გურიის მოამბე

რუსიკო კობხიძე-ქოცებმა ვერანაირად ვერ შეძლეს საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება, როგორც ეს საბჭოეთში შეძლო რეპრესიულმა სისტემამ

მე ვარ რუსიკო კობახიძე
ჩემი ძირითადი საქმიანობა ამჟამად SovLab-თან, ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთანაა’’ დაკავშირებული, თუმცა ისტორიკოსობა არ არის ჩემი პირველადი პროფესია, კლასიკური ფილოლოგია ვისწავლე და ბიზანტიურ ფილოლოგიაში დოქტორის ხარისხი მაქვს დაცული. ვასწავლი პუბლიცისტიკის ისტორიას კავკასიის უნივერსიტეტში და აკადემიურ წერას ილიას უნივერსიტეტში. ვმუშაობ სკოლაშიც.
▪️ საბჭოთა პროდუქტი
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვობამ ძალიან ღრმა საბჭოეთში არა, მაგრამ ე.წ. ,,ზასტოის’’ პერიოდში გაიარა, ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა ყველაზე მეტად საბჭოთა იყო, იმიტომ რომ მის მეხსიერებაში არანაირად არ იყო შემორჩენილი თავისუფალი საქართველო, გავჩნდით საბჭოეთში და საბჭოთა პროდუქტი ვიყავით. ჩემი შვილები მეკითხებიან, დედა, რატომ არ გქონდა პროტესტი წითელ ყელსახვევზე, იმაზე, რომ მარშებზე გატარებდნენ და აღლუმებზე გადიოდიო. იმიტომ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრება, რაშიც დავიბადეთ და რა წესებიც იყო გარშემო, იმ წესებით ვმოქმედებდით.
დაჩაგრულადაც არ ვგრძნობდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონდა მასწავლებლების ურთიერთობა ბავშვებთან. მე თვითონ ხუთოსანი მოსწავლე ვიყავი და ჩემ მიმართ არ ჰქონდათ განსაკუთრებული აგრესია, უფრო პირიქით, მაგრამ სულ შენიშვნას ვიღებდი, რომ ყოფაქცევა მაქვს დარღვეული, გაკვეთილზე ვლაპარაკობ, ვიცინი, ვხვანცალებ… წყნარი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ისეთი, მასწავლებლებს რომ თვალებში უყურებენ.
ვცხოვრობდი ვაკეში და ვსწავლობდი 55-ე სკოლაში, შემდეგ მამაჩემმა ახლანდელი ყაზბეგის გამზირზე მიიღო ბინა და ბოლო 2 წელიწადი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში დავდიოდი. მერე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლების უკმაყოფილო არ ვყოფილვარ – კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი მხოლოდ მოდური არ იყო, მართლა კარგად გვასწავლიდნენ, თუმცა პროტესტს იწვევდა ის, რომ არანაირად არ მინდოდა პარტისტორიის და მეცნიერული კომუნიზმის სწავლა, მაგრამ არჩევანი არ გვქონდა. მართალი გითხრათ, არც ვსწავლობდი.
▪️ პროტესტი
დიდად მოპროტესტე ადამიანი არ ვყოფილვარ. ცნობიერ ასაკში ყველაზე ძლიერი ტრავმა, რამაც დამაფიქრა, ,,თვითმფრინავის ბიჭების’’ ამბავი იყო. მაშინ ცხადად შევიგრძენი, რომ ციხეში ვცხოვრობ. ამ დღიდან ჩემთვის საბჭოთა ყოფა დამთრგუნველი გახდა. ცხადად ვხედავდი, რომ კედლებში ვარ მოქცეული, საიდანაც არასდროს გამიშვებენ და გაქცევის მცდელობა ისჯება.
მანამდე, ხრუშჩოვის დათბობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ჩვენთან დასავლური ფილმები შემოვიდა. მართალია, დაჭრილი, დაჩეხილი, ცენზურაგამოტარებული, მაგრამ იქ ხომ ვხედავდით, თუნდაც მაღაზიები როგორი იყო, ადამიანები როგორ დამოგზაურობდნენ… ანუ ჩვენთვის ხელშესახები გახდა დასავლური ცხოვრების სტილი და ეს იყო ძალიან საოცნებო. სულ მოტივირებულები ვიყავით, რომ დასავლური ლიტერატურა წაგვეკითხა, ამ დროს უკვე იბეჭდებოდა რუსული ჟურნალი ,,Иностранная литература’’, რომელიც მოსკოვში გამოდიოდა და ვიწერდით. ასევე შემოდიოდა დაშვებული ლიტერატურა და იქაც ძალიან კარგად ჩანდა, როგორ ცხოვრობდნენ ისინი და როგორ ვცხოვრობდით ჩვენ. ამიტომ, ჩემ გარშემო, კონკრეტულად ჩემს სოციუმში, საბჭოეთისადმი ტკბილი განწყობები არ არსებობდა, პირიქით – ყველა წუწუნებდა, ეს ჩუმი ადამიანებიც კი, რომ ეს სად ვცხოვრობთ, ეს რა უბედურებაში ვართ… მერე დაიწყო ტალონები, ნელ-ნელა იკლებდა პროდუქტი, რაც ისედაც ძნელი საშოვნელი იყო საბჭოთა კავშირში. ეს რაღაცნაირ დისკომფორტს იწვევდა, მაგრამ არა აქტიურ პროტესტს.
უნივერსიტეტი 1986 წელს დავამთავრე და მაგ დროიდან ჩემ გარშემო უკვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დისიდენტურ მოძრაობაში იყვნენ ჩართული. ლევან ბერძენიშვილი, ჩემი ლექტორი, ვიცოდი, რომ დაპატიმრებული იყო, შორიდან ვიცოდი ირინა სარიშვილი, ვანო ხუხუნაიშვილი ჩემი მეგობარი იყო, ყველაზე თვალშისაცემი ფიგურა იყო თამრიკო ჩხეიძე… მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არანაირი სურვილი არ მქონდა, დისიდენტი გავმხდარიყავი, ეს მაინც ახდენდა გავლენას, ვიცოდი, რომ ადამიანები აპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. სხვათა შორის, მაშინ ეს პროტესტები ძალიან ყოფითი საკითხებით დაიწყო. მაგალითად, აპროტესტებდნენ ჰესს, ჯარში წაყვანას… მაშინ ავღანეთის ომი მიმდინარეობდა და იქ გაწვეული ჯარისკაცები კუბოებით ჩამოჰქონდათ, ძალიან ბევრი არა მარტო ფიზიკურად, ფსიქიკურად დასახიჩრებული ჩამოდიოდა.
განცდა, რომ მე არათუ ციხეში ვცხოვრობ, არამედ შეიძლება მომკლან კიდეც, თუ პროტესტს გამოვთქვამ, 9 აპრილი იყო. ეს იყო აბსოლუტური შეჯანჯღარება ჩემი პიროვნების და მანდ მივხვდი, რომ ის, რაც ყურმოკვრით გაგვეგონა სტალინურ რეპრესიებზე, არ იყო წარსულის ამბავი, ახლაც თავისუფლად შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. თუმცა იმის შიში, რომ რაღაც შეიძლება და რაღაც არ შეიძლება, საბჭოთა ადამიანში გაუცნობიერებლად ისედაც არსებობდა და შენ მაინც ყოველთვის ჩარჩოებში მოძრაობდი. ამის მიზეზი იყო ოჯახიც, რომელიც გაუთავებლად მეუბნებოდა, ეს არ თქვა, ის არ თქვა, დაგვიჭერენ…
9 აპრილის მერე უკვე ანტისაბჭოთა ტიპი ვიყავი, ვიცოდი, რომ ეს, რაც ხდებოდა, არ შეიძლებოდა ჩემ მიერ მიღებული ყოფილიყო, მაგრამ მალევე გავთხოვდი და უშუალოდ პროცესებში ვეღარ ვიყავი ჩაბმული. მერე, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა გამსახურდიას პერსონასთან. ამის მთავარი მიზეზი იყო მის მიერ ,,ხალხის მტრის’’ იმიჯის შემოტანა, ეს იმდენად მეზიზღებოდა საბჭოთა კავშირის დროს, როცა КГБ იძახდა, ეს აგენტია, ის ხალხის მტერია… აბსოლუტურად იგივე განცდები მიმეორდებოდა და ვფიქრობდი, თუ ეს ისევ ასეა, რას შეიძლება ველოდოთ?!
