რა სირცხვილია! ამერიკის პრეზიდენტის საერთო მიღებაზე, სადაც გარდა რამდენიმე ამერიკის ღია მტრისა, ყველა ჩასული დელეგაციის ხელმძღვანელს პატიჟებენ, კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.
სააკაშვილის თქმით, “გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილია “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების აკრძალვის გეგმა”.
“რომ წარმოვიდგინოთ თუ რა არის ეს მიღება – მას როგორც წესი, ესწრება რამდენიმე ასეული ადამიანი. ეს არის ფურშეტი, რომლის დროსაც დელეგაციის ხელმძღვანელები რიგში დგანან, რათა ფოტო გადაიღონ პრეზიდენტთან. ახლა როგორც ჩანს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ხელიც არ ჩამოერთმიათ და ფოტოც არ გადაეღოთ, რათა შემდეგ ეს ქოცებს არ გაესაღებინათ რაიმე სახის ოფიციალურ კონტაქტად. გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად მოყვანილია “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების აკრძალვის გეგმა. ის რომ კობახიძე ნიუ-იორკშია არ ნიშნავს, რომ მას ამერიკის ვიზა არა აქვს გაუქმებული. ირანის და კუბის ლიდერებს არა აქვთ ამერიკის ვიზები, მაგრამ გაეროს შტაბ-ბინის სპეციალური ხელშეკრულების მიხედვით წელიწადში ერთხელ მათ ნიუ-იორკში გაეროს სესიაზე მაინც უშვებენ, თუმცა მათ ეკრძალებათ ნიუ-იორკის ცენტრალური ნაწილის გარეთ გასვლა, არადა იყო დრო, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა მითხრა ჩემს მიერ გაეროს გამოსვლაში კონკრეტული მომენტების გამო. ხოლო 2013 წლის ჩემს გამოსვლას უზარმაზარი ეფექტი ჰქონდა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ეს გამოსვლა დღეს ისე აქტუალურია როგორც არასოდეს”, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
25 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, “ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული” და განაცხადა, რომ “მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას”. ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის.