გურიის მოამბე

ლევან სანიკიძე-4 შვილის დედა, ყოვლად სამარცხვინო ბრალდებით, კიდევ ერთი წლით დატოვეს ციხეში

“ქოცებმა ამბიონიდან კაცობაზე, ქართველობაზე, ერისკაცობაზე, ერთიანობაზე, ქრისტიანობაზე, მორალზე, ოჯახზე იქადაგეს.
კი, არ შერცხვათ, გამოლაგდნენ მოციქულებივით და ფარისევლურად იქადაგეს.
2 დღეში ადგნენ და 4 შვილის დედა, ყოვლად სამარცხვინო ბრალდებით, კიდევ ერთი წლით დატოვეს ციხეში.
ფაქტია, სხვადასხვაგვარად გვესმის ქრისტიანობა, ქართველობა და ერისკაცობა.
თავისუფლება ელენე ხოშტარიას 🙌🏻❤️🇬🇪” | წერს ენმ-ის წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ბარონი ჯორჯ ფოლკსი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

როგორც ის აცხადებს, ხოშტარიას განაჩენიც და დაკავებაც უკანონოა.

მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც, ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ – ქვეყნის სიყვარულისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, ეს არ მოხდება“.

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს, ელენე ხოშტარიას, დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტერით, რითაც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე, ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის. პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული. სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორი ფორმალური შემსრულებელიცაა მოსამართლე არევაძე. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც, ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ – ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში, არამხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია. დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც. კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს „ქოცური“ ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისა, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად „ქოცებისთვის“ იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე, არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს. ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის მიუხედავად იმისა ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა არის ერთიანი. ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე.

მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას: ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, ეს არ მოხდება. მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა, არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც ამის ხარჯზე, არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ალიანსის სახელით, ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს. კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, მათ შორის, ლიდერები, ნიკაც ციხეშია. ელენე პირველი ქალი პოლიტიკოსი პატიმარია. მზიაც ციხეშია და კიდევ ბევრი ქალი. ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმულად ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი, საქართველოს ისტორიაში პირველად.

მინდა გავამხნეო ელენეს ოჯახი, ბატონი გოგი, ქალბატონი ირა. მინდა გავამხნეო მისი ოთხი შვილი, გიორგი ნატალია, კოტო და რატი. მინდა გავამხნეო ბერო, მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი, მაგრამ მინდა გავამხნეო პირველ რიგში, რაც მთავარია მთელი პატრიოტული საქართველო. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან. ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გვაკლია შენი თანადგომა საერთო ბრძოლაში, მაგრამ არ იფიქრო ჩვენზე. იფიქრე საქმეზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„მტკიცედ ვუჭერ მხარს ელენეს და მოვუწოდებ ხელისუფლებას საქართველოში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რადგან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მისი დაკავება უკანონოა“, – წერს ბარონი ჯორჯ ფოლკსი სოციალურ ქსელში.

ეს [ელენე ხოშტარია პატიმრობა] არის ერთგვარი სიგნალი ყველასთვის, ვინც გარეთ ვართ, თუმცა ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება! – ელენეს მინდა ვუთხრა (ეს მან ჩემზე კარგად იცის), რომ ციხეში ყოფნა არ არის იზოლაცია, არ არის პროცესისგან მოწყვეტა. იქ ყოფნა არის წინააღმდეგობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ იციან, რომ „რეჟიმს ყველაზე მეტად სტკივა არაღიარება და წინააღმდეგობა, სწორედ, ამის გამო სჯის ელენე ხოშტარია“.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში, არავითარი ფლომასტერი, როგორც რეალური საფუძველი ელენეს მიმართ პოლიტიკური დევნის, არ არსებობს. ელენეს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, იმის გამო, რომ არ ითანამშრომლა; იმის გამო, რომ წინააღმდეგობა გაწია; იმის გამო, რომ გააკეთა ყველაფერი, რუსული ბოროტი რეჟიმის დემონტაჟისთვის. რა თქმა უნდა, ამის კეთებას გააგრძელებს.

ასევე, ეს არის ერთგვარი სიგნალი ყველასთვის, ვინც გარეთ ვართ. ერთგვარი მუქარა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხი არის შემდგომი (რასაც ელენე იტყოდა ახლა ჩვენს ადგილას რომ იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი ციხეში იყოს) – ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება. ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება წარმოგვიდგენია მისი ჩამოშლის გზით. ეს მომენტი აუცილებლად დადგება. თავისუფლებისთვის ბრძოლას, სამართლიანობისთვის ბრძოლას, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული მომავლისათვის ბრძოლას ივანიშვილი ვერ გააჩერებს ვერავითარი ციხით, ვერავითარი ციხის შიშით, ვერავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორებით. ელენე ხოშტარია გვერდით ბრძოლა არის პრივილეგია და პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მისი ქმედებები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იყო არა უბრალოდ ემოციური, არამედ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული.

ჩვენ ვიცით, რა სტკივა რეჟიმს ყველაზე უფრო მეტად. რეჟიმს სტკივა არაღიარება, რეჟიმს სტკივა წინააღმდეგობა. ამის გამო სჯის ელენე ხოშტარია. ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რატომ შეიძლება წავიდეს ადამიანი ციხეში ღირებულებების, ფასეულობების, სამშობლოს სიყვარულის გამო. ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის გარეშე მთელი გულით და გონებით ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს, მის ჭეშმარიტ ევროპულ მომავალს, მის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას. ასევე, ისინი მზად არიან, ამ ბრძოლისთვის გაიღონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს გაჩნია – ეს არის პირადი თავისუფლება.

ელენეს მინდა ვუთხრა, ეს მან ჩემზე კარგად იცის, რომ ციხეში ყოფნა არ არის იზოლაცია, ციხეში ყოფნა არ არის პროცესისგან მოწყვეტა. იქ ყოფნა არის წინააღმდეგობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. დიდი საქმეების კეთება შეიძლება ციხიდან. ჩვენ მასთან ერთად გავაკეთებთ დიდ საქმეებს, მანამ სანამ ის გამოვა და მისი გამოსვლის შემდგომაც, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშალოს; რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, ევროპულ მომავალს, დავიცვათ მისი სუვერენიტეტი და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა. დღეს ჩვენ ვართ ისეთი მტკიცენი, როგორც მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, – ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელიც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარტია ALDE აღნიშნულ განაჩენს გმობს.

„ვგმობთ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, რაც სრულიად არაპროპორციულია მის დანაშაულთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენებასა და საქართველოსთვის პროევროპული მომავლისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ და მისი და სხვა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნას მოვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“, – წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარია 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ გამოიტანა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი.

არევაძის განმარტებით, ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, ვინაიდან წარსულში ხოშტარიას წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და არცერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია.

„დანაშაულს ადასტურებს ტელეკომპანიის მიერ გადაღებული კადრები. ასევე, დაცვის თანამშრომლის მიერ გადაღებული კადრები. ზიანი ჯამში 570 ლარს შეადგენს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბანერის აღდგენა შეუძლებელია.

არ არსებობდა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები. მის მიმართ 16-ჯერ იყო ადმინისტრაციული საქმე წარმოებული და არცერთი დაკისრებული ჯარიმა არ აქვს გადახდილი. ასევე, ჰქონდა შეფარდებული გირაო, რომელიც არ გადაიხადა. ზარალი არ აქვს ანაზღაურებული და დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარია 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარია აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights