ოზურგეთელი თუმანიშვილები და პირველი პურის საცხობი

ოზურგეთში ძველად გურიელების დროს დიდათ სახელოვნებდა თომა თუმანიშვილი (1800-1890). ეს იყო გურიელების მახლობელი პირი, მეგობარი, ვაჭარი სასახლის და სხვა და სხვა ამბების წამღებ მომტანიც.
თომა ოზურგეთში სცხოვრებდა ცოლ-შვილით. მისი შვილები იყვნენ და არიან: იოსები, მიხეილი და ალექსანდრე. ეს პირნი გურიაში არიან აღზრდილები და მათი ცხოვრება აღორძინდა იმ დროს, როცა გურულებმა თვალი გაახილეს.
ვაჭრობის ასპარეზედ ამისთვის მათ კაი შრომა მიუძღვისთ. მაგალითებრ პირველად ამათ როსტოვიდამ მოიყვანეს პურის მცხობლები და ოზურგეთში პურის ცხობა დაიწყეს. პურის ცხობის აღორძინება ოზურგეთში ამათის ცდითა და შრომით იწყება.
უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, გურულები ძველადგანვე პურის ცხობას სულ არ მისდევდენ, მათში ღომი და სიმინდი იხმარებოდა ყოველთვის.
პურის ცხობას და ჭამას გურულები 1840 წლების შემდეგიდამ შეეჩვივნენ. პურის საცხობთა განყოფილებანი მათ აქვნდათ ფოთს და ქუთაისსაც.
ფურნის პურის ცხობის საქმეს აქაც ისეთი მნიშვნელობა აქვს, ხოლო თონის პურის ცხობაკი აქ მეფეების დროიდგანვე იყო გავრცელებული.
*
ფრაგმენტი ზაქარია ჭიჭინაძის “ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა: (1905 წელი)
*
ფოტოზე ზაქარია ჭიჭინაძე: იგი იყო თვითნასწავლი – ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ბიბლიოგრაფი, მესტამბე და უბრალოდ დიდი მოყვარული თავის ქვეყნისა. თავის თხზულებებს თავისივე სტამბაში თავადვე აწყობდა, ბეჭდავდა, კინძავდა და თავადვე გამოჰქონდა გასაყიდად ბაზარზე. მის მიერაა შედგენილი და გამოცემული მრავალი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული, ეთნოგრაფიული, სამეცნიერო-პოპულარული და სხვა ხასიათის წიგნი. ზაქარიამ შექმნა ქართველ მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფიული შრომები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას უწევენ მკვლევართ.
აღსანიშნავია ის, რომ ჭიჭინაძეს დიდი ღვაწლი აქვს ქართულ ხელნაწერთა შეგროვებასა და ღარიბი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი წიგნების გავრცელებაში, განსაკუთრებით კი გურიაში, აჭარასა და სამხრეთ საქართველოში, სადაც მის მიერ შეგროვებული და შესწავლილი იქნა 500-ზე მეტი ძველი ხელნაწერი.
ჭიჭნაძეს მნიშნელოვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცნობები აქვს შეგროვებული და წიგნად გამოცემული გურიათან დაკავშრებით, ერთ-ერთ თავის ნაშრომში გურიელების არქივთან დაკავშირებით წერს, რომ არქივის მსალები რუსებმა სამაზრო კანცელარიიდან გამოიტანეს და ბაზრის ვაჭრებს ქაღალდად მიყიდეს: “1896 წ. 120 ფუთი ძველის დოკუმენტების, საგვარეულო ცნობების, სავაჭრო და სახელოსნო მოწმობის ფუთობით გაყიდეს და მით დაიღუპა დიდი რამ ძალი მასალები გურიისთვის დაუფასებელი, ჩვენგან მოუფიქრებელი და მოსაზრებული ცნობები. ზოგი რამ ცნობები მე შევკრიბე და ყოველივე ჩემი ცნობები იქიდამ ამოვკრიბე.”
1922 წელს ქართულ პრესა წერდა – ,,ის ცოცხალი მატიანეა ჩვენი მწერლობის და ვისაც სურს გაიგოს ჩვენი აზრის განვითარების ისტორია, ის ზაქარიას ვერ ასცდება.“
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და წვერი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share