პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გირაოს გადაუხდელობის გამო, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.
პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა გამიზნულად არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, რასაც ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ „არ აპირებს ვიღაცის ხუშტურების გამო, საკუთარ შვილებს თანხა მოაკლოს“.
ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად მას 30 დღე განესაზღვრა, რომლის ვადაც 8 მაისს ამოიწურა.
ის წულუკიანის კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.