“ხეობა, რომელიც ბოლო დროს მედიის ყურადღებას ნაკლებად იქცევს, ერთ-ერთ მეჩეთში იმამის დანიშვნის შემდეგ სკანდალის ეპიცენტრად იქცა. ადგილობრივები ტახირ დუიშვილს “კადიროვის აგენტს“ უწოდებენ და რეგიონში ჩეჩნეთის მეთაურის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. არსებობს იმამის ხმოვანი შეტყობინებები, რომელშიც ის მადლობას უხდის ჩეჩნეთის მთავრობას დახმარებისთვის და ჰპირდება, რომ ახალგაზრდებს ასწავლის “ისლამის სწორად გაგებას“, – ვკითხულობთ სტატიაში.
როგორია კადიროვის ინტერესები პანკისში? – გამოცემა ქართველ ანალიტიკოსთან ალეკო კვახაძესა და ჩეჩენ უფლებადამცველ, ორგანიზაციის “კომიტეტი წამების წინააღმდეგ” ყოფილ ადვოკატთან აბუბაქარ იანგულბაევთან ინტერვიუებს აქვეყნებს.
“კადიროვი თავიდანვე ცდილობდა, პანკისის ხეობაზე გავლენის გაძლიერებას“, – ამბობს აბუბაქარი.
იგივე აზრზეა ალეკო კვახაძე, მისი თქმით, ჩეჩნეთის მეთაური დიდი ხანია ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენები იმ ადგილებში, სადაც ჩეჩნური დიასპორა ცხოვრობს.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამზან კადიროვი ძალიან ცდილობს გააძლიეროს გავლენა ჩეჩენი დიასპორების განსახლების ადგილებში სხვადასხვა ქვეყანაში. ის და მასთან დაახლოებული ადამიანები აქტიურად მუშაობდნენ ჩეჩენი დიასპორის ორგანიზაციებთან. ჩეჩნეთის ბევრმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა იქაურ ღონისძიებებში, ზოგან პირადად მივიდა კადიროვი. კადიროვი ისრაელის არაბულ სოფელ აბუ გოშსაც კი ესტუმრა, რომლის მცხოვრებლები, ლეგენდის თანახმად, ჩეჩენი მამლუქების შთამომავლები არიან. ჩეჩნეთის რესპუბლიკის გარეთ ერთადერთი რეგიონი, რომელიც ჩეჩენი მოსახლეობით არის დასახლებული და სადაც კადიროვმა ვერ შეძლო თავისი გავლენის დამყარება, არის პანკისის ხეობაა”, – ამბობს კვახაძე.
მიზეზები რის გამოც, პანკისის ხეობა კადიროვის ინტერესშია ალეკო კვახაძის თქმით რამდენიმეა, მათ შორის ომისშემდგომი ფაქტორი, ვინაიდან ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ლტოლვილთა ნაკადის შედეგად პანკისის მოსახლეობა გაორმაგდა, ხოლო ახალგაზრდა თაობა, ჩეჩნური წინააღმდეგობის სულისკვეთებით გაიზარდა. ბევრი მათგანი კადიროვს აღიქვამს, როგორც პიროვნებას, რომელიც ჩეჩნეთის მტერთან თანამშრომლობს.
მეორე თემა რელიგიურია. 2000-იანი წლებიდან სალაფიზმი აქტიურად გავრცელდა პანკისის ხეობაში და მან თითქმის ჩაანაცვლა კადირისა და ნაქშბანდის რწმენის სუფიური ისლამი. ისლამის ამ მოძრაობის მხარდამჭერები მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანები არიან.
