მიხეილ სააკაშვილი საჩხერლებს ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი კაპანაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში, ონლაინ ჩაერთო და მხარდამჭერებს მიმართა:
“ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მზადდება ივანიშვილისთვის და საქართველოს მტრებისთვის, არის გიორგის გამარჯვება”– მიმართა ამომრჩევლებს მიხეილ სააკაშვილმა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლება რამდენადაც არ უნდა შეეცადოს ის, არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს.
“როგორი ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ, რა ამბებიც არ უნდა მოგვიმზადონ, როგორი გაყალბებისთვისაც არ უნდა ემზადოს ივანიშვილი, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და თავის დასასრული. ამ დიდ ტყუილს, ილუზიასა, დაცინვას, ჩვენი ამაყი ერის, ამ ყველაფერს მოეღება ბოლო. საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ ადამიანებზე ისაუბრა, ვისაც სიდუხჭირის გამო ქვეყნიდან წასვლა უწევს.
მიმართვისას მან პანდემიაზე და იმ მძიმე ეპიდვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახლა საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ გაფლანგა დრო, ფული და ყველა ის რესურსი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად უნდა გამოეყენებინა.
“მათ ტყუილებს აქვს კონკრეტული ადამიანური ფასი, ყოველდღე პანტა- პუნტით გვეხოცება ხალხი ახალი ვირუსისგან, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადეს მეორე ტალღა და იგივე კაცი, რომელიც თავს ადარებდა მუშკეტერს, დღეს ამბობს, რომ მეორე კი არა, მხოლოდ პირველი ტალღა იწყება.
იმის მაგივრად რომ მომზადებულიყვნენ მთელი ფული, რომელიც მიიღეს, შეჭამეს. მთელი ეს ფული დახარჯა გახარიამ, ივანიშვლის ძმამ ადიკომ, თავის სასტუმროებზე, თავის ნათესავებზე.
თალაკვაძის ძმა დანიშნეს სასწრაფოების უფროსად და იმის მერე სასწრაფო თურმე 4 საათი აღარ მოდის და მერე რა მოხდაო, კიდევ დაგვცინიან. მერე რა მოხდა ხალხი იხოცებაო, ერთ ერთი მუშკეტერი ამბობს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.