დიდი არეულობაა მთელ მსოფლიოში, ჩვენს მომავალ თაობას, გურული სადღეგრძელოსი არ იყოს, მშვიდობას ვუსურვებ – კახიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მაესტრო ვახტანგ კახიძე “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

”ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ყოველთვის ყველაფერზე მოქმედებს, მაგრამ ერთადერთი რამ მშველოდა, ორკესტრის პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა.

სიტუაცია როგორი არეულიც არ უნდა იყოს, შენი საქმე უნდა გააკეთო, თორემ ჩვენს საქმეს როგორც კი გააჩერებ, შეიძლება ერთ კვირაში დაგენგრეს ათწლეულებში ნაშენები. ამ ორკესტრს გავლილი აქვს 90-იანი წლები, 2000-იანი წლების დასაწყისი, პალტოებში, ხელთათმანებით დაკვრა, რემონტი, უდარბაზობა, მამაჩემის გარდაცვალება და ასე შემდეგ. ერთადერთი საშუალება ამის გადასალახავად საქმის კეთება იყო და არის. ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყანას უნდა ჰყავდეს ღირსეული ორკესტრი, ოპერის თეატრი, სახელმწიფო თეატრები…

კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გეზი გვაქვს აღებული ევროპისკენ, სადაც დიდ პატივს სცემენ ჩვენს ფოლკლორს, მართლაც საოცარ მემკვიდრეობას, მაგრამ ევროპული კულტურითაც უნდა ფასობდე, სიმფონიური ორკესტრით, ოპერით… დროს არ უნდა ჩამორჩე და არც ჩამოვრჩებით.

ჩვენ აბსოლუტურად აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ჩვენ საქვეყნო საქმეს მუსიკის საშუალებით ვაკეთებთ. მუსიკა თავისთავად ენაა და საკმარისია შენი თავის გამოსახატავად, შენი სიტყვის სათქმელად.

საერთოდ, დიდი არეულობაა მთელ მსოფლიოში. კარგის მოლოდინი ნაკლებად გაქვს, რაღაც კატასტროფისაკენ მიგიწევს გონება. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან! მეშინია, რა ცხოვრება იქნება? რა გარემოში მოუწევთ ცხოვრება ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს? ამიტომაც ჩვენს მომავალ თაობას, გურული სადღეგრძელოსი არ იყოს, მინდა მშვიდობა ვუსურვო. უამისოდ ყველაფერი შეფერხდება და გაჩერდება.” – აცხადებს კახიძე.

vi-2-1720376457.jpg

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share