მაშინ აქციებზე არ მივლია, თუმცა ისიც მყოფნის სინანულისთვის, რომ ოპოზიციის მხარეს ვიყავი. მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა ზუსტად 6 იანვარს, როდესაც გამსახურდია პარლამენტის შენობიდან გავიდა, ტელევიზორი ჩაირთო და დავინახე ეს სამი ბანდიტი… წამებში მივხვდი, რომ ყველამ მომატყუა.
შემდგომ, მთელი 14 წელი, როცა ვიჯექი ბნელში და მე-12 სართულზე ფეხით დავდიოდი, ვუყურებდი, როგორ ისროდნენ ქუჩაში, სულ ვფიქრობდი, ღირსები ვართ, რომ დავუშვით ამხელა უსამართლობა და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ.
ეს იყო საშინელი დანაშაული ქვეყნის წინაშე.
პროტესტში 2012 წლიდან ვარ ჩართული. პირველად რომ ბიძინა ივანიშვილი ვნახე, აბსოლუტური შოკი მქონდა. ბევრისგან განსხვავებით, უკვე გამოცდილება მქონდა და ჭკუა ვისწავლე – რომ დავინახე და გავიგონე, რას ლაპარაკობდა, მართლა გადავირიე და არ მჯეროდა, რომ ეს ხალხს შეიძლება აერჩია. თუმცა სააკაშვილის წინააღმდეგ იმდენად დიდი ნეგატიური კამპანია იყო აგორებული, ის, ფაქტობრივად, უკვე დამარცხებული იყო.
მას მერე აქცია არ გამიცდენია.
▪️ სოვლაბი
საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მე მქონდა განცდა, რომ, აი, ახლა ყველაფერს გავიგებთ. მანამდე ყველაფერი დამალული იყო და მოველოდი, რომ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა, გავიგებდით, როგორ მუშაობდა ეს სისტემა, როგორი იყო მისი ანატომია. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არავის ჩემ გარშემო ეს არ აინტერესებს, არავინ ინტერესდებოდა საბჭოეთის კვლევით.
2013 წელს უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარე და იქ ერთ-ერთ საგანში რეფერატად ავიღე თემა – წამების იარაღები საბჭოთა ციხეებსა და იზოლატორებში და რეპრესიების მსხვერპლი ქალები. ამ დროს ვნახე ფეისბუქზე ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია’’, დავუკავშირდი და ირაკლი ხვადაგიანი ბევრ რამეში დამეხმარა. მერე ნელ-ნელა დავიწყეთ ერთად მუშაობა და როგორც არაისტორიკოსმა, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ვმუშაობდი ბიბლიოთეკაში, ერთი-ორჯერ არქივშიც მაქვს ნამუშავარი, ვამუშავებდი პრესას და ამანაც ძალიან დიდი ცოდნა მომცა. პირველი სტატია 1918-1921 წლების საქართველოს ეკლესიაზე დავწერე, ასევე გამოქვეყნებული მაქვს სტატიები საბჭოთა ეკლესიაზეც, ეროვნული იდენტობის ფორმულაზე, ეკლესიის როლზე გვიან საპროტესტო მოძრაობაში, პროპაგანდის ენაზე… სოვლაბში სტალინის ფენომენსა და პროპაგანდაზე ვატარებ სალექციო კურსს და პერიოდულად ვაცხადებთ მიღებას. ახლა ვმუშაობ სტატიაზე – ნაციონალიზმის პროპაგანდის იარაღად გამოყენება.
▪️ პარალელები საბჭოთა წარსულთან
ფაქტობრივად, ესენი საბჭოთა პროპაგანდისტულ ლექსიკას იმეორებენ – ხალხის მტერი, უსამშობლო, სისხლიანი რეჟიმი… ერთი და იგივე გამოხატვა აქვთ, ერთი და იგივე განწყობა და მიზანი. მაგრამ რა არის განსხვავება – ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ამათ ჩვენი იქ დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოში მაშინ თუ გამოვიდა კომუნისტური წყობა და ბოლშევიზმი, ეს გამოვიდა არა იმიტომ, რომ ხალხის ცნობიერება იყო ასეთი, არამედ ეს იყო ოკუპაციის შედეგი.
