თავისუფლების მოედანზე მიმდინარე “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, თბილისის მერმა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და მოახლოებულ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
კახა კალაძე რეგიონიდან საგანგებოდ ჩამოსული მოქალაქეების წინაშე ამტკიცებდა, რომ ევროპიდან და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები “რადიკალები” არიან, რომლებიც გრანტებს “რევოლუციის მოწყობისთვის იყენებენ“.
”პირდაპირ ერევიან არჩევნებში, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ მიიღონ თანხები, გამოიყენონ ეს ყველაფერი ხალხის დაპირისპირებაში, რევოლუციების მოწყობაში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ”, – ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, თბილისში, “ქართული ოცნების” შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო. ამ წუთებში, რეგიონიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მოქალაქეების წინაშე პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან.
“ქართული ოცნების” ღონისძიების გამო ქალაქი სრულიად პარალიზებულია – მოქალაქეები ბოლო რამდენიმე საათია კილომეტრიან საცობში დგანან.
სატრანსპორტო კოლაფსი ბოლო ორი დღეა გრძელდება, რადგან ივანიშვილის ღონისძიების გამო დედაქალაქი ბოლო 24 საათია ჩაკეტეს.
ამასთან, “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მეტრო თავისუფლების მოედანზე ჩასასვლელი და ამოსასვლელი დაკეტეს, ხალხს არ უშვებენ.