„ვაიმე, ბოდიში, ფიზიკურად არ მცალია, საჭესთან ვზივარ“ – რატომ გაურბიან „ოცნების“ ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე საუბარს

„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს“, – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის ამ განცხადებაზე CNews-ი შეეცადა, „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები მოესმინა.

ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა, CNews-ს განუცხადეს, რომ არ იცნობენ ერიკა ოლსონის განცხადებას და ამის გამო ჩვენს კითხვას ვერ უპასუხებდნენ.

„ვაიმე, ვერა გენაცვალე, არა, არა, მადლობა, ბოდიში, ფიზიკურად არ მცალია, საჭესთან ვზივარ. განცხადებას არ ვიცნობ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა .

„რომ არ მცალია, რა გითხრათ, არა, ვერა, არ ვიცი. არ მცალია, მაპატიეთ, დიდი ბოდიში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რიმა ბერიძემ კი, CNews-ს შეკითხვა მოისმინა და შემდეგ განუცხადა, რომ ექიმთანაა კვლევებზე და მსგავსი კომენტარებისთვის არ სცალია.

„გენაცვალე, ანალიზს ვიკეთებ. განცხადებასაც არ ვიცნობ.“,-განუცხადა CNews-ს რიმა ბერიძემ.

გურამ მაჭარაშვილი კი შეხვედრაზე იმყოფებოდა და 40 წუთის შემდეგ დაგვპირდა პასუხს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ერთი საათის შემდეგაც აღარ უპასუხა.

„შეხვედრაზე ვარ, 40 წუთში დამირეკეთ“,-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

CNews-ის ზარებს ნინო წილოსანმა, ალუდა ღუდუშაურმა და  „ოცნების“ სხვა ლიდერებმა არ უპასუხეს და მოგვწერეს, რომ შეხვედრაზე არიან და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

რა პასუხები აქვს მმართველ გუნდს აშშ-ის პოზიციაზე, ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონმა, განაცხადა, რომ „ჩვენ გვაწუხებს ის, რომ (საქართველოს) მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს“.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”, – განაცხადა ერიკა ოლსონმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share