“მე არ ვარ უიმედოდ განწყობილი” – ასე აფასებს ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ სარჩელს, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი კანონის გაუქმებას მოითხოვს.
ბესელია მიიჩნევს, რომ პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს და მოსამართლეები სარჩელს, თავდაპირველ ეტაპზე, მიიღებენ, შემდგომ კი პროცედურის სრული დაცვით განიხილავენ.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სარჩელის მიღება მნიშვნელოვანია, რადგან მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.
”მე არ ვარ უიმედოდ განწყობილი და არ მგონია, მარტივი იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სარჩელზე უარის თქმა. მათ აქვთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა და მეორე მხრივ, იოლი. რთული იმიტომ, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა დიდი იქნება, მაგრამ იოლი იმიტომ, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დგას. ამ კანონს მოყვა შედეგად ის, რომ ევროკავშირმა თქვა, რომ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამიტომ არის მოთხოვნა დაყენებული, რომ გამწესრიგებლის სხდომაზევე კანონის მოქმედება შეჩერდეს და მისი განხილვა გაგრძელდება ისე, რომ მისი მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს. ამ კანონის მოქმედებას თუ არ შეაჩერებს არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი ამ კანონს ისედაც გააუქმებს. მაგრამ არჩევნებამდე მან რომ არ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი, ამიტომ არის მისი მოქმედება შესაჩერებელი. ვიცი, ვხედავ და ვგრძნობ, რომ რთული იქნება მოსამართლეებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო რთული იქნება უარის თქმა”, – ამბობს ბესელია.
ისტორიული შანსი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის – ასეთი პრეცედენტი სასამართლოს დაარსების დღიდან არ ყოფილა. ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელი, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და მათ პოზიციას გამოხატავს უკვე გადაგზავნილია ბათუმში. “კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ანუ ჩანაწერს, სადაც ქვეყნის ევროპული კურსია განსაზღვრული” – ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი არგუმენტი.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს სამ-დღიანი ვადა აქვს, რომ სარჩელი დაარეგისტრიროს. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სამი დღის განმავლობაში დარეგისტრირდება, საკონსტიტუციო მას წარმოებაში მიიღებს, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებენ თუ არა ამ საქმეს პრიორიტეტს.