ერთ-ერთი ბოლო საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მიიღო, საქართველოს დაზვერვის სამსახურის შეფის შეცვლა იყო. მან გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტ ირაკლი ბერაიათი შეცვალა და ოპოზიციური პარტიების ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის კადრები თავისი ერთგული კადრებით ჩაანაცვლა.
8 აპრილს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი თავად წარუდგინა, მის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე მოუყვა და მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრულ თანადგომას დაჰპირდა.
ვინ არის ირაკლი ბერაია და რით დაამახსოვრა მან თავი საზოგადოებას?
ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც ირაკლი ბერაიას სახელს უკავშირდება, მისი და ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას დაპირისპირებაა.
2023 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე, ირაკლი ბერაიამ, რომელსაც იმ დროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, თავის მოადგილეს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა უწოდა“ და თქვა, რომ დეზინფორმაციაა აქუბარდიას განცხადებები, რომლის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ირაკლი ბერაიამ და მისმა კოლეგებმა „მხარი არ დაუჭირეს საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, რომ ისინი დარბაზში არ იყვნენ და ამით პუტინის დავალება შეასრულეს“.
ბერაია ამბობდა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველო არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო.
„ქალბატონო აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე და საქართველოს საკითხის განხილვის დროს, როცა ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში ჩემი არაერთი შენიშვნა თუ შესწორება ყოფილა ინიციირებული, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა, იყო გაქცეული შოპინგზე ან, მისი სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე” ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა“.
ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას კრიტიკას მმართველ გუნდის მიმართ იმით ხსნიდა, რომ „მას საზღვარგარეთულ ვიზიტებში არ უშვებდნენ“ და, რომ მას „არ ეძლეოდა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება“, „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“.
მოგვიანებით უმრავლესობის წევრებმა და თავად ირაკლი ბერაიამაც ბოდიში მოიხადეს, თუმცა, რადგან ბერაიას მიმართ კრიტიკა არ შეწყვეტილა და ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მკაცრი რეაგირება მოითხოვეს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მათ უპასუხა: “შეირგეთ ის ბოდიშიო”.
დეპუტატ ალეკო ელისაშვილს კი, რომელმაც ბერაიას გადადგომა მოითხოვა, ირაკლი ბერაიამ უპასუხა: „გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს – ერთხელ და სამუდამოდო!“.
ირაკლი ბერაიას სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ თეონა აქუბარდიამ საჯარო პოსტში დაწერა, რომ თავდაცვის კომიტეტიდან მისი ჩამოშორება გაუხარდა, თუმცა დაზვერვის უფროსად (რა სფეროშიც ბერაიას ერთი დღეც არ უმუშავია) მისი დანიშვნა „კიდევ ერთხელ მოწმობს უსაფრთხოების სისტემის დაკნინებას პოლიტიკური ნიშნით“:
„დააფასეს ჩემს წინააღმდეგ მათი გაგებით “ჯაშუშობა” და დისკრიმინაცია. ბრავო“, – წერს თეონა აქუბარდია, რომელმაც ირაკლი ბერაიას გამონათქვამების გამო სახალხო დამცველსაც მიმართა გენდერული დისკრიმინაციის წახალისების დადგენის მოთხოვნით.
ეს შემთხვევა მოხვდა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში და ის ეცნობა პარლამენტსაც.
“მე რომ “ოცნების” ლიდერი ვიყო… ბერაია არ უნდა დადიოდეს საქართველოს პარლამენტში… ის არც კომიტეტის თავმჯდომარეა, არც არავინ ცნობს. თავისთვის დადის. გამარჯობას ეუბნებიან მარტო “ქოცები”. ჩემი აზრით, მან თავის საქციელზე პასუხი აგო”, – უთხრა რადიო თავისუფლებას ინტერვიუში “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
ირაკლი ბერაიას ჟურნალისტებთან მოსვლია შელაპარაკება:
„რა შენი საქმეა, წადი რა“, – ასე უპასუხა ირაკლი ბერაიამ ტვ „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ირანის ელჩთან შეხვედრის თაობაზე.
სხვა განცხადებები: ბერაია ნატოზე
2020 წლის იანვარში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად, რომ „რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ“, ირაკლი ბერაია, რომელსაც იმ დროს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი უკავია, ამბობს, რომ „საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“.
ციტატა კომენტარიდან:
„ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სუბიექტი, მიუხედავად სამხედრო-პოლიტიკური ამბიციებისა თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს“.
ბერაია რუსეთის უფლებამოსილებაზე ევროსაბჭოში
ამავე პოსტზე ყოფნის პერიოდში, 2020 წლის იანვარში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად მყოფი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაზე. ციტატა:
„რუსეთი უგულებელყოფს ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს და ვიდრე აგრძელებს თავის დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის ფედერაციის ადგილი ამ ორგანიზაციაში არ არის“.
ამ სხდომაზე დელეგაცია წარადგენდა არგუმენტებს, თუ რატომ არ უნდა ეღიარებინა ასამბლეას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება.
რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.
თუმცა, ირაკლი ბერაიაც იმ დეპუტატების სიაშია, ვინც 2023 წლის მარტში ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს დაუჭირა მხარი.