ოკუპაციის შედეგად შევედით იქ, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
სტალინმა აქ, საქართველოში, საერთოდ ვერც იმუშავა, აბსოლუტურად არ ჰქონდა რეიტინგი, ბოლშევიკების რეიტინგი იყო ნულზე, საერთოდ არ იყვნენ აქ პოპულარული. საქართველოში სამი წელი იყო სოციალური დემოკრატია, რაც თავისთავად გულისხმობდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მიწის გადაცემას გლეხებზე, ანუ იმ უფლებებს, რითაც ლენინი რუს ხალხს აბოლებდა და ბოლოს მაინც არ მისცა. აქ კიდევ რეალურად ჰქონდათ მიცემული, ამიტომ ვერაფრით მოხიბლავდნენ ქართველებს ბოლშევიკები. თან იქ ბოლშევიკური რევოლუცია მომხდარი იყო და ყველამ იცოდა, რა ხდებოდა – სამოქალაქო ომის გარდა, გაჭირვება და საშინელი რეპრესიები იყო.
დიქტატურას და ტოტალიტარიზმს სჭირდება მატერიალური რესურსები, რომელიც საქართველოს არ გააჩნია, და გარდა ამისა, ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა, სადაც სოციალური ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს, ქოცებმა ვერანაირად ვერ შეძლეს საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება, როგორც ეს საბჭოეთში შეძლო რეპრესიულმა სისტემამ – ადამიანი, რომელიც მოაზრებოდა ქვეყნის მტრად, ის ქუჩაში ვერ გამოდიოდა, სკოლაში მუდმივად თითით საჩვენებელი იყო, როგორც ხალხის მტრის შვილი… ანუ ამ ადამიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობისას დისკომფორტი ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ასახლებდნენ და ხვრეტდნენ. აქ დღეს პირიქით ხდება – ვერანაირად ვერ მოახერხეს, რომ ჩვენკენ ვიღაცამ თითი გამოიშვიროს. თვითონ ვერ გამოდიან ქუჩაში. მე არ გამიგია დიქტატურა, რომლის წარმომადგენელსაც ეშინოდეს, რომ საჭმელში არ ჩაუფურთხონ.
ამათ არ აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა. შეიძლება ჩვენ გვეჩვენება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ქოცებს, მაგრამ თუნდაც იმ გულშემატკივრებშიც არ არიან აქტიური გულშემატკივრები. რას ვგულისხობ – აი, როგორც ჩვენ ვართ აქტიური მოპროტესტეები, გულანთებული ქოცები თითქმის არ არსებობენ, იმიტომ, რომ იდეა არ აქვთ.
არ შეიძლება, დიქტატურა არსებობდეს იდეის გარეშე.
ამათ არ აქვთ იდეა, რითაც საშუალოსტატისტიკურ ქართველს მოხიბლავენ. მათ აქვთ ნეგატიური იდეები – არ უნდა იყო ნაცი, მიშა მოვა… თვითონ არაფერს აძლევენ ადამიანებს. გაიზარდა ეს საზოგადოება და არ ჭამს ყველაფერს. საბჭოთა ადამიანი სხვა მენტალობის იყო, დღევანდელი – სხვანაირია. და კიდევ, მაშინ დაკეტილი იყო საზღვრები, ღია ინფორმაციულ სივრცეში და ღია საზღვრებში საბჭოთა კავშირი ვერანაირად ვერ გაძლებდა. ამათ იმდენი მინუსი აქვთ, არ ვიცი, დიქტატურა როგორ უნდა დაამყარონ.
