სარედაქციო სვეტი
ასე შეარქვეს ოზურგეთში მუნიციპალიტეტის მერიაში დაწყებულ რეორგანიზაციას, რომლის საბოლოო მიზანი 8 ადამიანის სახლში გაშვება აღმოჩნდა.
პროექტის ავტორი და საკრებულოზე წარმდგენი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძეა, რომლის მიერ შემუშავებულმა პროექტმა – არათუ სიცხადე შეიტანა იმაში, თუ რის მიხედვით იხელმძღვანელა მერიამ რეორგანიზაციისას , არამედ საზოგადოებაში დამატებით, უამრავი კითხვა გააჩინა ამ რეორგანიზაციის კანონიერების თაობაზე.
როგორ განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები, რამ განაპირობა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურების განახევრების აუცილებლობა , რამ განაპირობა მომარაგების სამსახურის გაფართოება, ამაზე ოფიციალური პასუხები არ არსებობს. სამაგიეროდ მრავლადაა კულუარული ინფორმაციები, რომლებიც, როგორც წესი, მეტწილად, ან სრული სიმართლეა ან სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული.
მოგეხსენებათ, „ჭორებს“ მაშინ ეძლევა გასაქანი, როცა „მავანი“ მიმდინარე პროცესის ან ფაქტის ირგვლივ, ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავს იკავებს და მომხდარს მაქსიმალურად „ჩქმალავს“;
„გურიის მოამბისთვის“ კი სწორედ კულუარებიდან ცნობილი გახდა რომ: რეალურად ეს რეორგანიზაცია კიარა, დიდი ალბათობით – მერიის პირველი პირების საძმაკაცო-სადაქალო-სამეზობლო-სანათესაო-ცოლებისსადაქალო-სატენდერშიკო ე.წ.,, სასტავების“ დასაქმება-დაწინაურების აქციაა დაარანაირი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს:
ერთი სამსახურიდან შტატების (არასასურველი ადამიანების) შემცირების ხარჯზე, სხვა სამსახურში შტატების (სასურველი ადამიანების) მომატება ხდება.ასე მაგალითად, სოციალურ , ინფრასტრუქტურის სამსახურებში თუ აუქმებენ 3-3 შტატს, განათლების განყოფილებაში , შესყიდვებში, მომარაგებაში ამატებენ ამდენივეს. ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით არა ჯამი, არამედ დასაქმებულთა ვინაობები იცვლება ისევდაისევ ,,ქართულ-ჯიგრულ ამბავში“.
ეს არ შეიძლება იყოს რეორგანიზაცია, რომელიც თავისი არსით, წესით,გამჭვირვალე და მიუკერძოებელი უნდა იყოს, აქცენტი კი საშტატო ერთეულებზე უნდა გაკეთდეს. ეს აღმოჩნდა პერსონალიებზე ანგარიშსწორების, ანდაც სხვა პერსონალიების წინწამოწევის ერთჯერადი აქტი.
დღეს მერიის მისამართით ყველაზე ხშირად მოხმარებადი სიტყვებია:
„იმაზე ენა მიუტანეს“
„,ამას ცუდი თვალით უყურებს“
„იმის ადგილი სხვას დაპირდნენ“
„ის იმ ადგილს კარგა ხანია ელოდება“
„ამას მაინც არ დატოვებენ “
„რაღაცა დაუწერია“
„არ ალაიქებდა“
„ოპოზციას უჭერდა მხარს“……და ასე უსასრულოდ.
ამასობაში ყველა ა(ა)იპსა თუ მუნიციპალურ უწყებებში, ხელმძღვანელ პირებად ჩუმად თუ ხმაურით (ამბიციური ინტერვიუების თანხლებით) ინიშნებიან მერიის მაღალი ჩინების ცოლები, ცოლისდები, ძმისშვილები, ძმისშვილის ქმრები ან ცოლები, ბიძაშვილები,ძმაკაცების ცოლები და მათი შვილები.
საკითხავი ამ ამბავში ისაა, სადამდე გასტანს ოზურგეთის სახელისუფლებო ვერტიკალის არათანმიმდევრული, შერჩევითი, პირადულზე დაფუძნებული საკადრო (და არამარტო საკადრო) გვაროვნულ-კლანური პოლიტიკა, გნებავთ, თავნებობა.
ალბათ, კიდევ დიდხანს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს დიდი სანათესაო-სამოყვრო და კიდევ უფრო დიდი მადა აქვთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერიებში მიმდინარე „რეორგანიზაციის“ შემხედვარე – რუსეთის ექსპრემიერ ჩერნომირდინის ფრთიანი ფრაზა გაგახსენდება: „გვინდოდა უკეთესი – გამოვიდა როგორც ყოველთვის“ („ხატელი კაკ ლუჩშე, ა პალუჩილოს კაკ ვსეგდა“)