ალეკო კვახაძე:
“მე ვერ ვხედავ რაიმე კონკრეტულ საფრთხეს იმამის მოღვაწეობაში. პანკისის ხეობაში ჩასვლამდე ტახირ დუიშვილი ორმაგი მოქალაქე იყო. ის ცხოვრობდა ჩეჩნეთში და ერთ-ერთი სოფლის მეჩეთის იმამად მსახურობდა. პანკისის ხეობაში მისი დანიშვნის შემდეგ დიდი ცვლილებები არ მომხდარა. ხმოვან შეტყობინებებამდე იგი არ გამოირჩეოდა რაიმე აქტივობით. ომალოში სუფის მეჩეთი რესტავრირებულია, თუმცა ლოცვებს ხანდაზმული ადამიანები ესწრებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ტახირ დუიშვილი, როგორც დუისის მეჩეთის იმამი, საქართველოს მუფთიატის შემადგენლობაში შევიდა და ქართული მხარის ოფიციალურად დანიშნული იმამია.
ის მისი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა და ავტომატურად დარეგისტრირდა საქართველოს მუსლიმთა საბჭოს წევრად, რომელიც დუისის მეჩეთებს აკონტროლებს”.
აბუბაქარ იანგულბაევი:
“რაც ხდებოდა ჩეჩნეთში, როგორ ებრძოდა კადიროვი ახალ ტენდენციებს, აჩვენებს, რომ ეს ყველაზე ხშირად ტირანიის, დიქტატურის ადგილია, ეს არის ძალადობის ადგილი. როდესაც ადამიანები გარეგნობის ან ლოცვის დროს არასწორი მოძრაობის გამო, შეიძლება აწამონ, მოკლან, ტერორიზმში დაადანაშაულონ, სახლი დაუწვან ან დაუნგრიონ. სწორედ ამ მეთოდებით ჩაანაცვლა ისლამის ნებისმიერი სხვა მიმდინარეობა, რომელიც კადიროვს პირადად არ მოსწონდა. მისი ამოცანაა ამ გავლენის შემდგომი გავრცელება…”
კადიროვი აბუბაქარსა და მის ოჯახის წევრებს ტერორისტებს უწოდებს. მისი დედა ზარემა მუსაევა 2022 წლის იანვარში გაიტაცეს და დღემდე ჩეჩნეთის ციხეშია.
“ვინც კადიროვის წინააღმდეგია ან მას არ მოსწონს, მარტივად შეუძლია ტერორისტთა სიაში დაამატოს. ბუნებრივია, ამაში მას კრემლი უჭერს მხარს და ზოგადად მას მიცემული აქვს სრული კარტბლანში აბსოლუტური ძალადობის გამოყენებაზე…” – ამბობს აბუბაქარ იანგულბაევი.
ალეკო კვახაძის თქმით, კადიროვის ადმინისტრაციის მიმართ, ერთი შეხედვით, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც სირიაში იბრძოდნენ, მასზე საუბრის ეშინიათ. მიზეზი ორია, მათი ნათესავები ჩეჩნეთში ცხოვრობენ, ასევე ბევრი წარმატებული პანკისელი მეწარმე თავისი კაპიტალით ჩეჩნეთსა თუ რუსეთზეა არიან დამოკიდებული.
იანგულბაევი კი ამბობს, რომ კადიროვს მცირე გავლენა აქვს ევროპელ ჩეჩნებზე, რადგან ისინი ფინანსურად დამოუკიდებლები არიან. ამ შემთხვევაში კადიროვი უფრო ემოციურ ნაწილით მანიპულირებს, რადგან უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება სურს. ამისთვის კი უნდა დაეთანხმონ გარკვეულ პირობებს: მაგალითად, აღიარონ კადიროვის ძალაუფლება ჩეჩნეთში, დახუჭონ თვალი იმ დანაშაულებზე, რასაც კადიროვი სჩადის.
ალეკო კვახაძე აბუბაქარის შიშს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მედიაში გაზვიადებულია ის როლი, რასაც პანკისის ხეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ცხოვრებაში ასრულებს:
“90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისის პანკისის კრიზისის მაგალითს თუ ავიღებთ, ეს გამოიწვია იმ ქაოსმა, რაც მაშინდელ საქართველოში იყო – ქვეყანა ვერ აკონტროლებდა თავის საზღვრებს. დღეს ასეთ პროცესების განმეორების საფრთხე თითქმის ნულოვანია..” წყარო