ბერაია შოვის ტრაგედიის დროს ვერტმფრენის დროულად გამოყენებაზე
„სამაშველო ვერტმფრენები ოპერაციაში ჩაერთნენ ზუსტად იმ დროს, რა დროსაც მათი ჩართვის საჭიროება დადგა… მყისიერად დაიწყო ვერტმფრენის ფრენისთვის მომზადების პროცედურები და როგორც კი მეტეოროლოგიურმა პირობებმა მფრინავებს მისცა შესაძლებლობა, როდესაც დაიწია რისკებმა… 2 ვერტმფრენი ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში“, – ასე უპასუხა ირაკლი ბერაიამ შოვის სტიქიის დღეებში სამაშველო ვერტმფრენების დროულად გამოყენებაზე დასმულ შეკითხვას.
2023 წლის 3-4 აგვისტოს ღამით კურორტ შოვში მოვარდნილმა ღვაცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ცნობილი კურორტი მთლიანად გაანადგურა. მთავარი კითხვები, რომლებიც მაშინვე დაისვა ხელისუფლების მიმართ, იყო – რატომ ელოდნენ გადარჩენილები სტიქიის ზონაში ვერტმფრენის გამოჩენას სამ საათზე მეტხანს, რატომ არ იმუშავეს 3-4 აგვისტოს ღამეს დამეწყრილ ტერიტორიაზე ვერტმფრენებმა და რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენების შეძენა.
რამდენიმე დეტალი ბერაიას ბიოგრაფიიდან
დაზვერვის სამსახურის ახალი უფროსი 46 წლისაა.
ის სენაკში დაიბადა 1978 წელს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ირაკლი ბერაიას ბიოგრაფიაში წერია, რომ დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით: საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია და უესტმინსტერის უნივერსიტეტი დიპლომატიის მაგისტრის ხარისხით.
წოდება – ლეიტენანტი.
მისი კარიერა ასე ვითარდებოდა:
- 2020 წლიდან 2024 წლის 3 აპრილამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
- 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე.
- 2015-2016 წლებში ირაკლი ბერაია იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
- 2012-2015 წლებში – შსს-ს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
- 2012 წელს – „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი.
- 2007 წელს იყო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი.
- 2007-2008 წლებში – შპს „სპეცტექნიკარესურსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
- 2004 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, მიწვეულ სპეციალისტად.
- 2002-2004 წლებში – შპს „ქსილოტრანსში“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორად.
- 2002 წელს იყო შპს „ქსილოტრანსის“, გენერალური დირექტორის თანაშემწე.
- 2001 წელს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი.
- 1999-2001 წლებში – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი.
საქართველოს პარლამენტში იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის (2017 წლის 26-29 მაისი) საორგანიზაციო კომისიის წევრი.
რა წერია ბერაიას ქონებრივ დეკლარაციაში?
ირაკლია ბერაიას თანამდებობის პირის ქონების დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 30 იანვარს არის შევსებული, მითითებული აქვს, რომ აქვს ორი ბინა (მინდელის ქუჩაზე – 110 კვადრატული მეტრი, 324 018 ლარის ღირებულების, ნაყიდია 2022 წელს, ქავთარაძის ქუჩაზე – 78 კვ.მ-ის ფართის, 58 500 დოლარის ღირებულების, ნაყიდია 2014 წელს) და ერთი ავტოფარეხი (15 კვ.მ მინდელის ქუჩაზე, 16 215 ლარის ღირებულების, შეძენილია 2022 წელს).
სამივე ქონების მესაკუთრედ მისი მეუღლე, ხათუნა ბობოხიძეა მითითებული.
დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე ირაკლი ბერაიას დანიშვნის კიდევ ერთ მიზეზად, ოპოზიცია ასახელებს „დაზვერვის სამსახურის ხელით პარტიული ინტერესების გატარების მიზნებს“.
ოპოზიციამ ირაკლი კობახიძისგან შალვა ლომიძის თანამდებობიდან გათავისუფლების დამაჯერებელი არგუმენტებიც მოითხოვა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მოუსმენია.
რაც შეეხება ამ უწყების სხვა ხელმძღვანელებს,
ირაკლი ბერაიამდე დაზვერვის სამსახურს სათავეში ედგნენ:
- ავთანდილ იოსელიანი (1997 წლის სექტემბერი – 2004 წლის თებერვალი);
- ვალერი ჩხეიძე (2004 წლის თებერვალი-ივნისი);
- ბათუ ქუთელია (2004 წლის ივნისი-ოქტომბერი);
- ანა ჟვანია (2004 წლის ოქტომბერი – 2008 წლის თებერვალი);
- გელა ბეჟუაშვილი (2008 წლის თებერვალი – 2013 დეკემბერი);
- დავით სუჯაშვილი (2013 წლის დეკემბერი – 2019 წლის სექტემბერი);
- ლევან იზორია (სექტემბერი 2019 – 2020);
- შალვა ლომიძე (2020 წლის თებერვალი – 3 აპრილი, 2024).
დაზვერვის სამსახური ყველა ქვეყნის ძალოვან უწყებებში ერთ-ერთი საკვანძო რგოლია – საქართველოს დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა-გამოვლენაა.
რადიო თავისუფლება