გარემოს დამცველები და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები შეიკრიბნენ დღეს, მდინარე სუფსის სანაპიროსთან, სოფელ ბაილეთში და მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ, სტიქიის ზონაში, ინერტული მასალების მოპოვების მიზნით ლიცენზიების გაცემა გააპროტესტეს.
გარემოს დამცველის, ირმა გორდელაძის განცხადებით, გურიაში დატრიალებული სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე თვეც კი არაა გასული და მინერალური რესურსების სააგენტომ ათზე მეტი ლიცენზია გასცა ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში-მდინარეებში სუფსა, ნატანები და ბჟუჟი – ინერტული მასალების მოპოვების მიზნით:
“მაშინ როცა, გასულ წელს გურიაში დატრიალებული უბედურების ერთ ერთ შესაძლო მიზეზად,, მდინარეებიდან ინერტული მასალის ჭარბი და უკონტროლო მოპოვება დასახელდა, რამაც დიდი ალბათობით გამოიწვია მეწყრული პროცესები, ხელისუფლება კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას და ლიცენზიებს ინერტული მასალის მოპოვებაზე – ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში – სტიქიის ზონაში, გასცემს, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს”
უთხრა ადგილზე, გარემოს დამცველმა, ირმა გორდელაძემ “გურიის მოამბეს”
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს:
“მაშინ როცა სტიქიამ მსხვერპლი გამოიწვია და ასეულობით ოჯახი დარჩა ღია ცის ქვეშ, დაუშვებელია სტიქიის ზონაში ლიცენზიების გაცემა, ეს დანაშაულია” გვითხრა მჟავანაძემ.
გარემოს დამცველები და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები, მინერალური რესურსების სააგენტოსაგან – გურიაში – სტიქიის ზონაში – ლიცენზიების გაცემის შეჩერებას მოითხოვენ.
მდინარე სუფსის სანაპიროს ბაილეთის მონაკვეთზე, ერთ ერთი კომპანია, მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე – ინერტული მასალის მოპოვებას ახორციელებენ.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარეობს გასწორხაზოვნება.