გურიის მოამბე

მაია ბუწაშვილი ქიმიური იარაღის სკანდალზე: ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარება შემაწუხებელია

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ქიმიური იარაღის სკანდალზე წერს და გაკვირვებას გამოთქვას იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს, ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები სრულ მდუმარებაში არიან.

ბუწაშვილის თქმით, “მათი დუმილი შემაწუხებელია, თან იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანი პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესებაა.“

,,რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ამ გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს. ჯანდაცვასთან საერთოდ კავშირში რომ არ არიან, ისეთი ადამიანებისთვისაც კი ახლა მთავარი თემა ეს არის.
ამ დროს კი ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები, რომლებიც ზუსტად იმიტომ არსებობენ ჩვენი გადასახადებით, რომ საზოგადოების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, სრულ მდუმარებაში არიან:(
ზუსტად ვიცი, რომ იქაც ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, ვისაც ძალიან აწუხებს ეს საკითხი, ზოგი ინდივიდუალურად ღიად გამოთქვამს აზრს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც შემაწუხებელი დუმილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანია პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება.
ჰოდა, როცა ჩვენი საზოგადოების ამხელა ნაწილი ასეთი მნიშვნელობის გარე ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ იყო შარშან თითქმის ერთი თვის მანძილზე და ახლა ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ვისაც ამ პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა ეხება, იმათ არ აქვთ შეკითხვები და პირველ რიგში ისინი არ უნდა ცდილობდნენ, პასუხები მიიღონ ამდენ ლეგიტიმურ შეკითხვაზე?”- წერს ბუწაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights