ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურამ აქამდე მის მიმართ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალა გამოითხოვა და გააერთიანა.
როგორც კონდახაშვილი განმარტავს, საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს.
კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა მელიას სხვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გირაო უკვე შეფარდებული აქვს, არის თუ არა მოსალოდნელი, ამ შემთხვევაში მის მიმართ პროკურატურამ არა გირაოს, არამედ პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს, ადვოკატი პასუხობს, რომ ამას რამდენიმე საათში, სასამართლო პროცესზე გავიგებთ.
„ვერ გეტყვით, რა განზრახვა აქვს პროკურატურას. ფაქტია, რომ გამოთხოვილია ყველა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები, რაც აქამდე ნიკა მელიასთან მიმართებაში ყოფილა. ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალები გაერთიანებული, გამოთხოვილია, დაველოდოთ მოვლენებს. მთავარი ის არის, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს პოლიტიკური დევნის მორიგი ნაბიჯია…
სანახაობა გრძელდება, ძნელია სამართლებრივი კომენტარის გაკეთება, ბრალდება წარედგინა. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ბრალდებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ჯერ ერთი, პარლამენტი არალეგიტიმურია, მეორეც ერთი, კომისია ანტიკონსტიტუციურია, მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში განმარტებაა, რომ კომისია მინიმუმ ნახევარი ოპოზიციონერი დეპუტატებისგან უნდა შედგებოდეს, ესეც დაცული არ არის, პროკურატურა ფაქტობრივად, ასრულებს არაკონსტიტუციური ორგანოს მითითებებს. ეს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნაა, თუმცა, დადგება დრო ამ ქვეყანაში, როცა ასეთ საქმეებთან დაკავშირებით ყველაფერს პასუხი გაეცემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარვყავით ბრალდება და ველოდებით სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების ჩანიშვნას“, – განაცხადა კონდახაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.