დინამოს აკადემიის სტადიონზე ახლა ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები ვარჯიშობენ – ყველა მათგანს, საქართველოს ნაკრებში საკუთარი ფავორიტი ჰყავს. სულ ახსოვთ, რომ პორტუგალიის დამმარცხებელი ბიჭებიც, ბურთს მათსავით აქ, ამ ბალახზე აგორებდნენ. მთავარი მოტივაცია მაინც ყველასთვის 26 მარტისა და 26 ივნისის გამარჯვებებია.
ამ სტადიონზე ზუსტად ამ ასაკში და ზუსტად ასე ოცნებობდნენ დიდ ფეხბურთზე ბიჭები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და მთელი საქართველოს გულები დაიპყრეს.
2013 წელს მათი ოცნება პირველად მაშინ ახდა, როდესაც დიღომში, ლიუბლიანას ქუჩაზე, საფეხბურთო აკადემიაში, ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, კრისტიანო რონალდო მივიდა.
ვიდეო და ფოტოარქივი ინახავს უნიკალურ კადრებს, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად, 12 წლის ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, და ზურიკო დავითაშვილი პოზირებენ.
ამ პატარა ბიჭებმა, ვისთვისაც რონალდოსთან ერთად ფოტოს გადაღება ოცნების ახდენა იყო, მისი დამარცხებაც შეძლეს. ამ თითქოს შეუსრულებელ მისიას, 11 წელი და სტადიონზე, დღე და ღამე ვარჯიში დასჭირდა. ამით დინამოს აკადემიის იმ თაობამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი უბრალოდ არაფერია.
- 11 წლის წინ, 2013 წლის 7 ივლისს, როდესაც რონალდო, სხვა ათი ათასობით მისი ფანის მსგავს, 12-13 წლის ფეხბურთებთან ერთად ალბათ რიგით მეათიათასე სურათს იღებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ მას გვერდით ის ბიჭები ედგნენ, ვინც მის პენალტს მოიგერიებდა და მეტიც, შეძლებდა მისთვის ეჩვენებინა, რომ ისინი გაიზარდნენ და ახლა თავად არიან სხვისი კუმირები.
ამ ფოტოსა და ამ ვიდეოს შორის სხვაობა 13 წელია. პირველზე ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ვარსკვლავთან შეხვედრითაა ბედნიერია. მეორე ვიდეოში კი ისევ ხვიჩა, მასთან მიდის და წაგებით განაწყენებულს ამშვიდებს. ამ დღეს ალბათ ვერც კვარა წარმოიდგენდა მაშინ, როცა 6 წლის ასაკში საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანეს და მწვრთნელს, დათო იმნაძეს ჩააბარეს.
6 წლის ხვიჩას მაშინვე შეატყვეს, რომ მას დიდი სტადიონები ელოდა და ეს მასშტაბი მის შესაძლებლობებს არ აკმაყოფილებდა.
კვარას ოთახი, სადაც 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ახლა მუზეუმივითაა, ერთი განსხვავებით, მასში აკადემიის სხვა აღსაზრდელები შეასახლეს და შესაძლოა ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავების ისტორია ახლაც, ისევ ამ კედლებში იწერება.
კვარაცხელიას თამაშის ტექნიკას ყველაზე დიდი მღელვარებით, სწორედ აქ, დიღმის მასივიდან აკვირდებიან და განიცდიან. მათ თვალწინ გაიზარდა ბიჭი, რომელიც რონალდოს ეთაყვანებოდა და მისი დამარცხებაც საკუთარ თავზე აიღო.
სამეგრელოდან ჩამოსული ბიჭის და ნაკრების სხვა ვარსკვლავების წარმატებას საფუძველი მაინც დინამოს აკადემიაში ჩაეყარა. კვარა, ჩაკვე, ქოჩორა, ზურიკო, ლოჩო და მამარდა, ერთ გუნდად ჯერ კიდევ მაშინ იქცნენ, როდესაც 11-12 წლის ასაკში ერთმანეთს ამ მოედანზე შეხვდნენ. ბიჭმა აქ დაიწყეს არა მხოლოდ ბურთთან, ერთმანეთთან შეთამაშებაც.
მამარდა ამ აკადემიაში არა მხოლოდ სწავლობდა და ვარჯიშობდა, აქვე ცხოვრობდა და აკადემიის წესების მიხედვით, სახლში წასვლის უფლება, მხოლოდ შაბათ-კვირას ჰქონდა. იგივე პირობებში იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძეც.
გიორგი ჩაკვეტაძის ოჯახი ოჩამჩირიდან დევნილია. მამა მერაბ ჩაკვეტაძე, საკუთარი სოფლის და სამშობლოს დასაცავად, იარაღით ხელში იბრძოდა. ფეხბურთელის მშობლებმა და ძმებმა, აფხაზეთი 300 ათას ქართველთან ერთად, რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს. გიორგი 1999 წელს, უკვე თბილისში დაიბადა. დღემდე, მუდმივად მოსდით ამბები ენგურს იქითა საქართველოდან. ცხოვრება დევნილობაში, ჩაკვემ და მისმა ოჯახმა მოსკოვის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში დაიწყო. 6 წლის იყო, როდესაც მის მიერ სახლში აკენწილილმა ბურთმა, მიახვედრათ, რომ გიორგის ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭს წვრთნა ესაჭიროებოდა.
გიორგი მაშინვე შეამჩნიეს და გამოარჩიეს აკადემიაშიც. იქაც ყველამ იცოდა, რომ ჩაკვეს კუმირი კრიშტიანუ რონალდუ იყო. ამიტომ იდგა მის გვერდით ყველაზე დიდხანს და ამიტომ უყურა მსოფლიო ვარსკვლავის მასტერკლასს ერთ მეტრიან დისტანციაზე.
გიორგი ჩაკვეტაძე არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც უეფას ერთა ლიგაზე 2018 წელს გოლი გაიტანა. ეს იყო გარდამტეხი პერიოდი გიორგის ცხოვრებაში. ამ გოლის შემდეგ მისით არაერთი უცხოური კლუბი დაინტერესდა.
მაშინ ბევრ წლიანი იმედგაცრუების ეპოქა დასრულდა, სწორედ 19 წლის ჩაკვეს გოლმა დაუბრუნა ქართველ გულშემატკივარს იმის რწმენა, რომ ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაშიც წარმატების მიღწევის შანსი ისევ ჰქონდა. მერე იყო უცხოური კლუბების არაერთი შემოთავაზება და პირველი კონტრაქტი.