▪️ ბრძოლა
ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე 28 ნოემბერს ამას წარმოვიდგენდით. ვინმე წარმოიდგენდა, რომ ქოცებს არ აღიარებდნენ, რომ არჩევნები არალიგიტიმურად იცნობოდა, რომ დასანქცირდებოდნენ? ვერ ვიტყვი, რომ შედეგი არ არის, და მე რომ მკითხოთ, შედეგზე რეჟიმი უფრო ვერ გავიდა. ამდენი ადამიანი დააპატიმრეს, დააჯარიმეს, ამდენ ადამიანზე მოახდინეს ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებმა და ეს პროტესტი მაინც არის. იზოლატორიდან რომ გამოვედი, ვთქვი, უკაცრავად, გამოვსწორდი-მეთქი? ჩემს დადგენილებაში ეწერა, რომ გამოსწორებისთვის ვიჯექი იქ. არავინ ,,გამოსწორებულა,’’ არც ისინი, ვისაც დიდი ხანი აქვს მისჯილი, არც ჩვენ, არც დაჯარიმებულები. კი, ჯარიმამ შეიძლება ცოტა მეტად იმოქმედა, მაგალითად, ვინც დაჯარიმდა, ახლა უფრო შაბათის მარშებზე გამოდიან, მაგრამ ამ ადამიანებში პროტესტი არსად გამქრალა, ისინი ქოცები არ გამხდარან, შეიძლება ბევრი აღარ გამოდის, მაგრამ ისინი ჩვენიანები, ჩვენი ზურგი არიან.
რატომ აქამდე ვერ დავამარცხეთ? იმიტომ, რომ მათთვისაც, როგორც ჩვენთვის, ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. როგორც პუტინს არ აქვს უკან დასახევი გზა, რადგან ყველაფერი თავზე ჩამოემხობა, ისე არ აქვთ ამათ უკან დასახევი გზა, ყველას საციხოდ აქვს საქმე და ვა-ბანკზე მიდიან, გრძნობენ, რომ ალყაში არიან.
მე რომ მკითხოთ, ჩვენ ეს პერიოდი ძალიან გვჭირდებოდა ჰორიზონტალური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ბიძინა ძალიან დიდხანს ეძებდა, ვინ იყო ამ პროტესტის თავი, მგონი, დღესაც ეძებს, იმიტომ, რომ მას ვერ წარმოუდგენია, ადამიანი თავისით ასეთ მსხვერპლზე წავიდეს, თუნდაც ყოველდღე რუსთაველზე იდგეს, ციხეში წავიდეს… სხვანაირადაა მათი ტვინი მოწყობილი. ამბობენ, რომ ვიღაცამ დაგვაფინანსა, მტერს ეძებენ.
უნდათ ჩვენი განადგურება, მაგრამ არ ვნადგურდებით.
▪️ დაკავება
როცა შემოიღეს კანონი, რომ გზის გადაკეტვის გამო დაგვიჭერდნენ, ჩემი მეგობარი ნინო სვანიძე გადავიდა და მეორე დღეს დაიჭირეს. მაშინვე მინდოდა გადასვლა, მაგრამ ჩემი შვილი მედგა თავზე და არ მიშვებდა. მერე, როცა ჩამოვიცილე, იმავე დღეს გადავედი, ოღონდ მას ჩემი ლოკაცია ჰქონდა ტელეფონზე მიბმული და მაკონტროლებდა, ამიტომ გამოვრთე ტელეფონი და ვფიქრობდი, ხალხი რომ გადმოვა, მეც გადავალ-მეთქი. აღარ გადმოდიან, აღარ გადმოდიან და გამისკდა გული. ავდექი და მე გადავედი, დროშა გავშალე და ვიარე ამ დროშით, მერე სხვებიც გადმომყვნენ. იმ დღეს მე არ დამაკავეს, დააკავეს პაატა შამუგია, რომელიც ჩემთან ერთად იდგა.
მეორე დღეს ძალიან ცოტა ხალხი გადავიდა და სადაც ვიდექი, მანქანები დადიოდნენ, ავდექი და გადავედი. ვხვდებოდი, რომ აქ უკვე ვეღარ გავძვრებოდი, მომყვება ბევრი ხალხი, იცის ყველამ, რომ უნდა დამაკავონ… ჩემი ნივთები – მობილური, ჩანთა – ყველაფერი ჩემს მეგობარს მივეცი და მიწისქვეშა გადასასვლელიდან რომ ამოვედი, პოლიციელი ხელგაშლილი დამხვდა. სხვებს რომ ვუყურებთ, როგორ ტენიან მანქანაში, ისე არა, პირიქით, მკლავი გამომდო, მანქანაში ჩავჯექი, ძალიან ვიხალისე, განსაკუთრებულად საშიში დამნაშავე დაიჭირეთ-მეთქი.
