”მთავარი არხის” ინფორმაციით, მთავარი არხის ჟურნალისტ, ნინი ბალანჩივაძეს დეპუტატ ნინო წილოსანის მოთხოვნით ეკრძალება საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ერთი თვის განმავლობაში.
როგორც მთავარი არხი აცხადებს, ჟურნალისტმა უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს კითხვა დაუსვა მოსალოდნელი სანქციების შესახებ, რაზეც წილოსანმა უთხრა, რომ პარლამენტში მოქმედი წესების მიხედვით არ ეწერებოდა მათ ტელევიზიას და მას შემდეგ, რაც ნინი ბალანჩივაძემ გააგრძელა კითხვის დასმა, წილოსანმა უთხრა, “მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ”.
მას შემდეგ, მთავარი არხის ჟურნალისტმა ოფიციალური წერილი მიიღო საქართველოს პარლამენტისგან, სადაც წერია რომ 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული პუნქტების საფუძველზე მას შეუჩერდა ჟურნალისტის აკრედიტაცია 1 თვის ვადით.
2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. ახალი წესების თანახმად, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.