პარტია გახარია – საქართველოსთვის წევრი, თეონა აქუბარდია თელავში ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ წერს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ აღა-მაჰმად-ხანი შეცდომით ახსენა.
“კრწანისის ბრძოლა ამას კახეთში ეგონა, ხომ? ან ვაზი და აღა-მაჰმად-ხანი როგორ დააკავშირა? ისტორიის გადაწერასაც ცოდნა უნდა, ჯერ ნამდვილის, ოღონდ. ჰო, ისე, ერეკლე მეფეს რუსებმა რომ უღალატეს და გეორგიევსკის ტრაქტატით მფარველობის ნაცვლად მტერს მარტო შეატოვეს ეგეც გვახსოვს, ბატონი ბიძინი”. – წერს აქუბარდია.
მანამდე, თელავში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ივანიშვილმა თქვა, რომ “აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელ ადამიანს” ქართული ვაზის მტრად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოევლინა.
“შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა… აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო “ნაციონალური მოძრაობა” მოევლინებოდა”. – თქვა ივანიშვილმა გამოსვლისას.