გიორგი შაქარაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა.
ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მოგვიანებით კი გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება გადააკვალიფიცირა და არსებულ მუხლებს ყველაზე მძიმე, 109-ე მუხლი დაემატა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირი დააკავეს, ხოლო 109-ე მუხლით – 5.
პროკურატურამ 11 იანვარს კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
ძალადობაში ბრალდებული 3 პირი კი 11 იანვარს სასამართლომ 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.