“მხრეტელების” და “პალაჩების” სისხლიანი ეპოქა გურიაში

“მხრეტელების” და “პალაჩების” სისხლიანი ეპოქა გურიაში
ფოტოზე, რომ კაცია მისი სახელი და გვარი მთელი ბავშვობა მესმოდა. ოზურგეთში და მთლიანად გურიაში 1921 წელს დაწყებული რეპრესიების ერთერთი ძირითადი მოქმედი პირი გახლდათ. გურიაში განსაკუთრებით მძიმე 1924 წლის აგვისტო გახლდათ, მაშინ მთელი გურია ჯანყდა, გურიაში ეს აჯანყება „გამოსლების“ სახელით იყო ცნობილი. ამ კაცზე და მაშინდელ ამბებზე ბავშობაში და მერეც ბევრი გამიგონია, განაგონი ამბებიდან რამდენიმე ფრაგმენტს აქვე გთავაზობთ:
„მთელ ექადიას თავი მოგვიყარეს ……… (სახელი გვარი) ახლა იმის ეზოა იქ, გაგვაფრთხილეს საჩვენებელი დახვრეტა იქნება და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, თვარა კაი დღეი არც თქვენ დაგადგებათო. მამა შვილი უნდა დაეხვრიტათ, ჯერ გავყურებინეს მისი ხელით რაფერ ჯახირით მოთხარეს ნატანჯმა ხალხმა სამარე, მერე მამა ეხვეწებოდა ჩემი შვილის დახვრეტას ნუ მაყურებინებთ და ჯერ მე მომკალითო, არ შეუსრულეს თხოვნა, აყურებინეს შვილის სიკვდილიზა, მერე აბღავლეს გაჭირვებული კაი ხანს, ანახეს შვილის სიკვდილის სიმწარე და მერე დახვრიტეს.“
„კვაჭალათზე ხალხი, რომ დახვრიტეს, ერთიზა კონტროლკა დავიწყებიათ და ქე გადარჩენილა, ღამე გამოფორთხებულა აი გაჭირვებული გზის პირზე, ექადიელი გლეხი შეხვედია ურმით მოდიოდა ლიხაურიდან, უთხოვია მიშველეო, ექადიელს უთქვია ახლა დაგმალავ აგერ ბარდებში და უფრო გვიან ამოგაკითხავო, ჩამოსულა აი კაცი ოზურგეთში მუუკითხია მაგიზა, უთქვია კაცი დაგრჩენიათ ცოცხალიო, გამოქცეულა მაი ოხერი და დუუხრეტია ადგილზე“.
„მაგ კაცს პადელნკი ყავდა ერთი ოსი ყოფილა, ერთ სოფელში (თუ არ ვცდები ასკანაში) მურაბის ქურდობაში ბრალდებულს ხვრეტდა, მივიდა აი ოსი დაჩოქილ აკანკალებულ დასახვრეტ კაცთან და დასცინა – შეხედე რაფერი პატარაა აი ტყვია, ამან რაფერ შეგაშინა კაციო“.
„იმფერი ამბავი იყო გურიაში მენშევიკს და ფირალს ვინღა ჩიოდა, კაცს ლამაზი ცოლი თუ ყავდა ან ხვრეტდნენ ან აციმბირებდნენ. ისე წევიდა საქმე გურიაში შეუხედავი ქალი უფრო ადვილად თხოვდებოდა“.
„მაგ კაცს ნატანების სადგურზე გასაციმბირებელი ხალხი ჩაუყვანია, აღმოჩნდა, რომ ერთი რუსული გვარის კაცი გაქცეულა, იქვე ნატანების სადგურზე სადღაც მიმავალი რუსისათვის დაუვლია ხელი და შეუგდია ვაგონში – რუსი რუსიაო! ასე უთქვია“.
„მაგი ნაბადით დადიოდა იტყუებოდა ტყვია არ გადის ამაშიო, სადღა იყო დარჩენილი გურიაში მსროლელი თვარა ნაბადი უშველიდა მაგას“.
„ამ კაცზე რამე თუ გაგიაგია? – “მხრეტელი”? – რავიცი “პალაჩს” უძახოდნენო. – მერე რა სხვაობაა მაგაში ერთსაც უძახოდნენ და მეორესაც. მაგი კაცის კვლას, რომ დათხოვეს ოზურგეთის პარკში ძაღლებს კლავდა გეკოთ. პურის ნატეხს დაუგდებდა ძაღლს, მივიდოდა ძაღლი პურის საჭმელად დაადებდა თავზე გეკოს და კლავდა. ერთხელ ბავშვებმა „ზასადა“ მოუწყვეთ და ქვები დავაყარეთ და გავიქეცით.“
„ავად რომ იყო გაუგია ოზურგეთის მუზეუმში ჩემი სურათი ჩამოუხსნიათო, არავის არ ენდო და ოთხმა კაცმა მიიყვანა მუზეუმში საკაცით მისი სურათის სანახავად.“
.
,,ოზურგეთის პალაჩისათვის მის ნათესავს უკითხავს:
– ბიჯო ამდენი კაცი რომ გყავს დანახვრეტი ტყუილუბრალოდ არ გეშინია მაგათი შვილებისო?
ჯალათს გაუცინია და უპასუხნია:
– მაი ერთი ან ორი რომ მყავდეს მოკლული კი იქნებოდა საშიში, მარა მე ქვეყნის ხალხი დავხოცე და ახლა მაგენის შვილები ყველა იმას ფიქრობს ვინცხა რაფერ არ ჩააძაღლებს მაგას და მე რეიზა გავრისკოო!
.
ასე იარა “პალაჩმა“ ღრმა სიბერემდე მის მიერ დახვრეტილი ხალხის შვილებით სავსე გურიაში, გურიაში რომლის ყოფიერება მთლიანად შეცვალა უსასტიკესმა საბჭოთა რეპრესიებმა.
ფოტო წარწერით
(სახელსა გვარს არ ვწერ იმიტომ რომ შთამომვალობა ყავს ალბად და მათი ბრალი მის ნამოქმედარში არაა) б/активный участник революционных событий в Гурии-Грузии в 1905г.
Период создания:1970
Местонахождение – Федеральное государственное бюджетное учреждение культуры “Государственный центральный музей современной истории России”
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share