გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პუტინის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის შეიარაღების გამოყენებაზე ნებართვის მიცემა NATO-ს რუსეთთან ომში ჩაითრევს, უბრალო “მუქარაა”.
“მე მგონია, რომ პუტინი რასაც აკეთებს, ჰაერის ამტვერებაა”. – განაცხადა ლემიმ BBC-სთან საუბრისას.
მისი თქმით, პუტინის მხრიდან “ძალიან ბევრი მუქარაა. ეს მისი ხელწერაა. იგი იმუქრება ტანკებზე, იგი იმუქრება რაკეტებზე, იგი იმუქრება ატომურ იარაღზე”.
ამას გარდა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “გზიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს იმპერიალისტმა ფაშისტმა [პუტინმა]”, რომელსაც სხვა ქვეყნებზე თავდასხმა საკუთარი ნებისამებრ სურს.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ და უკრაინისთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე შეზღუდვების მოხსნა განიხილეს.
ბოლო პერიოდში ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს მიწოდებულ შორი რადიუსის რაკეტებზე, მათ შორის ამერიკულ ATAMCS-ებსა და ბრიტანულ Storm Shadow-ებზე, შეზღუდვის მოხსნას სთხოვდა, რათა უკრაინამ რუსეთში იარაღის საწყობებსა და სხვა სახის სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეძლოს.
12 სექტემბერს რუსულ სამთავრობო ტელევიზიაში პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შორი რადიუსის რაკეტებით ამარაგებენ, ომში ჩაითრევს.
“ეს არ არის უკრაინული რეჟიმისთვის ამ შეიარაღებით რუსეთზე დარტყმების მიტანის ნების დართვა-არ დართვის საკითხი. ეს არის შეკითხვა იმის შესახებ, გადაწყდება თუ არა, რომ NATO-ს ქვეყნები პირდაპირ იყვნენ ჩართული სამხედრო კონფლიქტში”. – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, “თუკი [დასავლეთში] ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს NATO-ს ქვეყნების, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირ ჩართულობაზე ნაკლებს არაფერს ნიშნავს. ეს იქნება მათი პირდაპირი მონაწილეობა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის არსსა და ხასიათს”.