დღეს ლაზარეს შაბათია – ლაზარე” ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს.
დიდმარხვის მე-6 შვიდეულის შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას – ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.
ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქება და დიდება ქართული ენისა“).
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია.
ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.
როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა.
როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ.
მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.
მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართ მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა. იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა. მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი გარეთ! – მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ
მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე. აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით.