უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია და დღის განმავლობაში 94 სამხედრო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, რუსული ჯარები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ წინსვლას, უკრაინის არმია კი თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს. როგორც გენშტაბი აღნიშნავს, ყველაზე მეტი შეტაკება პოკროვსკის მიმართულებაზე მოხდა.
“ლიმანის მიმართულებით რუსეთის არმიამ ავიაციის მხარდაჭერით ათი შეტევა განახორციელა უკრაინის პოზიციებზე მაკეევკას, ნევსკის, ტორსკის და ტერნოვის მახლობლად.
კუპიანსკის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა ოთხჯერ შეუტიეს უკრაინული დანაყოფების პოზიციებს.
ხარკოვის მიმართულებით რუსულმა ჯარებმა რვაჯერ სცადეს უკრაინის ჯარების თავდაცვით პოზიციებზე შეჭრა გლუბოკოეს, ვოლჩანსკის და სტარიცას მიდამოებში.
ტორეცკის მიმართულებით რუსული ჯარების ძირითადი აქტივობა შეინიშნება სევერნის, ჟელეზნისა და ნიუ-იორკის რაიონებში” იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.