ციფრებში ასახული ხალხის განწყობა – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხელისუფლებას კარგავს. მმართველ გუნდს გამოკითხულთა მხოლოდ 32 პროცენტი უჭერს მხარს. რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს. ერთიანობა, ძლიერი საქართველო, პარტია “საქართველოსთვის” და კოალიცია ცვლილებებისთვის – ეს ის პირველი ოთხეულია, რომელიც ოპოზიციური რეიტინგების სათავეშია. მხოლოდ ამ ოთხი გაერთიანების ჯამი 50 პროცენტზე მეტია.
ოპოზიცია იგებს ნებისმიერი კონფიგურაციით. სრული გაერთიანების შემთხვევაშიც და იმ ერთობებითაც, რომელიც ბოლო თვეში შეიქმნა. რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, ვრცელ სიას სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში. პრეზიდენტს 63-პროცენტიანი მოწონება აქვს. სიის ბოლო ორ ადგილზე კი “ქართული ოცნების” ორი ლიდერია. ყველაზე ნაკლები მოწონება და შესაბამისად ყველაზე მეტი არმოწონება ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.