თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა.
სოფრომაძის ინფორმაციით, სამსახურიდან იმ ადამიანების დათხოვნაც იგეგმება, რომლებიც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელს არ აწერენ, თუმცა დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ.
ყოფილი საჯარო მოხელე იმასაც ამბობს, რომ საჯარო სამსახურიდან მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ჩართული, რომელიც, მისივე თქმით, ინფორმაციას თითოეული დასაქმებულის პირადი შეხედულების შესახებ ფლობს.
”გათავისუფლებულ პირთა რაოდენობა ამ ეტაპზე 800-ზე მეტია. უმეტესობა გათავისუფლებულია გამოხატვის თავისუფლების ნიშნით, რომელიც უკავშირდებოდა იმ პოლიტიკური კურსის გაპროტესტებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებაში. ყველა ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა, პეტიციაზე ხელმომწერია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინც არ გათავისუფლებულა, მათი გათავისუფლებაც იგეგმება.
მოხდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც არ არიან პეტიციაზე ხელმომწერები, თუმცა იდეურად იზიარებენ იმ ადამიანების ხედვებს და გამოხატულებს, რომლებიც პეტიციების გამავრცელებლები ვიყავით. ეს ხელმძღვანელი პირებისთვის ცნობილია. ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. მათ შორის სპეცსამსახურები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ი, რომელსაც აქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს საპასუხო ნაბიჯებს”. – განაცხადა გიგა სოფრომაძემ.