”ამერიკამ სამხედრო მოქმედება რომ დაიწყოს სადმე, თეთრი სახლიდან მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი უნდა ჩაებას პროცესში, კონგრესის და სენატის შესაბამისი კომიტეტების ლიდერების ჩათვლით. სადაზვერვო ინფორმაციის წინასწარ მოპოვება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. რამდენი ადამიანი იღებს ომის დაწყების გადაწყვეტილებას რუსეთში?
ერთი, მაქსიმუმ ორი. რამდენად არის ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი ამ შემთხვევაში, თავად განსაჯეთ. ასეთია ობიექტური მოცემულობა. შესაბამისად, იმის განცხადება, რომ რუსეთი კიევს დაარტყამს სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე, არის აბსურდი. ვერანაირი სატელიტური მონაცემები თუ მაღალი რანგის საველე მეთაურებისგან გამოჟონილი ინფორმაცია ვერ განსაზღვრავს იმას, თუ რა გეგმა აქვს პუტინს. ჯარების დისლოკაციებით ჟონგლიორობა, საზღვრებთან “მილიმეტრებში” ტექნიკის მიწევა, საბრძოლო განგაშები თუ რაკეტების დამიზნებები ის მონაცემებია, რომლებსაც მთელი მსოფლიო ერთნაირად ხედავს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ტოტალურად შეცვლიდა სიტუაციას, იქნებოდა დადასტურება პუტინის ტერმინალური მდგომარეობისა, რაიმე დაავადების გამო. მაგრამ ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, მაშინ მისი დაუყოვნებლივი გამჟღავნება უნდა დაწყებულიყო, რათა თავად რუსებს სცოდნოდათ, რომ მათი “ფარაონი” ყველას ანტურაჟად უპირებს წაყვანას საიქიოში და დროზე მიეხედათ.
პუტინმა თავისი მანევრებით კოლოსალური ინფორმაცია მიიღო; ინფორმაცია, რომელიც ამ უზარმაზარ ლოჯისტიკურ დანახარჯებზე ბევრად უფრო ძვირი ღირს. ეს არის ე.წ. დაზვერვა ბრძოლით. თანაც დაზვერვა არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ პოლიტიკურ ველზეც. მან უკვე დაანახა მსოფლიოს დასავლეთის ტოტალური იმპოტენცია.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით პოტენციური სამხედრო დანაშაული მზადდება 3 მილიონიანი ქალაქის საარტილერიო ცეცხლით განადგურების სახით; მზადება პრაქტიკულად დასრულებულია, ბოლო ფაზაშია და ამ ფონზე არცერთი ქმედითი პრევენციული მოქმედება არ განუხორციელებია დასავლეთს; უბრალოდ, ფინანსური სანქციაც კი არ დაუწესებია აგრესორისათვის. ისიც კი არ უთქვამთ, რომ ე.წ. თავისუფალი სამყარო არ და ვერ დაუშვებს 3 მილიონიანი მშვიდობიანი ქალაქის ცეცხლით განადგურებას და რომ აგრესიის დაწყების შემთხვევაში კიევის ცა მთლიანად გადაფარული იქნება დასავლური ავიაციითა და ანტისარაკეტო სისტემებით.
მსოფლიო პირდაღებული უყურებს პათოლოგი შანტაჟისტის სადისტურ თამაშს და მხოლოდ ვიშვიშებს. შესანიშნავი მაგალითია ირანისათვის, ყველა ჯურის ტერორისტისათვის. ომი პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ბევრად უფრო გამანადგურებელი ფსიქოლოგიური ომი, ვიდრე ეს რაკეტების სროლით მოხდებოდა. ხვალინდელი მსოფლიო ბევრად უფრო საშიში გახდა. უკვე გახდა. ” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი,ზურაბ გურული.