რუსეთი: ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში ეს ყველასთვის ცნობილია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის 2024 წლის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, მოსკოვი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მხოლოდ თავისი ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვით და ე.წ. სპეცოპერაციის მიზნებზე ფოკუსირებით იმუშავებს.

“რუსეთი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, როცა ის უკვე “ჩაეწერება” თეთრ სახლში, იმუშავებს რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევის მტკიცე დაცვით. ჩვენი პირობები უცვლელია და ვაშინგტონში ეს ყველასთვის ცნობილია”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  6 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს არ აქვს შექმნილი ილუზიები დონალდ ტრამპთან და კონგრესის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით:

“ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ილუზიები რუსეთისთვის კარგად ნაცნობი ამერიკის არჩეული პრეზიდენტისა და კონგრესის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები ლიდერობენ. შეერთებულ შტატებში მმართველი პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად პარტიული მიკუთვნებულობისა, იცავს ანტირუსულ განწყობებს და “მოსკოვის შეკავების” კურსს”. – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share