დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ ინიციატივა შეიტანა, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია.
ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებამდე დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ უკვე მოექცნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნები, კერძოდ, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური.
მიზეზი საქართველოში დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევაა. ეს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა აშშ-სთან კოორდინირებული მოქმედებით დააწესა და დიდ ბრიტანეთში მათი მგზავრობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
თუ რას ნიშნავს მილიარდერებისთვის სანქციები და აქტივების გაყინვა “ბრიტანულად,” ეს ყველაზე კარგად სანქცირებული რუსი ოლიგარქის, Alfa Group-ის თანამფლობელის, მიხაილ ფრიდმანის მაგალითზე ჩანს. ის დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტში მოექცა. ლონდონში მყოფი რუსი ოლიგარქი იმავე წლის მარტში აცხადებდა, რომ დიდ ბრიტანეთში მისი ბოლო მოქმედი საბანკო ბარათიც გაიყინა. Bloomberg Businessweek მაშინ წერდა, რომ რუსი ოლიგარქი მეტად გაბრაზებული იყო, რადგან მისი საბანკო ბარათის უმოქმედობის გამო ცდილობდა, გაერკვია, თუ როგორ გადაეხადა ისეთი წვრილმანი ხარჯიც კი, როგორიც, მაგალითად, სახლის დამლაგებლის მომსახურებაა.
“იქნებ, მე თვითონ დავალაგო სახლი. არა უშავს, სტუდენტობის დროს საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში ოთხ კაცთან ერთად ვცხოვრობდი, თუმცა 35 წლის შემდეგ იმავეს გამეორება მოულოდნელია,” – ამბობდა მაშინ ფრიდმანი, „ნერვიული სიცილით,“ როგორც Bloomberg Businessweek შენიშნავდა.
ოლიგარქი უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ნაღდი ფულის გარეშე იყო დარჩენილი. ის ბრიტანეთის მთავრობას ფულის ხარჯვის ლიცენზიას ეხვეწებოდა, რაც თვეში, დაახლოებით, 2,500 გირვანქა სტერლინგის დახმარებას გულისხმობდა.
მაშინ ფრიდმანი კიდევ ერთ გამოცემა The Times-სთან ამბობდა, რომ ლონდონში ცხოვრებისას „კომფორტული სიმშვიდისა და სტაბილურობის გრძნობა“ დაკარგა. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში თავს „დამცირებულად და დაუცველად“ გრძნობდა, ხოლო ოლიგარქის ადვოკატი, ტიერი მერემბერტი სასამართლოში ამბობდა, რომ სანქციების გამო ფრიდმანის ცხოვრება „განადგურდა.“
ბრიტანელებმა ფრიდმანის სახლის მმართველისა და მსახურების ანგარიშებიც კი დაბლოკეს.
„მე აქ პატიმარი ვარ. ყველაფერი უარესდება. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, ნამდვილად არ ვიცი,“ – ამბობდა ფრიდმანი Bloomberg Businessweek-თან.
შედეგად, დიდი ბრიტანეთის, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გამო საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-მა, რომელიც მიხაილ ფრიდმანისა და მისი პარტნიორების, მათ შორის, სანქცირებულ პეტრ ავენის უცხოურ აქტივებს მართავს, 2022 წელს 7.85 მლრდ დოლარით იზარალა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე, 2021 წელს ფონდმა 4.56 მლრდ დოლარის მოგება ნახა. ასევე, ამ აქტივების სუფთა ღირებულება 18.65 მლრდ დოლარამდე დაეცა, რაც, Forbes-ის მონაცემებით, LetterOne-ის დაფუძნების შემდეგ ყველაზე დაბალი დონე იყო. აქტივების ღირებულება 20 მლრდ დოლარზე ქვემოთ 2013 წელს ფონდის შექმნის დღიდან პირველად დაეცა. 9 წლის შემდეგ მიხაილ ფრიდმანისა და მისი პარტნიორების ფონდის სუფთა აქტივების ღირებულება 39%-ით შემცირდა.
საბოლოოდ მიხაილ ფრიდმაინი დიდი ბრიტანეთიდან ჯერ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, რისი მოქალაქეობაც აქვს, თუმცა “ჰამასთან” ომის გამო მოსკოვში გაემგზავრა. ომის დასრულების შემდეგ ის ისრაელში დაბრუნებასა და მუდმივ ცხოვრებას გეგმავს.