ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.
განცხადებაში ისინი აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის გვერდში დგანან და აღნიშნავენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ხელისუფლების რეაქცია მასზე, მშვიდობიანი დარჩეს.
მინისტრები ასევე გამოეხმაურნენ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში და მას ნაადრევი უწოდეს. მათივე თქმით, ორბანი ევროკავშირის სახელით არ საუბრობს.
“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე ვითარებით.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს.
ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყოველგვარ დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრას. ჩვენ ამ რთულ დროს ქართველების გვერდით ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ხელისუფლების რეაქცია მათზე, მშვიდობიანი დარჩეს.
საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან. ისინი [დარღვევები] ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატია.
კანონის უზენაესობის დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის გზაზე საქართველოს ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერმინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის ევროკავშირის სახელით არ საუბრობს”- ნათქვამია განცხადებაში.