შუშის შენობაში მიმიყვანეს, სადაც ძალიან ციოდა. ძალიან ზრდილობიანად მექცეოდნენ. მკითხეს, თქვენ თუ აგიხსნეს, რაზე დაგაკავესო, არავის არაფერი უთქვამს-მეთქი. ამ დროს თურმე ესაა მათი შინაგანაწესი, რომ მაკავებენ, უნდა მითხრან, რატომ მაკავებენ. იცით, რატომ დაგაკავესო? ვიცი-მეთქი, ანუ აღიარებთ დანაშაულსო. არანაირ დანაშაულს არ ვაღიარებ, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა-მეთქი. ძალიან კარგად მექცეოდნენ, განსაკუთრებით ის გოგო, იზოლატორში რომელმაც წამიყვანა, ხელზე ბორკილებს რომ მადებდა, ბოდიშს მიხდიდა, ხომ არ გიჭერთო. მანქანაშიც გათბობა ჩამირთეს. დავუმეგობრდი, რაღაცებს ველაპარაკებოდი, ვეკითხებოდი, თუ მოსწონდათ, რაც ხდებოდა. ჩვენ კანონს ვასრულებთო. ეს რანაირი კანონია, კანონს კი არა, ბრძანებას ასრულებთ-მეთქი. ველაპარაკებოდი და ვუხსნიდი ათას რაღაცას, ლექციას ვუტარებდი საბჭოეთზე. შუშებიან შენობაში ვაკვირდებოდი, პოლიციელები როგორ დადიოდნენ, ერთმანეთში რაღაცებს ლაპარაკობდნენ, ბავშვის დაბადების დღე, ეს, ის… და, იცით, რას მივხვდი? აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხალხია, ერთი-ორი ვეშაპის გარეგნობიანის გარდა, ძირითადი ნაწილი საშუალოსტატისტიკური ადამიანები არიან, რომლებიც იმაზე მეტს არ ფიქრობენ, ვიდრე ევალებათ. ეგეთი უამრავი მეზობელი და ნაცნობი მყავს – მისი საქმე არ არის, ავალებენ და რუტინულად ასრულებს.
მიმიყვანეს დიღმის იზოლატორში. იზოლატორში ბადრაგი გოგო შემომეგება, შენიანებთან უნდა ჩასგვაო. იქ იყვნენ ლეილა ცომაია და ანი ძულიაშვილი, მთელი ღამე ვლაპარაკობდით. დიღომში ნამდვილად ცუდი პირობებია, ყველაზე საშინელება რაცაა, ტუალეტი არის ღია, საშინლად ციოდა. ღამის ორ საათზე მიმიყვანეს იზოლატორში, 11-ზე სასამართლოზე გამიყვანეს. სასამართლო დარბაზის ქვემოთ მოსაცდელი, აბსოლუტური კოშმარია, ძალიან ბევრი ხალხია, კრიმინალებიც… მე ვზივარ თეთრი ყვავივით ჩემს მწვანე პალტოში, ჭრელი შარფი მახურავს. ძალიან დიდხანს მომიწია ლოდინმა, ძალიან დავიღალე, ეს ჩემზე მომაგრებული ორი პოლიციელი – გოგო და ბიჭი, ზედ მყვებოდნენ, ძალიან მზრუნველები იყვნენ, ოღონდ მე დავმჯდარიყავი, ისინი ფეხზე იდგნენ, ჩამოწყდნენ.
მეორედ ერთი კვირის შემდეგ დამაკავეს. დამირეკეს და პროცესი ჩამინიშნეს. სასამართლოზე რომ მივედი, მართალი გითხრათ, აღარ მეგონა, თუ დამაკავებდნენ, მაგრამ მაინც შესაბამისად ჩავიცვი, უკვე გამოცდილი ვიყავი. კოლგოტი არ უნდა გეცვას, გაგხდიან… ამ პროცედურების გავლამ მეც მომიწია, მაგრამ მე არ გავუშიშვლებივარ. ეს არ იყო გაშიშვლება, გეუბნებიან, რომ ზემოთ რაც გაცვია გაიხადო, მერე დაფერთხავენ, იცვამ, მერე ქვემოთ, შარვალს იხდი. ალბათ, ვინ შეგხვდება, მაგაზეცაა დამოკიდებული, აგრესიული ადამიანებიც არიან. მე ძალიან ზრდილობიანად ვიქცეოდი, ყველაფერზე მადლობას ვუხდიდი.
მეორე დაკავება იმ პირველი გზის გადაკეტვის გამო იყო. მომისაჯეს სამი დღე, ჯამში, 4 დღე ვიჯექი. ორივეჯერ კობა ჩაგუნავა იყო ჩემი მოსამართლე, რომელიც ძალიან გაბრაზდა, ორივე საქმე ერთად რატომ არ მოიტანეთო. ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ გზის გადაკეტვა არ არის დანაშაული და ამას აქვს კონტექსტი-მეთქი. მაგალითად, ფანჯრის ჩატეხვა დანაშაულია? თუ ფანჯარას ტეხავ იმ მიზნით, რომ ვიღაცა დააზიანო, ეს დანაშაულია, მაგრამ თუ ფანჯარას ტეხავ იმიტომ, რომ სახლს ცეცხლი უკიდია და იქიდან ბავშვები უნდა გამოიყვანო, ეს დანაშაული არ არის. შსს-ს წარმომადგენელმა მაინც ვერაფერი გაიგო და კვლავ გაიმეორა, რომ ჩემი მიზანი კანონის დარღვევა იყო.
ჩემთვის არავის უკითხავს, რა იყო ჩემი მიზანი – მოცლილს ვგავარ, ამდენი დღე რომ რუსთაველზე ვდგავარ? მიზეზი და მიზანი მაქვს, რის გამოც ასე ვიქცევი.
▪️ ახალგაზრდები
ჩემს სასამართლოზე იდგა ყველა ჩემი სტუდენტი და ყვიროდა, გამოუშვით, ლექცია გვაქვსო. ჩემი ორივე სასამართლო ილიას მაგისტრებთან ლექციებს დაემთხვა. მაგისტრანტებთან. თუ შეიძლება გავალ, ლექციას ჩავუტარებ და შემოვალ-მეთქი, ასე ვხუმრობდით. ქოცი სტუდენტი მე არ მყავს, არც მოსწავლე. ეს ახალგაზრდები შეიძლება აქტიურები არ იყვნენ, მაგრამ ქოცები არ არიან.
ბევრი ჩემი სტუდენტი დადის აქციებზე, არა ყოველდღიურად, მაგრამ დადიან. ერთის გარდა, აქტიურად არც ჩემი შვილები დადიან და ჩემთანაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვთ, ეშინიათ, რომ არ დამიჭირონ, მეკითხებიან, რატომ ვეხლები თავით კედელს… ჰგონიათ, რომ შედეგი არ არის. ვეკითხები, წარმოგიდგენიათ, რომ რუსთაველი არ იყოს-მეთქი? აი, ერთ დღესაც რომ არავინ გამოვიდეს.
ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს: მშობლების ზეწოლა, დაჭერის შიში, ზოგი საზღვარგარეთ წასვლას ფიქრობს, ნაწილს ,,ექშენის’’ მოთხოვნილება აქვს… მე მაინც მგონია, რომ ქოცებს შანსი არ აქვთ, ეს ახალგაზრდებიც ქოცები გახადონ. მათ ეზიზღებათ რუსეთი. ყველას. წლების მანძილზე ვაკვირდები რუსეთის მიმართ განწყობებს, თუ დასაწყისში მიუღებლობა იყო, ახლა უფრო აქტიური პროტესტი აქვთ და არასდროს დამორჩილდებიან.
▪️ ,,რატომ ეხლები კედლებს?’’
მე ამას კედლად არ აღვიქვამ და მგონია, რომ აუცილებლად გავარღვევ. ამის არა მარტო მწამს, არამედ მე ეს ვიცი. ვიცი, რომ ჩვენ ამათ დავამარცხებთ.
სხვანაირად მე არ შემიძლია.
იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დავრჩით, უბრალოდ არ შეგვიძლია ერთმანეთის მიტოვება, პატიმრების მიტოვება. პოლიციელმა მკითხა, რატომ გადადიხარ ქუჩაზე, ეს ხომ სიმბოლური აქტიაო. ჩვენ გვყავს ჩვენი პატიმრები და მათთვის გავდივართ. წარმოდგენაც არ მინდა, ამ ბიჭებმა რას გაუძლეს და რა სიმტკიცე გვანახეს, მე მგონია, რომ რუსთაველის პროტესტი მათ გარეშე არ იარსებებდა.
ამდენი ხანი რომ ერთად დგახართ, ის უკვე შენიანია. შენ შენს პასუხისმგებლობას გამოყავხარ. მე მაქვს პასუხისმგებლობა როგორც ჩემი ქვეყნის წინაშე, ასევე იმ გმირების და ადამიანების წინაშე, ვინც შრომა ჩადო ამ ქვეყნის მშენებლობაში, სისხლი დაღვარა, აქამდე მომიტანა. პასუხისმგებელი ვარ ანწუხელიძის წინაშე, ილია ჭავჭავაძის წინაშე…. ყველაფერი წყალში ხომ არ უნდა გადავყაროთ?! მერე – ჩემი აწმყოც, ჩემი შვილების, ჩემი სტუდენტების მომავალი.
მე, როგორც ინდივიდს, არ მაქვს სხვანაირად მოქცევის უფლება. ამათ ვერ ვაბოგინებ და ვერ შევაჭმევინებ ჩემს ქვეყანას. თან, ვის? ამათთან როგორ უნდა წავაგოთ? არაფრის შიში არ მაქვს. მე იმედს მაინც არასდროს ვკარგავ.
ყველაზე რთული რა იყო? სიცივე. სიცივეში დგომა ძალიან მიჭირს.
▪️ ცხრა შვილი
ცხრა შვილის დამსახურებაა ის, რომ ასეთი აქტიური ვარ. ამ ცხრა შვილმა შექმნა ჩემგან ადამიანი, რომელსაც შრომა არ თრგუნავს. რომელსაც შეუძლია დროის მენეჯმენტი და რუტინა.
ჰგონიათ, რომ ცხრა შვილის ყოლა გმირობაა. არაა გმირობა.
დასაწყისში მეხმარებოდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დამხმარეები მღლიდნენ და მე თვითონ დავამენჯმენტე ყველაფერი. ამაში თვითონ ბავშვებიც მეხმარებოდნენ. კი, რა თქმა უნდა, მარტივი ცხოვრება არ გამივლია, ამას ახლავს სირთულეები, მაგრამ ეს არც ისეთი რთულია, როგორც წარმოუდგენიათ. ყველაფერი გამოცდილებაა. სულ ამას ვამბობ, ბავშვი რომ იწერას იწყებს, პირველ ასოს სანამ მოხაზავს, ერთ საათს უნდება, მაგრამ მერე ისე ვწერთ…
შრომა ჩემთვის აღარ არის დამღლელი. მივხვდი, რომ დაღლა გონებიდან, თავიდან მოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გგონია, რომ რაღაც ისეთს აკეთებ, რასაც არ უნდა აკეთებდე. მეოთხე შვილზე მივიღე ეს, როგორც ჩემი საქმე. მანამდე სულ მქონდა ის მომენტი, რომ ახლა დისერტაციას რატომ არ ვწერ… მერე მაინც დავწერე. დასაწყისში მაწუხებდა, რომ ჩემს საქმეში ვერ ვიყავი ბოლომდე ჩართული, მაგრამ განვითარება არ შემიწყვეტია, სულ რაღაცას ვწერდი, ვთარგმნიდი, ვკითხულობდი, ტვინი სულ მუშაობდა. 48 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, დოქტურანტურაში ჩამებარებინა. ყველა ისე მიყურებდა, მაგ ასაკში ვიღას სჭირდებიო. 53 წლის ვიყავი, დისერტაცია რომ დავიცავი.
არასდროს სამსახური არ მიძებნია, ყოველთვის იქით მთავაზობდნენ. ცხრა შვილი სამსახურში მინუსად აღიქმება, მაგრამ ჩემთან ასე არ ყოფილა. გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.
არასდროს ვიტყვი, რომ ბავშვი ავად გახდა და ვერ მოვალ.
მე თუ ვერ მოვედი, ესე იგი, მოვკვდი.
———————————————————————
 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights