“უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს… ამიტომ EU უნდა იყოს უკრაინის ფარი,” – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა.
“მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი,” – განაცხადა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მან, გუშინ 20 მარტს, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრისას დაამტკიცა.
“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი. ამ შემთხვევაში დროს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა,” – აღნიშნა მეცოლამ.
მანვე აღნიშნა, რომ ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს არის ზუსტად ის, რასაც EU-ის ყველა ქვეყნის მოქალაქე ელიას EU -სგან და რასაც ევროპარლამენტი მოუწოდებს – “გაფართოებული ევროკავშირი, მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული წევრობით, იქნება საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენს კონტინენტზე” – მან აღნიშნა, რომ დადგა დრო, რომ EU-მა დაიწყოს გაფართოების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ბრიუსელში EU-ის ორდღიანი სამიტი დაიწყო.