს, საერთოდ, არ მგონია, რომ მომხმარებელი როდესმე ციხეში უნდა იჯდეს” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
“მე, მაგალითად, თუ ვინმე მკითხავს, საერთოდ, არ მგონია, რომ მომხმარებელი როდესმე ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მეშინია, ვაი და ასე თუ იქნება, ჩემი შვილი, რომელიც 10 წელიწადში უკვე მოზარდი იქნება, არ წახალისდეს ჩემი ამგვარი მსოფლმხედველობით და თუკი ეს კანონში იქნება, არ გახდეს აქტიური მომხმარებელი. ეს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებაში არსებობს, ერთია, რა გვინდა და მეორე – რა არის საჭირო.
კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურება და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, მე ვერ წარმომიდგენია რაიმე კანონპროექტი შემუშავდეს, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკის მოხმარების პოპულარიზაციას, წაქეზებას, იმდენად ხელშეწყობას, რომ ეს გახდეს “მერე რა მოხდა”, ნარკოტიკის მოხმარება ვერასდროს უნდა იყოს “მერე რა მოხდა”. – ამბობს წულუკიანი.
წულუკიანის აზრით, ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტი, თუმცა რადგან დღეს ასე არ არის, საჭიროა თანმიმდევრული რეფორმირება.
“თქვენთვის არ არის უცნობი, რომ მე საერთოდ სხვა სფეროში გადავედი, არ მევალება, რომ ამ კანონპროექტის ინიციატორი ვიყო, არ არის ჩემთან პირდაპირ კავშირში, თუარ ჩავთვლით, რომ ერთ დღეს იმ იდეალურ სამყაროში, რომელიც მე მართლა მინდა, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა იყოს განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ ეს დღეს ასე ვერ არის. მოვედი, დავჯექი და რაღაცებს ვხსნი, გაერთიანებული კომიტეტია, ამდენი ხალხი ზის და კიდევ ვისმენ იმას, რომ ეს არაფერია, მოვხსნათ მაშინ და არ განვიხილოთ, არ შეიძლება ასე, დაიღუპება ის დიდი მიზანი, რაც არის ის, რომ ნარკომანი არ უნდა იკლაკნებოდეს საკანში, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ეს არის არაადამიანური მოპყრობა”. – თქვა წულუკიანმა.
20 იანვარს პარლამენტში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდება ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მოქმედ კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის ნარკოტიკულ საშუალებათა ნაწილისთვის ოდენობები, რაც პრაქტიკაში და კანონის აღსრულების პროცესში ქმნის პრობლემას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულებასთან ერთად, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. მათივე ცნობით, ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს, არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემური.