ნიკა გვარამია, რომელიც ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის ადვოკატია, ამბობს, რომ დღევანდელი ჩხრეკა მარიამის ბინაში აბსოლუტური კანონდარღვევით ჩატარდა და ის პროკურატურის საქმის ფიგურანტიც კი არ არის.
გვარამია იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელსაც ჩხრეკის დროს ჰქონდა ადგილი და კითხვას სვამს, რის საფუძველზე განხორციელდა ეს ჩხრეკა და ასევე, რატომ ჩამოართვეს მობილური ჟორჟოლიანის ძმას, რომელიც ასევე პროკურატურის საქმეში არ ფიგურირებს.
“კრიმპოლი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მხედრიონი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს მიუსიეს“,– თქვა გვარამიამ.
”საერთოდ გაუგებარია მარიამის ბინაში რა მოხდა, ბოლომდე უცნობია, ბინაში ვინ იმყოფებოდა, რადგან ტელეფონები გაუთიშეს ნანუკას ძმა და მის მეუღლეს, შესაბამისად, არავინ იცოდა, ისინი იქ იყვნენ თუ არა. ეს არ არის მკითხაობის და ვარაუდის საგანი, ჩვენ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, რატომ იყვნენ იმ ბინაში შესულები. არც ადვოკატმა და არც ბინის მეპატრონემ არ იცოდა, რა ხდებოდა მის ბინაში. ამიხსენით, როცა 20 სართულიან კორპუსებში მიმდინარეობს ჩხრეკა და ორივე შემთხვევაში ბინები არის ბოლო, მე-20 სართულზე, რას ნიშნავს სადარბაზოს გადაკეტვა. სპეცოპერაცია მიდიოდა, ჩატაევს აკავებდნენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, თუ რა ხდებოდა?
წარმოუდგენელია, მსგავსი არავის უნახავს. იდგა კრიმპოლი, რომელიც დაკომპლექტებულია გამომძიებლებით და ოპერმუშაკებით, ესენი უნდა დასდევდნენ დამნაშვეებს და იძიებდნენ, აკავებდნენ და ა.შ. ამიხსენით, ვინ გადააქცია კრიმპოლი კარების გადამრაზავ მასად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კრიმპოლი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მხედრიონი და ყველა მათგანი არის სათითაოდ შერჩეული, რომ ვინმე არ გაეპაროთ. ეს მხედრიონი მიუსიეს ჟორჟოლიანს, ჯერ სუსი ხომ შეუშვეს?. მერე საინტერესოა, რომელი კანონიერი საფუძვლით მიმდინარეობდა მარიამ გეგუჩაძის სახლის ჩხრეკა. ადამიანის, რომელიც პროკურატურის საქმის ფიგურანტი არ არის. რის საფუძველზე ჩამოართვეს ძმას მობილური ტელეფონი,- განაცხადა მან.
გვარამიას თქმით, “ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი და მათ უნდა ვუპასუხოთ სწორედ ყველაფერზე წასვლით“.
დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.