ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და წერს.
„ბორის ჯონსონმა მოგვიტანა ბრექსიტი და დიდი წარმატებით უზრუნველყო კოვიდის ვაქცინის შექმნა. მან უწინამძღვრა ქვეყანას ყველაზე მძიმე გამოწვევების დროს და შემდეგ წინ აღუდგა პუტინს და მის ბარბაროსულ ომს უკრაინაში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მისი მადლიერი“ – დატვიტა რიში სუნაკმა, დიდი ალბათობით ბრიტანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
უცნაურია არა? რამდენი რამ გაუკეთებია თურმე ბორის ჯონსონს როგორც ბრიტანეთისათვის, ასევე მსოფლიოსათვის, მაგრამ …
შეგვიძლია პარალელი გავაკეთოთ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოვიდის ყველაზე ეფექტური ვაქცინების ფანტასტიკურად მცირე დროში შექმნა; ბრწყინვალე გარდაქმნები გააკეთა ამერიკის ეკონომიკაში; უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა; ევროპელი პარტნიორები აიძულა ნატო-ს წევრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ და ფინანსური კონტრიბუციები გაეზარდათ; განსაკუთრებული მხარდაჭერა გაუკეთა ისრაელს და კუთხეში მიაყენა ირანი; ხმამაღლა ალაპარაკდა ჩინეთიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკული მრეწველობის უკან გამოწვევაზე და ლოგიკური დასასრულისაკენ წაიყვანა ავღანეთის უაზრო ოკუპაცია – მაგრამ …
რამდენად გულწრფელი იყო რიში სუნაკი თავის ტვიტში?
რატომ ქირქილებდა და იმანჭებოდა ბორის ჯონსონი პარლამენტის სხდომაზე, როცა სუნაკი მოხსენებას აკეთებდა ბრიტანეთის ფინანსურ სიტუაციაზე და რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკურ გავლენაზე?
სუნაკს, მიუხედავად თავისი პირადი უზარმაზარი ფინანსური ლობისა, მოგეხსენებათ იგი ცნობილი ინდოელი მილიარდერის სიძეა, 2020 წლამდე არავინ ცნობდა პოლიტიკურ წრეებში, სანამ ბორის ჯონსონმა არ გამოიყვანა ასპარეზზე და ფინანსთა მინისტრის პორტფელი არ ჩააბარა. სუნაკი ერთხანს ერთგულად ემსახურა ჯონსონის გუნდს. სხვათაშორის, პანდემიის კარანტინის ცნობილი დარღვევისას სუნაკიც იმყოფებოდა იმ ყბადაღებულ წვეულებაზე, ჯონსონთან ერთად.
ჯონსონის ფიასკო სწორედ რიში სუნაკის თანამდებობიდან გადადგომით დაიწყო. მის რეზიგნაციის ოფიციალურ წერილს მოჰყვა ჯონსონის გუნდის სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების გადადგომაც და პრაქტიკულად მარტო დარჩენილ ბორისს სხვა გზა აღარ ჰქონდა, თავადაც დატოვა თანამდებობა.
ზუსტად ასეთივე გავლენა მოახდინა პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასის გადადგომაზე მეორე ინდოელმა მინისტრმა – სუელა ბრეივერმანმა. მისი გადადგომა აღმოჩნდა ტრასის გუნდის დაშლის კატალიზატორი; თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ტრასის ფინანსური პოლიტიკა კატასტროფული გამოდგა, რასაც ჯერ მისი ფინანსთა მინისტრის კვასი კვარტენგის გაწირვა მოჰყვა.
სუნაკს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ბრეივერმანმა და პაკისტანური წარმოშობის პარლამენტარმა, ჯანდაცვის ყოფილმა მდივანმა – საჯიდ ჯავიდმა – ორმა ძალიან გავლენიანმა პარლამენტარმა. ამრიგად, დიდი ალბათობით სუნაკი მოიგებს ბრძოლას პენი მორდაუნტთან. მისი მხარდამჭერების მთავარი არგუმენტია ის, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელ ჩამოშლილ ეკონომიკურ სისტემას, რომელსაც უარესი დარტყმები ელის ზამთარში, მოსალოდნელი ევროპული ენერგეტიკული კრიზისის გამო, „მტკიცე ხელი“ სჭირდება სტაბილიზაციისათვის. ლიზ ტრასისთან კონკურენციისას, სუნაკმა უკვე მოიპოვა პარტიის ლიდერის პოზიცია; თუმცა, „ძირძველი“ კონსერვატორები მას მწარედ აკრიტიკებენ ჯონსონის „ღალატისათვის“.
ტრასის ფინანსურ პოლიტიკას სუნაკმა უკვე უწოდა „ზღაპრების დონის ეკონომიკა“ და ამაში პრინციპში არც ტყუოდა. ოქსფორდისა და სტანფორდის კურსდამთავრებული და „გოლდმან-საქსში“ გამოწრთობილი სუნაკი თითქოს ბევრად უფრო კონსერვატიული პოლიტიკური ნიადაგიდან მოდის, ვიდრე ყოფილი ლიბერალი ტრასი, რომელიც ერთ დროს კანაფის ლეგალიზაციისა და მონარქიის გაუქმებისათვის იბრძოდა, მაგრამ … როგორც კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერი – იეინ დანკინ-სმისი სამართლიანად აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის რეკორდული ინფლაცია და ფინანსური კატასტროფა სწორედ სუნაკის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
ასე რომ … სუნაკი ძალიან კონტროვერსიული ფიგურაა. რამდენად ძლიერია მისი ფინანსური ნიჭი და იყო თუ არა ჯონსონის „საბოტაჟი“ გამიზნული, ამას დრო გამოაჩენს. ფაქტია რომ ჯონსონმა ზუსტად გააცნობიერა თავისი შანსები და დროულად თქვა უარი პრემიერობაზე. იგი ალბათ მოთმინებით დაელოდება სუნაკის ფიასკოს, თუკი ასეთი რამ მოხდება. სწორედ ამით განსხვავდება ჯონსონი თავისი ამერიკელი კოლეგისაგან, რომელმაც არ ისურვა მოთმინებით დალოდებოდა თავის განმეორებით შანსებს და ამით ქაოსი შექმნა პარტიაში, რითაც საბოლოოდ ბოლომდე დამარხა საკუთარი დამსახურებები“, – წერს ბორის ჯონსი.