რუსეთმა გაგვინადგურა ყველა თბოელექტროსადგური, ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსული ძალების მიერ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის საკითხსა და ატომური რისკების შესახებ ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგური ამ დრომდე ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ, რაც ზრდის ატომური ინციდენტის რისკს – ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ეს “მთავარი რადიაციული საფრთხეა” როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვისაც.

“2022 წლის 4 მარტის ღამეს, მე მივიღე ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი მოხსენება, რაც რუსეთმა სრულ მასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო უკრაინაში.

მოხსენება იყო რუსულ ტანკებზე, რომლებიც პირდაპირ ჩვენს ატომურ სადგურს ესროდნენ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადგურია, ექვსი ატომური რეაქტორით.

რუსებმა ისევე დაუფიქრებლად და ბრუტალურად მიიტანეს იერიში ამ დაწესებულებაზე, როგორც სხვა დანარჩენ შენობებზე ამ ომის განმავლობაში.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძრწოლისმომგვრელი მომენტი ომის პერიოდში; როცა არავინ იცოდა, როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო რუსეთის იერიში ატომურ სადგურზე და უკრაინაში – ყველა გაახსენდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა “ჩერნობილს”.

ახლა ზაპოროჟიეს ოლქი ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ და იმყოფება ატომური ინციდენტის რისკის ქვეშ – ეს არის მთავარი რადიაციული საფრთხე ევროპისთვის და შესაძლოა, მსოფლიოსთვისაც.

სწორედ ამიტომ, მშვიდობის ფორმულაში, რომელიც წარმოვადგინე, პირველი პუნქტი ეხება ბირთვულ უსაფრთხოებას.

მსოფლიოს უმეტესობას ესმის, რა არის სასწორზე. გენერალურმა ასამბლეამ მოსთხოვა რუსეთს, დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი – მხოლოდ მაშინ დაბრუნდება რეალური ბირთვული უსაფრთხოება ევროპასა და მსოფლიოში.

ვინაიდან რუსეთს არ შეუძლია დაამარცხოს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა ბრძოლის ველზე, პუტინი სხვა გზებს ეძებს უკრაინული სულისკვეთების გასატეხად – მისი ერთ-ერთი მეთოდი, ჩვენი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევაა.

დღეის მდგომარეობით, რუსეთმა გაანადგურა ჩვენი ყველა თბოელექტროსადგური და ჩვენი ჰიდროელექტრო სადგურების დიდი ნაწილი – ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის, მილიონობით უკრაინელის დატანჯვის იმედით.

ჩვეულებრივი ოჯახები – ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი ქალაქები, ჩვეულებრივი სოფლები – პუტინს სურს ისინი სიბნელეში და სიცივეში დატოვოს ამ ზამთრისთვის – აიძულოს უკრაინა დაიტანჯოს და დანებდეს.

წარმოიდგინეთ თქვენი ქვეყანა, რომლის ენერგეტიკული სისტემის 80% გაქრა – სისტემის ასეთი განადგურებული ნაწილით, როგორი ცხოვრება იქნებოდა ეს?” – თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share