თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება, დასაწყისისთვის, მან უნდა გააუქმოს კანონები, რასაც მას ევროკავშირი მოუწოდებს, მაგრამ საქართველოს, ასევე, მოუწევს იმ ცხრა ნაბიჯის შესრულება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობაა. ბურთი მართლაც საქართველოს მოედანზეა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ეს ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ოჯახურ ფასეულობებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს.
„განსაკუთრებით ე.წ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ისევე როგორც ოჯახურ ფასეულობებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, როგორც ამას აქ უწოდებენ, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევალება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკვე დამტკიცდა, რომ ძალიან საზიანოა ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ე.წ. ოჯახური ფასეულობების კანონი უკიდურესად შორს მიმავალია და ის კარს უხსნის საბჭოთა სტილის ცენზურას. ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურებულია იურიდიულ დასკვნებში, რომელიც გამოქვეყნდა, მაგალითად, ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც არის ევროპის საბჭოს ძალიან ავტორიტეტული ორგანო, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ. მათ ნათლად აღნიშნეს, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, განსაკუთრებით ეს ორი კანონმდებლობა და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, გასულ თვეებში ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომაში შემყვანი და მტრული რიტორიკა ევროკავშირის შესახებ საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან. ამ ყველაფერმა სერიოზულად შეარყია ჩვენი ნდობა საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ევროკავშირის გზაზე და ჭეშმარიტი რეფორმების მიმართ“, – განაცხადა დიპლომატმა ინტერვიუში.